"ევროპა არ არის მხოლოდ მოგზაურობა, ან მონეტების გადაყრა შადრევანში,
ევროპა არის ბევრად მეტის მომცემი ადამიანებისთვის", - ამბობს გიდი და
ტურისტული სააგენტო Travel To Georgia-ის დამფუძნებელი ლაშა
ბერეკაშვილი.
ლაშას, ისევე როგორც სხვა გიდებს, ევროპის ქვეყნების მიმართულებით გზა
ვიზალიბერალიზაციამ გაუხსნა. სწორედ ამის შემდეგ მიეცა შესაძლებლობა,
ქართველებისთვის ევროპა უფრო ახლოდან და სხვა კუთხით ეჩვენებინა.
"ეს იყო ჩვენთვის წარმოუდგენლად ღირებული დახმარება, რამაც მოგვცა,
ფაქტობრივად, ახალი ბაზრის ნახვისა და ათვისების შესაძლებლობა",-
გვიყვება ლაშა, რომელიც მანამდე, ძირითადად, შიდა ტურებზე მუშაობდა.
თუმცა, ამავდროულად, პოლონეთში, ევროკავშირის დაფინანსებით,
გადამზადება გაიარა.
"ქალაქ პოზნანში გავეცანი ადგილობრივი ტურიზმის სფეროს მუშაობას,
სპეციფიკას. აქ მიღებულმა გამოცდილებამ დიდი დახმარება გამიწია,
დამეწყო ევროპის მიმართულებით მუშაობა. ამდენად, პანდემიის შემდეგ
უფრო აქტიურად გადავეწყვეთ გამყვან ტურიზმზე. ამასთან, ვემსახურებით
საქართველოში, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოეთიდან შემოსულ ჯგუფებს",-
ამბობს ქუთაისელი გიდი.
ლაშა ბერეკაშვილი, რომელიც 20 წელია ტურიზმის სფეროშია, პირადი
გამოცდილებიდან გამომდინარე აღნიშნავს, რომ ევროპა არის განვითარება,
ღირებულებების პატივისცემა, ტრადიციებისა და ფასეულობების დაცვა, რომ
ძალა და ჩვენი ქვეყნის განვითარება სწორედ ევროპაშია.
ლაშა ბერეკაშვილის თქმით, ევროპა არის ინსპირაციის მთავარი წყარო,
სამომავლოდ, როგორ უნდა განვითარდეთ და როგორ დავუკავშიროთ
საქართველოს ბედი ევროპას.
"თუ ჩვენ ჩაგვეკეტება ევროპისკენ გზა (რუსული კანონის გამო), ეს,
პირველ რიგში, დაარტყამს იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ,
პროფესიულად განვითარდნენ და დაარტყამს ქვეყანას, ვერ გავხდებით
სრულფასოვანი წევრი ყველაზე ღირებული ორგანიზაციის - ევროკავშირის. ეს
იქნება ქვეყნისთვის ყველაზე ტრაგიკული მომავალი, რომლის წარმოდგენაც
არანაირად არ მსურს",- ამბობს ქუთაისელი გიდი.
სწორედ ქვეყნის წინსვლისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, ლაშა
ბერეკაშვილი, სამომავლოდ, შემომყვანი ტურიზმის განვითარებასაც
გეგმავს, რადგან თვლის, რომ აღნიშნული ქვეყანაში დოვლათის
შემომტანია.
"ჩვენი წილი აგური გვინდა ტურიზმის გეოგრაფიაში დავდოთ. გვაქვს
რამდენიმე ქვეყანასთან მოლაპარაკება ტურისტების შემოყვანასთან
დაკავშირებით და მომავალი წლიდან უფრო გავაქტიურდებით შემომყვან
ტურიზმზე“,- ამბობს ლაშა ბერეკაშვილი.
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა
მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები