ქუთაისში, "გუბერსკის ციხის"ყოფილი შენობის დანგრევა და მის ადგილზე
მრავალფუნქციური კორპუსის მშენებლობა იგეგმება.
ქუთაისის საგუბერნიო საპყრობილე იგივე "გუბერსკის ციხე"
მნიშვნელოვანია, პირველ რიგში იმით, რომ არის ძველი ქალაქური
განაშენიანების ერთ-ერთი ნიმუში, რომელიც 19 საუკუნეს არის
აშენებული.
ციხეს უკავშირდება მეფის რუსეთის დროინდელ მოვლენები, რომლებიც
შემორჩენილია ლიტერატურაშიც და პოეზიაშიც.
ციხის ყოფილ შენობას განსაკუთრებულ ინტერესს სძებს ის ფაქტიც, რომ იქ
სასჯელს 1903 წელს იოსებ სტალინიც იხდიდა.
ისტორიკოსების ცნობით, ქუთაისის ციხეში სასჯელს, ძირითადად, დიდი
აჯანყების მოთავენი იხდიდნენ. ასევე, ფირალები, ყაჩაღები,
რევოლუციონერი და კრიმინალური ავტორიტეტებიც.
ყოფილი ციხის კედლებზე დღემდე შემორჩენილია პატიმრების მიერ
შესრულებული ნახატები და პატარა ოთახი, რომელსაც სამლოცველო
დანიშნულება ჰქონდა. იქ ღვთისმსახურება ყოველ კვირას
აღევლინებოდა.
ისტორიკოსები თვლიან, რომ მნიშვნელოვანია ასეთი ისტორიულად
მნიშვნელოვანი ძეგლის შენარჩუნება.
"პირველ რიგში, რომ შენარჩუნდეს ძეგლი და მას მიეცეს თანამედროვე
დატვირთვა. გადაიქცეს ან სახელოვნებო სივრცედ ან კერძო სივრცედ, იმ
პირობით, რომ მისი ავთენტურობა შენარჩუნებული იქნება. იგი ძალიან
მნიშვნელოვან კულტურულ-ისტორიულ ადგილად შეიძლება გადაიქცეს ქუთაისში,
რომელსაც ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს ამ მხრივ. ასევე,
მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ციხის ყოფილი შენობა ქალაქური
განაშენიანების ერთ-ერთი ნიმუშია.
გუბერკის ციხე არის მე -19 საუკუნის ნაგებობა, რომელსაც დაცვა და
გაფრთხილება სჭირდება. არა თუ დანგრევას და დემონტაჟს უნდა
დაექვემდებაროს, არამედ პირიქით, სახელმწიფო უნდა იცავდეს მას როგორც
კულტურულ მემკვიდრეობას", - განმარტავს ისტორიკოსი დავით
ხვადაგიანი.
თავდაპირველად ობიექტი სხვა დანიშნულების იყო. თუ როდის გახდა
სასჯელაღსრულების დაწესებულება, ზუსტი თარიღი უცნობია. ცნობილია,
მხოლოდ ის, რომ შენობაში ციხემ ფუნქციონირება მე–20 საუკუნიდან
დაიწყო.
"გუბერნსკის ციხის'' საპყრობილე 650 მსჯავრდებულზე იყო გათვლილი.
ციხემ ფუნქციონირება 2005 წელს შეწყვიტა. მაშინ როცა, ავტოქარხნის
დასახლებაში N2 სასჯელაღსრულების დაწესებულება აშენდა.
"გუბერსკის ციხის"შენობა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე
იყო, ქონების ეროვნულმა სააგენტომ გასაყიდად აუქციონზე 2019 წელს
გაიტანა. საწყისი ფასი 3 490 000 ლარი იყო, თუმცა, მაშინ მისი შეძენით
არავინ დაინტერესებულა. რამდენიმე წლის შემდეგ, 2021 წლის მაისში
ობიექტი ისევ აუქციონზე გაიტანეს. ისტორიული შენობა ქუთაისელმა
ბიზნესმენმა, დავით კოსტავამ შეიძინა. ბიზნესმენმა 9 196 კვ.მ ფართზე
განთავსებულ შენობაში 1 750 000 ლარი გადაიხადა.
მასალის გამოყენების პირობები