ვიდეო
ბრძოლა თავის დამკვიდრებისთვის - ქალები რთულ ყოფით და ციფრულ გარემოში
FaceBook
ფემინისტური მოძრაობის მომძლავრების, ქალთა გააქტიურების, თუ ძალადობის დამცავი მექანიზმების არსებობის მიუხედავად, ქალებს მაინც უწევთ თავის დამკვიდრებისთვის ბრძოლა. 

ქალთა მიმართ ძალადობა დღეს მაინც მწვავე პრობლემად რჩება, არა მხოლოდ ყოფით, რეალურ გარემოში, არამედ ციფრულ სამყაროშიც.

ბიოლოგიური სქესი რომ ქალისთვის უამრავ ბარიერს ქმნის, ნატალი პატარიძემ ეს ცხოვრების თითქმის ყველა ეტაპზე გამოსცადა - დაწყებული ნაადრევი ქორწინებიდან, დამთავრებული კარიერულ წინსვლამდე.

წინააღმდეგობას წააწყდა მაშინ, როცა ჯერ კიდევ არასრულწლოვანი დაოჯახდა და ორი შვილი შეეძინა. ამის ფონზე კი მისი მისწრაფება, რომ სწავლის გაგრძელება და კარიერული ზრდა სურდა, ზედმეტად ხმამაღალ განაცხადად ჩაუთვალეს. ბარიერს გადააწყდა მაშინაც, როცა გააცნობიერა, რომ მეუღლესთან განქორწინების საკითხში მშობლები მის მხარდაჭერას არ აპირებდნენ. თუმცა, ხმის ჩახშობის მცდელობის, სურვილების უგულებელყოფისა თუ მუდმივი კონტროლის მიუხედავად, მართალია 5 წლის შემდეგ, მაგრამ ქმრის ოჯახიდან მაინც წამოვიდა. ერთდროულად დაიწყო სწავლაც და მუშაობაც.

"საზოგადოების დაკვეთაა ის, რომ ქალი იყოს კარგი დიასახლისი, კარგი დედა და შემდეგ კარგი პროფესიონალი. უმეტეს შემთხვევაში, ოჯახურ სცენებში პრიორიტეტული, რა თქმა უნდა, არის საუკეთესო ცოლობისა და დედობის პროფესიებად ქცევა და მეორეხარისხოვანი ხდება ქალის შესაძლებლობების გამოვლენა საზოგადოებაში. ალბათ, ეს თითოეულ ჩვენგანს პირდაპირ თუ ირიბად გამოგვიცდია",- გვიყვება ნატალი.

მას გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის გამოცდა სამსახურშიც მოუწია, სადაც ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობდა. ამბობს, რომ სწორედ ამიტომ, კაცი მმართველისგან განსხვავებით, მუდმივ რეჟიმში უწევდა რაღაცის მტკიცება, თუნდაც იმის, რომ სამართლიანად იყო პრინციპული.

ნატალი ფიქრობს, რომ სწორედ ქალი ხელმძღვანელის ყოლის მიზეზით, რომლის მითითებებიც უნდა შეესრულებინათ, რამდენიმე თანამშრომელმა (კაცმა) სამსახური მალევე დატოვა.

"იმის გამო, რომ ქალი ვიყავი, გარკვეული ბარიერები გადავლახე, დამჭირდა ბრძოლა, თუმცა, საბოლოოდ, ეს არის გზა, რომელიც, ვფიქრობ, ყველა ქალმა უნდა აირჩიოს, იმისთვის რომ იყოს საკუთარი თავი",- აღნიშნავს ნატალი პატარიძე, რომლის თქმით, ამ გზაგამოვლილი, ახლა სხვა ქალებს აძლიერებს.

ნატალი, წლების განმავლობაში, ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრს ხელმძღვანელობდა, სადაც, ძირითადად, ქალები დაასაქმა.

ნატალი პატარიძის თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ ცენტრის პოლიტიკა თანასწორობის პრინციპებს ეფუძნება, რომლის იდეის პოპულარიზაციისთვის, ცენტრმა, გამოფენები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ქვეყნის საზღვრებს გარეთაც მოაწყო. ამჟამად, ნატალი ქუთაისის მულტიფუნქციურ ცენტრს ხელმძღვანელობს.

