ვიდეო
"მუქარა შეასრულეს"- "საქნახშირი" ათობით მეშახტეს, ახალი წლიდან, სამსახურის გარეშე ტოვებს
FaceBook
„დაიწყო რეპრესიები, გავიღვიძეთ შუა ბოლშევიზმში“,- ასე აფასებენ მეშახტეები შპს „საქნახშირის“ მიერ სამსახურიდან მათ გათავისუფლებას.

კომპანია 40-მდე მეშახტეს, ახალი წლიდან, სამსახურის გარეშე ტოვებს, როგორც შახტაში დასაქმებულები ამბობენ, მათი პოლიტიკური პოზიციების გამო.

მაგალითად, გიორგი აბულაძე, არჩევნებამდე, „კოალიცია ცვლილებისათვის“ წარმომადგენელი იყო. როგორც გვიყვება, შპს „საქნახშირის“ ადმინისტრაციის ზოგიერთ წევრთან არაერთხელ იყო დაბარებული და ემუქრებოდნენ.

„გამომიგზავნეს პიროვნებები. იყო დაშინება, შენს თავს თუ არ უფრთხილდები, შენს ძმას და რძალს მაინც გაუფრთხილდიო, ისინიც ამ კომპანიაში იყვნენ დასაქმებული“,- ამბობს გიორგი, რომელიც შახტაში მომხდარი აფეთქების გამო, 6 წლის წინ, სერიოზულად დაშავდა.

მისივე განმარტებით, კომპანიამ მუქარა შეასრულა. ოჯახში ახლა აღარავინ მუშაობს - "საქნახშირმა" ოჯახის სამივე წევრი გაათავისუფლა. 

პოლიტიკურ განწყობებს უკავშირებს სამსახურიდან გათავისუფლებას მეშახტე ხვიჩა გაბუნიაც. ის ამაში „საქნახშირის“ მთავარ ინჟინერს გიორგი ბაბუხარდიას ადანაშაულებს, რომელიც, ამავე დროს, ტყიბულის საკრებულოს წევრია „ქართული ოცნებიდან“.
ხვიჩა გაბუნია გვიყვება, რომ სწორედ ბაბუხარდია აშანტაჟებს მეშახტეებს და ათავისუფლებს სამსახურიდან.

„ეს ყველაფერი ხდება პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე. ბევრი პოსტი მქონდა დაწერილი და გამოქვეყნებული, რომ ჩვენი გზა მეშახტეებო არის ევროპისკენ, ცივილიზაციისკენ, წისნვლისკენ-მეთქი. რამდენჯერმე დამიბარეს კაბინეტში, მსგავსი რაღაცების დაწერას თავი დაანებე, თუ არა შურს ვიძიებთო,"- ამბობს ხვიჩა გაბუნია.




აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს "საქნახშირის" მთავარი ინჟინერი გიორგი ბაბუხარდია. ის მეშახტეებისგან მტკიცებულებების წარდგენას ითხოვს.

"წარმოადგინონ მტკიცებულებები ვინ დავიბარე, დამტკიცება უნდა ყველაფერს. არავინ არ დამიბარებია. არანაირი კავშირი არა მაქვს მათ პიროვნებებთან. არავინ პოლიტიკური ნიშნით არ თავისუფლდება",- ამბობს გიორგი ბაბუხარდია.

რაც შეეხება "საქნახშირის" პოზიციას, კომპანიამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ რეორგანიზაციისა და კადრების ოპტიმიზაციის პროცესი 3 თვის წინ დაიწყო და 1 იანვარს დასრულდება.

მათივე ინფორმაციით, რეორგანიზაციის შედეგად, 38 სამუშაო ადგილი შემცირდა, თუმცა, თითოეულ მათგანს კომპანია 3-4 თვიან გადამზადებას სთავაზობს.

"პარალელურად, მიიღებენ სრულ ხელფასს, ისარგებლებენ დაზღვევით, კვების მომსახურებით. გადამზადების შემდეგ, ჩააბარებენ გამოცდას და შესთავაზებენ ახალი კონტრაქტს. ყველა, ვინც გაივლის გადამზადებას, დასაქმებული იქნება საქნახშირში.
24 დეკემბრის 15:00 საათის მდგომარეობით, 38 შემცირებული ადგილიდან 20 ადამიანმა ხელი მოაწერა გადამზადების კონტრაქტს. დანარჩენ 18 ადამიანს საშუალება ეძლევა, ჩაერთოს გადამზადების პროგრამაში 1 იანვრამდე",- აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში. 

"საქნახშირი" ნახშირის ერთადერთი მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში. ის ქვანახშირის მოპოვებას ტყიბულის საბადოდან აწარმოებს.





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
10:12 / 18.12.2024
"მინდა რომ სოფელი გაძლიერდეს და ამაში ჩემი წვლილიც შევიტანო", - ამბობს მარიტა გოტიაშვილი, რომელიც ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძმუისის სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლის.
14:52 / 17.12.2024

"სოფელში ჯერ კიდევ შემორჩენილ ხალხს წყალიც კი არ გვაქვს", - ამბობს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გურნაში მცხოვრები 67 წლის ჯუმბერ ხერხაძე, რომლის თქმით, სოფლის მკვიდრებს სასმელი წყლის პრობლემა წლებია აწუხებთ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.