ვიდეო
მუშაობა ბიბლიოთეკის ნგრევად შენობაში - ათი წელი რეკონსტრუქციის მოლოდინში
FaceBook

ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის ავარიული შენობის რეკონსტრუქციის ბედი, რომელიც ჯერ კიდევ 10 წლის წინ დაანონსდა, ახლაც გაურკვეველია.


შენობა დღითიდღე ინგრევა და იმდენად ავარიულია, რომ მკითხველებისთვის და თანამშრომლებისთვის გადაადგილება უკვე საფრთხის შემცველიც გახდა.

იამზე ბარდაველიძე 34 წელია ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის ქართველოლოგიის განყოფილების თანამშრომელია. გული წყდება, რომ ამ ხნის განმავლობაში ბიბლიოთეკას რეაბილიტაცია ერთხელაც არ ჩატარებია.

"არავინ დაგვეხმარა, ამ დრომდე არავინ დაინტერსებულა შენობის ბედით. მკითხველები რომ შემოდიან და მეტყვიან, მე რიგით თანამშრომელს არ გეკადრებათ ასეთი მდგომარეობაო, ჩემს თავზე ვღებულობ და მრცხვენია", - აღნიშნავს ის.

ბიბლიოთეკარი იმ ისტორიებზე გვიყვება, როცა მისი თანამშრომლები ჭერიდან ჩამოცვენილ ბათქაშებს, შემთხვევით, არაერთხელ გადაურჩნენ.

"მოსაცმელს იხდიდა და ვიდრე საკიდზე დაკიდებდა და მოტრიალდებოდა, უცებ ბათქაში ჩამოვარდა, ბეწვზე გადარჩა. დამლაგებელიც გადაურჩა სასწაულებრივად უბედურებას", - ამბობს იამზე ბარდაველიძე.

ანალოგიურად, ჭერდიდან ჩამოვარდნილ ბათქაშს შემთხვევით გადაურჩა რელიგიის განყოფილების თანამშრომელიც, რომელიც ამბობს, რომ ვიდრე ოთახში შევიდოდა მანამდე ბათქაშები ჩამოცვივდა.

"კიდევ კარგი იმ მომენტში არ ვიყავი ოთახში, ერთ-ერთი თანამშრომლის სამუშაო მაგიდაზე დაცვივდა. კიდევ კარგი ისიც არ იყო იმ მომენტში ადგილზე", - ამბობს ხათუნა ხვადაგიანი.


შენობის შიგნით და გარეთ განადგურებული ინფრასტრუქტურის გარდა, ბიბლიოთეკარები იმაზეც წუხან, რომ წიგნების საცავი და ზოგადად, თაროები არ არის მორგებულები წიგნების ზომაზე და ფორმაზე.

"ყველა წიგნს თავისი ფორმატი აქვს. შესაბამისად, ყველა წიგნებს თავისი ზომის თარო უნდა ქონდეს. ახალი წიგნები რომ მოგვდეს, თაროზე არ ეტევა და ჩაკეცილია, ეს არაფრით არ შეიძლება", - გვიხსნის იამზე.

ისევე, როგორც წინა წლებში, შენობის რეაბილიტაციისათვის თანხა არც მიმდინარე წლის ბიუჯეტში არის გათვალისწინებული. საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი ამბობს, რომ პროექტი არსებობს და შენობას კაპიტალური რემონტი უნდა ჩაუტარდეს. თუმცა, არ იცის როდის ან რა ღირებულების სამუშაოები უნდა ჩატარდეს.

გია ქობლიანი ამბობს, რომ შენობის რეკონსტრუქცია ქალაქის ცენტრალური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებაზეა დამოკიდებული, რადგან ორივე სამუშაოზე პასუხისმგებლობას, ადგილობრივი თვითმმართველობის ნაცვლად, მუნიციპალური განვითარების ფონდი იღებს.

"კულუარული ინფორმაცია მაქვს, რომლის არც უარყოფა შემიძლია და არც დადასტურება, სამაისოდ უნდა ჩაბარდეს ბაღი (ქალაქის ცენტრალური ბულვარი) და დაიწყება ბაღის ჩაბარებისთანავე ბიბლიოთეკის რეაბილიტაციაც",- განმარტავს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი.

მისი ინფორმაციით, შენობას მდგრადობაზე ორი წლის წინ ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომლის მიხედვით, დასაშვებად გამოცხადდა ობიექტის კაპიტალური რემონტი.

"ძირითადი კედლების შესახებ ჩატარდა ექსპერტიზა, ჩამოყვანილი იყო აქ ექსპერტი, რომელმაც დაადგინა, რომ კედლები ძლიერია, ბალავერი ძლიერია და ამის რეაბილიტაცია სრულიად შესაძლებელია. პროექტი გაკეთებულია, საკმაოდ კარგი პროექტია და გვეუბნებიან, რომ გავლილია ყველა კომისია”, - ამბობს გია ქობლიანი.

ქუთაისის ი. ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. 

შენობისთვის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას ქუთაისის მერია 2015 წლის გაზაფხულიდან გეგმავდა, რისთვისაც მსოფლიო ბანკისგან სესხის სახით 1 821 790 ლარის მიღება დაანონსდა, თუმცა, მოგვიანებით ადგილობრივ თვითმმართველობაში განაცხადეს, რომ რეკონსტრუქციის საკითხი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე შეჩერდა. სამხარაულის ბიუროს 2016 წლის 9 მარტით დათარიღებულ დასკვნაში წერია, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ავარიულ მდგომარეობაშია და ის რეკონსტრუქციას არ ექვემდებარება. განიხილებოდა ბიბლიოთეკის სხვა შენობაში გადატანის საკითხიც.

ამის შემდეგ, "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა 2022 წლის 2 აპრილს გაახსენდა. მაშინ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე აცხადებდა, რომ შენობას სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდებოდა.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის ცენტრალური ბულვარისა და მიმდებარე შენობების რეაბილიტაცია მუნიციპალურმა განვითარების ფონდმა 2022 წელს დაანონსა. მაშინ 18 მილიონამდე ღირებულების ტენდერიც გამოცხადდა, სადაც შპს "დაგმა" მოიგო. შესაბამისად, როგორც იკვევა, რეაბილიტაციას საჯარო ბიბლიოთეკასაც შპს „დაგი“ შეასრულებს. ეს ის კომპანიაა, რომელსაც ბულვარის კეთილმოწყობითი სამუშაოები ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა დაესრულებინა, რეალურად კი, ბაღში სამუშაოები ახლაც გრძელდება.

ქალაქის ცენტრში საჯარო ბიბლიოთეკის შენობა თითქმის ორი საუკუნეა დგას. მისი აშენების თარიღად მე–19 საუკუნის 30–იან წლები სახელდება. შენობას გასული საუკუნის 70–იან წლებში საცავის კორპუსი მიაშენეს. ახლა მისი საერთო ფართი 2000 კვ. მ.–ს შეადგენს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის ცენტრალური ბაღის
რეაბილიტაციას, ისევე, როგორც სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს
ქალაქში, დაპირებიდან მის შესრულებამდე, ხანგრძლივი მოლოდინის ისტორია
აქვს.
13:34 / 23.01.2025
ქუთაისის ცენტრალური ბაღის რეაბილიტაციას, ისევე, როგორც სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქალაქში, დაპირებიდან მის შესრულებამდე, ხანგრძლივი მოლოდინის ისტორია აქვს.
საქმიანობაში ხელშეშლა, დაშინება, გაჩუმების მცდელობა, სიტყვიერი
შეურაცხყოფა, დარბევა, ფიზიკური ძალადობა და ახლა უკვე დაპატიმრებაც -
ასე უსწორდება
12:55 / 23.01.2025

საქმიანობაში ხელშეშლა, დაშინება, გაჩუმების მცდელობა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, დარბევა, ფიზიკური ძალადობა და ახლა უკვე დაპატიმრებაც - ასე უსწორდება "ქართული ოცნების" ხელისუფლება კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.