"ჩემი პრიორიტეტი საქმიანობაში არის გოგონების, ქალების გაძლიერება, ამიტომ, ყოველთვის მეტ პლატფორმას ვაძლევთ ქალებს იმისთვის, რომ გაძლიერდნენ, პროფესიულად გადამზადნენ, დასაქმდნენ და შეძლონ საკუთარი ეკონომიკური შემოსავლების გაზრდა, იმისთვის, რომ იყვნენ თავისუფალი, ეკუთვნოდნენ საკუთარ თავს, არ მოექცნენ ადვილად მანიპულაციის და ეკონომიკური ძალადობის ქვეშ, რადგან ეს განაპირობებს შემდეგ ფიზიკურ ძალადობას",- ამბობს ნატალი.



ქალთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობა იქნება ეს, ეკონომიკური, ფსიქოლოგიური, ემოციური, ფიზიკური თუ სექსუალური, მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, ადამიანის უფლებების ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ დარღვევად რჩება.

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქსტატის მიერ 2022 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში, ყოველ მე-2 ქალს, ცხოვრების განმავლობაში, ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია. მეტიც, ქალები ხშირად აწყდებიან სოციალურ სტიგმატიზაციას, როდესაც მათვე აკისრებენ პასუხისმგებლობას და ადანაშაულებენ იმ ძალადობაში, რომელიც მათ მიმართ განხორციელდა.

გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციისათვის დახარჯული დიდი რესურსისა და დროის მიუხედავად, დღეს, მაინც გვესმის ფრაზები: "ქალმა ყველაფერი უნდა აიტანოს", "ქალზე დგას ოჯახის სიძლიერე","ქალმა საკუთარი პირადი ოჯახს უნდა შესწიროს", "განქორწინება ქალისთვის სირცხვილია" და ა.შ. ამდენად, ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლა მის გამომწვევ მიზეზებთან ბრძოლას ნიშნავს. 

ქალებზე ძალადობის ხელშემწყობი ფაქტორები - რატომ ხდებიან ქალები გენდერული ძალადობის მსხვერპლი?

ემა კამკია, ქალთა ფონდ "სოხუმის" წარმომადგენელია. იმ ორგანიზაციის, რომელიც უკვე 23 წელია, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების, ოჯახში ძალადობის მიმართ ტოლერანტობის დამკვიდრებისა და ძალადობის მსხვერპლთათვის შესაბამისი მხარდაჭერის სერვისების განვითარების ხელშეწყობის გზით, აქტიურად მუშაობს. 

ემა კამკიას თქმით, ბევრი მიზეზია იმისა, რომ ქვეყანაში, ქალთა მიმართ ძალადობრივი ფონი იზრდება. ნებისმიერი ფორმის ძალადობა კი ქალის ფსიქიკაზე, მის ორგანიზმზე, ჯანმრთელობაზე, მის ირგვლივ სოციალურ გარემოზე, თუნდაც ბავშვებთან ურთიერთობაზე, ნეგატიურად აისახება. 

"ქალებზე ძალადობას სხვადასხვა ფაქტორი უწყობს ხელს. ერთ-ერთი, რომელზეც საუბრობენ, არის ის, რომ ქალს ნაკლებად აქვს ინფორმაცია თავის უფლებებზე და ნაკლებად არის  ეკონომიკურად ძლიერი, რადგან უჭირს მის გრაფიკზე მორგებული სამსახურის შოვნა. როცა ის ფინანსურად დამოკიდებულია ადამიანზე, ვისაც აქვს მიდრეკილება აგრესიისკენ, აღმატებული როლისკენ ოჯახში, მოძალადე ამით სარგებლობს. 

პრობლემაა ისიც, რომ ქვეყანაში არ არის საკმარისი სერვისები, არ არის ხელშემწყობი გარემო ქალისთვის, რომ მან შეძლოს რეალიზაცია ოჯახს გარეთ. როცა ქალს ჰყავს პატარა ბავშვი, შშმ პირი, ან მოსავლელი ხანდაზმული, სახელმწიფო უნდა ცდილობდეს, შეუქმნას ისეთი პირობები, რომ თუნდაც სახლიდან გაუსვლელად შეძლოს რაღაც ეკონომიკური საქმიანობის წარმოება. მართალია ბევრი მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში ქალთა გაძლიერებების პროგრამები უკვე დევს, მაგრამ ეს არის ზღვაში წვეთი",- ამბობს ემა კამკია. 

