ქუთაისში მცხოვრები ნანი ვარდანიძე 6 წელია ყოველ სამუშაო დღეს შშმ
პირთა ცენტრ "ვალენტინს" აკითხავს.
ცენტრის ბენეფიციარმა სწორედ აქ ისწავლა ხატვა და ბისერებით
დეკორატიული ყვავილების გაფორმება. ახლა "ვალენტინის" დახურვა
აშინებს, რომელიც მისთვის საზოგადოებაში ინტეგრირების ერთ-ერთი
საუკეთესო გზა არის.
"შაბათ-კვირას სევდიანი ვარ, რადგან ცენტრი არ მუშაობს. თუ აქ ვერ
მოვალ, გული ძალიან დამწყდება, რადგან მომიწევს ვიყო სულ სახლში და
ბისერებზე მუშაობასაც ვეღარ შევძლებ" - ამბობს შშმ პირთა დღის ცენტრ
"ვალენტინის" ერთ-ერთი ბენეფიციარი ნატო კუპატაძე.
მიზეზი, რის გამოც ცენტრის დახურვა აშინებთ, არასაკმარისი
ფინანსებია.
ქუთაისში ხახანაშვილის ქ.#14-ში მდებარე შეზღუდული შესაძლებლობების
მქონე პირთა დღის ცენტრი "ვალენტინი" ფართის საიჯარო თანხის გადახდას
ვერ ახერხებს, რომელიც ყოველთვიურად 420 ლარს შეადგენს.
"ამ ეტაპზე ჩვენი ერთადერთი გასაჭირი ფართის ქირაა. ხშირად გვეხმარება
სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორი, მაგრამ ისიც მესმის, რომ ეს ვერ
მოხდება ყოველ თვეში" - აცხადებს ააიპ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთა დღის ცენტრ "ვალენტინის" დამფუძნებელი - ვალენტინა
მახათაძე.
დღის ცენტრის თანადამფუძნებელი თამაზ ბეროძე, რომელიც "ვალენტინში"
მათემატიკის და ფსიქოლოგიის გაკვეთილებსაც ატარებს, ამბობს, რომ
მსგავსი დატვირთვის ცენტრის არსებობა შშმ პირებისთვის სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანია.
"აუცილებელია ისინი არ რჩებოდნენ სახლში და არ იკეტებოდნენ ოთხ
კედელში. შეეძლოთ ხატვა, ქარგვა და მსგავსი საქმეების გაკეთება," -
ამბობს თამაზ ბეროძე.
შშმ პირთა დღის ცენტრი "ვალენტინი" შაბათ-კვირის გარდა ყოველდღე,
10-დან 16 საათამდე მუშაობს. მათთვის შედგენილია დღის გეგმა, კვების
რეჟიმი.
"ვალენტინში" ბენეფიციარები სწავლობენ ქარგვას, ქსოვას, ბისერებზე და
დეკორატიულ ნივთებზე მუშაობას. დასრულებულ ნივთები კი წელიწადში
ერთხელ გამოფენაზე გასაყიდად გააქვთ.
"დაუშვებელია მათ წაართვა ასეთი შესაძლებლობა და დატოვო სახლში" -
ამბობს "ვალენტინის" თანადამფუძნებელი თამაზ ბეროძე.
შშმ პირთა დღის ცენტრი ქუთაისში 2010 წელს გაიხსნა. თავიდან ის ნიკეას
პირველი შესახვევის #8-ში ფუნქციონირებდა. ცენტრის ხელმღვანელის
თქმით, გარკვეული პრობლემების გამო, მათ შენობის დატოვება და მცირე
პაუზის აღება მოუხდათ.
"მას შემდეგ, ახალი ფართის ძიების პერიოდში, ჩვენი ბენებიციარები
სხვადასხვა დღის ცენტრში გადანაწილდნენ. მე კი გადავწყვიტე
ჩამომეყალიბებინა ახალი ცენტრი, რომელიც 2015 წელს ააიპ-ად
დავარეგისტრირე და სახელად "ვალენტინი" დავარქვი. ცენტრმა იგივე
საქმიანობა გაგრძელა და ბენეფიციარებიც დაიბრუნა, თუმცა არასრული
შემადგენლობით" - აცხადებს ვალენტინა მახათაძე.
"ვალენტინის" ბენეფიციართა რაოდენობა ამ დროისთვის მხოლოდ 8-ს
შეადენს, მაშინ როდესაც ცენტრის დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან
სწორედ ბენეფიციართა რაოდენობით განისაზღვრება. მათი მცირე რიცხვის
გამო კი გამოყოფილი ფინანსები საკმარისი არ არის ცენტრის სრული
ფინანსური უზრუნველყოფისათვის.
შშმ პირთა დღის ცენტრი" ვალენტინი" საქართველოს შრომის ჯანმრთელობის
და სოციალური დაცვის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება და ვაუჩერული
სისტემით ფინანსდება. ერთ ბენეფიციარზე სამინისტროს მიერ თვეში 230
ლარია გამოყოფილი, რაც დღეში 11.5 ლარს შეადგენს. ამ თანხიდან დღის
ცენტრი ფარავს ბენეფიციართა ტრანსპორტირების (დღეში 0.80 ლარი) და
კვების ხარჯებს (დღეში 3 ლარი ორჯერადი კვებისთვის). დანარჩენი თანხა
კი პედაგოგების ხელფასებს და კომუნალურ ხარჯებს ხმარდება, რის გამოც
ოფისის ქირისთვის ფინანსები აღარ ყოფნით.
ვალენტინის რვავე ბენეფიციარი სოციალურად დაუცველთა სიაშია, რაც იმას
ნიშნავს რომ დღის ცენტრში მათ ყოფნას სახელმწიფო 100%-ით (230 ლარი)
აფინანსებს. იმ შემთხვევაში, თუკი დღის ცენტრის წევრი არ არის
სოციალურად დაუცველი, სახელმწიფო დაფინანსება 75%-ს შეადგენს,
დანარჩენი 25%-ის გადახდა კი ბენეფიციარის ოჯახს უწევს.
დღის ცენტრში წევრთა რაოდენობა ფართის მიხედვით განისაზღვრება. ერთ
ბენეფიციარზე გამოყოფილი უნდა იყოს 6 კვ. მეტრი. ვალენტინა
მახათაძის თქმის, რადგან დღის ცენტრის ფართი ამ დროისთვის 96 კვ.მ-ს
შეადგენს, მას შეუძლია ყოველდღიურად 15 ბენეფიციარს უმასპინძლოს.
"15 ბენეფიციარი იმას ნიშნავს, რომ სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხა
სრულად მოაგვარებს ჩვენს ერთადერთ პრობლემას და შევძლებთ გადავიხადოთ
ფართის საიჯარო თანხა. მე საკუთარი ძალებით ვცდილობ გავზარდო წევრთა
რაოდენობა და ვუთხრა მათ ჩვენ შესახებ" - აცხადებს ვალენტინა
მახათაძე.
ამ დროისთვის ცენტრის წევრთა ასაკი 25-70 წლამდეა. "ვალენტინის"
ხელმძვანელის თქმით, ბენეფიციართა ასაკი და სქესი შეზღუდული არ
არის.
"ვალენტინში" ქსოვასთან, ქარგვასთან და ბისერებით მუშაობასთან ერთად
ახალი ხელსაქმის შემსწავლელი გაკვეთილების ჩატარებაც იგეგმება,
რომელიც ცენტრის წევრებს საშუალებას მისცემს მეტად გამოავლინოს
საკუთარი ფანტაზია და შესაძლებლობები.
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა
მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები