ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში დაბუნძურებულმა მდინარე
ჩხერიმელამ მცირეწლოვნები მოწამლა.
სოფელ საღანძილეში მცხოვრები ბექა ყრუაშვილი ირწმუნება, რომ მისი 12
წლის შვილიშვილი მდინარეში ბანაობის შემდეგ მოიწამლა. მოზარდს
მკურნალობა ამ დრომდე უტარდება. მას მაღალი ტემპერატურა და სხეულზე
გამონაყარი აღენიშნებოდა.
"ჩემი შვილიშვილის მსგავსად, მიმდებარე 7 სოფელში, სადაც ჩხერიმელა
მოედინება, მოწამვლის ფაქტები არაერთია," – ამბობს ბექა
ყრუაშვილი.
მსგავს შემთხვევებზე საუბრობს ხარაგაულში მცხოვრები ქეთი ზუმბაძეც.
მისი თქმით, მუნიციპალიტეტში ადამიანების მოწამვლის ფაქტებმა მასიური
სახე მიიღო.
ადგილობრივი მოსახლეობა მდინარის დაბინძურების მიზეზად მდინარე
ჩხერიმელას მარცხენა სანაპიროს მიმდებარედ არსებულ ქვიშა-ხრეშის
გადამამუშავებელ საწარმო "ნიუ სფეისს" მიიჩნევს.
"ყოველდღე ტრაქტორები დგანან მდინარეში, სადაც ჩაედინება უამრავი
მომწავლელი ნივთიერება. არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ კომპანიის მიერ
სარკინიგზო სამუშაოები მთლიანად ამტვერიანებს მუნიციპალიტეტს.
მოვითხოვთ, საწარმოს მუშაობა გადაამოწმოს შესაბამისმა სამსახურმა,
ხარაგაულში გარმო უსაფრთხო და უვნებელი გახდეს, როგორც
მოსახლეობისთვის, ასევე ბუნების გადასარჩენად," – ამბობს ბექა
ყრუაშვილი.
ადგილობრივები ხელისუფლებას გადამჭრელი ზომების მიღებისკენ და დროული
რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შპს "ნიუ სფეისი"
მიმდინარე წლის 22 ივლისს ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების
საფუძველზე შეამოწმა.
უწყებაში აცხადებენ, რომ კომპანია ხარაგაულის ადგილობრივ
თვითმმართველობასთან შეთანხმებული სამშენებლო პროექტის საფუძველზე
ფუნქციონირებს.
თუმცა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით,
"ნიუ სფეისის" ტერიტორიაზე მოწყობილი არ არის საწარმოო ჩამდინარე
წყლების გამწმენდი ნაგებობა და სალექარიდან ამოღებული შლამის
ბაქანი.
"საწარმოში წარმოქმნილი ჩამდინარე წყლის 3 თანაბარი ნიმუშის
ლაბორატორიული დამუშავების შედეგად მიღებული დასკვნით, კომპანიას
დარღვეული აქვს გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი
ნორმები და მდინარე ჩხერიმელას დაბინძურებას ახდენს შეწონილი
ნივთიერებებით," – აღნიშნავენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტში.
როგორც უწყებაში აცხადებენ, შპს "ნიუს სფეისის"-გან წარმომადგენლის
გამოყოფას ელოდებიან, რათა შესაბამისი ადმინისტრაციული ღონისძიების
გატარებასთან ერთად, ზედაპირული წყლის ობიექტის დაბინძურებით
გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშება მოხდეს.
მასალის გამოყენების პირობები