მისივე თქმით, ხშირად ხდება ეკლესიის და მართლმადიდებლობის სახელით აგრესიის შეფუთვა და ქალის როლის დაკნინება. სინამდვილეში კი, ქრისტიანული სწავლებების მიხედვით, საოჯახო როლები ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული, რისი ინტერპრეტაციაც არასწორად ხდება. 

"გარემო, რომელიც უნდა იყოს კეთილგანწყობილი ქალისთვის, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში შეიცვალა, იმ კუთხით, რომ რეგრესი წავიდა ქალთა როლის მიმართებით, თუნდაც თანასწორობის საკითხთან მიმართებით, რომ ყველას დამსახურებისამებრ უნდა მიეგოს. ზოგადად, როცა ქვეყანაში ძალადობა წახალისებულია და დაუსჯელობის სინდრომი, ორმაგი სტანდარტები მომძლავრებულია, ეს საერთო ფონი, კლიმატი, რომელიც უნდა იყოს ჯანსაღი, შეურიგებელი ძალადობის, აგრესიის მიმართ, ესეც ნეგატიურად აისახება ქალზე",- ამბობს ემა კამკია. 

რა უნდა გაკეთდეს ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების შესამცირებლად/აღმოსაფხვრელად?

ქალთა ფონდ „სოხუმის“ წარმომადგენელი ემა კამკია ამბობს, რომ ქვეყანაში გვაქვს თავშესაფრებიც, სოციალური მუშაკების ინსტიტუტიც, ასევე, ქმედითი ნაბიჯებია გადადგმული იმისთვის რომ ქალი კანონით იყოს დაცული, თუმცა, სახელმწიფოს აკლია პროგრამები, რომელიც, თუნდაც, ძალადობაგამოვლილ ქალს დაიცავს.

როგორც ის აღნიშნავს, არ არის სოციალური პარტნიორობის სისტემა იმდენად დახვეწილი, რომ ძალადობაგამოვლილმა ადამიანებმა შეძლონ ფეხზე დადგომა და ცხოვრების დამოუკიდებლად გაგრძელება.

„მაგალითად, ქალი შეიძლება მოხვდა თავშესაფარში, მაგრამ აქედან გამოსვლის შემდეგ ან ისევ ძალადობრივ გარემოში უწევს დაბრუნება, ან უწევს მძიმე ჭიდილი ყოველდღიურობასთან. უნდა იქირაოს ბინა, რომელიც ზოგჯერ არასაკმარისად ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან და თუ სხვა ქალაქში, სხვა მუნიციპალიტეტში გადაწყვეტს წასვლას, იქ მეტ სირთულეს ხვდება, რადგანაც მას მხოლოდ ადგილზე უფინანსებს მუნიციპალიტეტი. ამ კუთხით ინტერმუნიციპალური თანამშრომლობა არ არის.

ანუ, სახელმწიფო იმ სეგმენტისთვის, რომელიც შეიძლება ყველაზე მეტად საჭიროებდეს დახმარებას: ფსიქოლოგიურს, ეკონომიკურს, სოციალურ თანადგომას, დანაშაულებრივად აგვიანებს პროგრამების და სოციალური ინსტიტუტების ერთიანობის შექმნას, რომლებიც ქალის გვერდით უნდა იყოს, რომ დააკვალიანოს, კონსულტაცია გაუწიოს, განათლება მისცეს, სხვა პროფესიის შეძენაში დაეხმაროს და სხვა. ყველაფერი რაც არის, არის ძალიან ფრაგმენტულად და არ არის თავმოყრილი რაღაც ერთ სოციალურ სისტემაში“,- ამბობს ემა კამკია.

გენდერული დეზინფორმაცია - როგორც დისკრიმინაციისა და გენდერული ძალადობის ერთ-ერთი ფორმა

გენ­დე­რუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცია, დღეს, განსაკუთრებით, პო­ლი­ტი­კუ­რად ან სო­ცი­ა­ლურად აქ­ტი­უ­რი ქა­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის ერთ-ერთ ინ­სტრუ­მენ­ტად იქცა, რაც, ძი­რი­თა­დად, ონ­ლა­ინ სივ­რცე­ში ვლინ­დე­ბა. ქა­ლე­ბი ძა­ლი­ან ხში­რად ხდე­ბი­ან ყალ­ბი და არა­ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­მიზ­ნე, რაც სწორედ მათ დისკრედიტაციაზე, და­ში­ნე­ბა­ზე, დაკნი­ნე­ბა­სა და გა­ჩუ­მე­ბა­ზეა მიმართული.

ქალთა ფონდ "სოხუმის" წარმომადგენელი ემა კამკია მიიჩნევს, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფენომენი სოციალური საზოგადოებრივი ცხოვრებისა, რომელმაც შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ყველას, მათ შორის კაცს, განსაკუთრებით კი მოწყვლად ჯგუფებს, რომლებიც ისედაც არიან სამიზნეები.

„თუნდაც ბოლო შემთხვევა რომ ავიღოთ, ტრანსგენდერი ქალის მოკვლას ვგულისხმობ, ჩვენ ყველა ვხედავთ, სოციალურ ქსელში, თანაგრძნობის სიტყვებთან ერთად, ძალიან ბევრ ნეგატიურ კომენტარს. ვითომ ზნეობის სადარაჯოზე მდგომი ადამიანები, რომელთაც არაფერი სცხიათ არც ქრისტიანობის, არც ადამიანობის, მზად არიან, არა მხოლოდ გარდაცვლილს დაესხან თავს, არამედ ნებისმიერს, რომელსაც, შეიძლება, მათგან განსხვავებული აზრი ჰქონდეს. ეს არის ძალიან საშიში მოვლენა. იმედია სახადივით იქნება და მოიხდის ამას საზოგადოება. ყოველ შემთხვევაში, ძალიან რთულია სადღეისოდ იმაზე საუბარი, რომ გენდერული დეზინფორმაციისგან დაცული იქნეს ვიღაც",- განმარტავს ემა კამკია.

მისივე თქმით, გენდერულ დეზინფორმაციას ისევ განათლებით უნდა ვებრძოლოთ. ვიყოთ მეტად ემპათიურები და პატივი ვცეთ ყველას, თუნდაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს.

ქალთა მიმართ ძალადობის სტატისტიკა:

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქსტატის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში, ყოველ მე-2 ქალს, ცხოვრების განმავლობაში, ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია.
ყოველ მე-4 ქალს კი გამოუცდია ძალადობის რომელიმე ფორმა პარტნიორის მხრიდან.

ამავე კვლევის შედეგების მიხედვით, ყოველ მე-4 ქალს სექსუალური შევიწროების გამოცდილება აქვს. ამასთან, ქალების 8.5%-ს გამოუცდია სექსუალური ძალადობა 18 წლის ასაკამდე.

„პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ან/და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალების 45.9%-ის თქმით, ძალადობის ფაქტს მათი არასრულწლოვანი შვილი შესწრებია. შემთხვევების 10%-ში ბავშვებზეც უძალადიათ.

ქალების 18%-ს გამოუცდია მასთან პარტნიორულ ურთიერთობაში მყოფი კაცისგან მაკონტროლებელი ქცევა.

ყოველ მე-5 ქალს, რომელსაც პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა გამოუცდია, ტრავმაც მიუღია. 13%-ს დასჭირვებია სამედიცინო დახმარება",- აღნიშნულია კვლევაში.

აღსანიშნავია, რომ მომხდარი ძალადობის ახლობლებისთვის გამხელის შემთხვევაში, ქალების 16.4%-ს ურჩიეს ძალადობის ფაქტის დამალვა, 6.6% თავად დაადანაშაულეს, 7.5%-ისადმი კი ახლობლები გულგრილები დარჩნენ.

კვლევის მიხედვით, საქართველოში ქალების 77.6% და კაცების 57.5% ფიქრობს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა სერიოზული პრობლემაა.

რაოდენობრივი კვლევა 2022 წლის ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა და 15-69 ასაკობრივ ჯგუფში, 3300 ქალი და 1100 კაცი გამოიკითხა.

მასალა მომზადებულია ავტორის მიერ, კონკურსის ფარგლებში, და არ წარმოადგენს „ქუთაისიპოსტის“ სარედაქციო მედიაპროდუქტს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა
16:01 / 15.11.2024
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით
საჩივრები არასამთავრობო ორგანიზაციებმა:
11:35 / 10.11.2024
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით საჩივრები არასამთავრობო ორგანიზაციებმა: "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", "სამართლიანმა არჩევნებმა", "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ", "საქართველოს მომავლის აკადემიამ" და "ღია სივრცე კავკასიამ" შეიტანეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.