"არ ვნებდებით, ვაგრძელებთ ბრძოლას"- ირაკლი თევზაძე
11:21 / 25.07.2024
ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისა და საინტერესო ადამიანების გაცნობის
მიზნით, სამოქალაქო აქტივიზმში 10 წლის წინ ჩაერთო.
ირაკლი თევზაძეს, მაშინ, ვერც წარმოედგინა, რომ ერთ დღესაც, ქვეყნის
ევროპული მომავლის გადასარჩენად რეალური ბრძოლა მოუწევდა, დასაცავი
ექნებოდა ის ევროპული ღირებულებები, რომელიც ხელისუფლებამ,
ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე, რუსული კანონის დაკანონებით
უგულებელჰყო.
ე.წ გამჭვირვალობის კანონის საფრთხეების გააზრება მედია და
არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ (მათ შორის, თითოეული
მოქალაქისთვის), ირაკლისთვის რთული არ ყოფილა, ვინაიდან, ჯენზი თაობის
წარმომადგენელი, 14 წლიდან სამოქალაქო სექტორთან აქტიურად
თანამშრომლობს და არაერთ პროექტში იყო და არის ჩართული. ახლა
სამეცნიერო-ინტელექტუალურ კლუბ ”თაობათა დიალოგში" გენერალური მდივნის
პოზიციას იკავებს და იმ მნიშვნელოვან მისიას ასრულებს, რასაც თაობებს
შორის ურთიერთპატივისცემის გარემოს ფორმირება, სამოქალაქო
საზოგადოებისა და დემოკრატიული პროცესების ჩამოყალიბება ჰქვია.
"მაშინ როცა ამ ქვეყანაში ცხოვრობ და იაზრებ, რამდენ რამეს აკეთებს
არასამთავრობო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები,
ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოება, ქვეყნისთვის და განსაკუთრებით
ევროატლანტიკური მომავლისთვის, ხვდები, რამდენად მძიმე და
დამაზიანებელი შეიძლება იყოს ეს კანონპროექტი ამ სექტორისთვის.
გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო ამ კანონის მიღება, მაშინ როცა ყველამ
კარგად ვიცით, ამ სფეროში რა ხდება, რა მიზნები აქვს ორგანიზაციებს,
რამდენად მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ და აკეთებენ ის ადამიანები,
რომლებიც ამ სექტორს ქმნიან",- გვიყვება ირაკლი თევზაძე.
ამბობს, რომ არასამთავრობო სექტორმა, თავდაჯერება, მაღალი
მოქალაქეობრივი შეგნება, არაფორმალური განათლებისა და სხვა
გამოცდილებების მიღების შესაძლებლობები მისცა და გაზარდა, როგორც
დამოუკიდებელი პიროვნება. ამ თვისებებითა და ღირებულებებით
შეიარაღებული, ახლა თავად იცავს ყველაზე ძვირფასს რაც ქვეყანას
გააჩნია - თავისუფლებას.
ირაკლი, "რუსული კანონის" ინიცირების პირველივე დღიდან, ქუთაისში
მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე იყო.
"ერთია, რომ ბრაზი მქონდა იმ პირობის დარღვევისთვის, რომელიც
მთავრობამ არ შეასრულა და მეორე, როცა იცი, რომ ქვეყნის
ევროინტეგრაცია ერთადერთი გამოსავალია წარმატებული და რაც მთავარია,
მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის, როგორ შეიძლება, ამ დროს იქ არ იდგე,
სადაც შენი ყოფნა და შენი ხმა მნიშვნელოვანია.
ჩვენ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია პროტესტი. გვესმის, რა არის
ქვეყნის მთავარი განვითარების სტრატეგია და ვინ არიან ქვეყნის მთავარი
პარტნიორები. ჩვენ თავისუფლებისთვის ვიბრძვით და ამის ალტერნატივა
არაფერია",- ამბობს ირაკლი თევზაძე.
მისი თქმით, მართალია, აქციები დამთავრდა, მაგრამ დანებებას არ
აპირებენ და ბრძოლას კვლავ აგრძელებენ.
„უცხოური გავლენის
გამჭვირვალობის შესახებ“
კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის 3 აპრილს მეორედ
დააინიცირა. 14 მაისს კი, ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო
კრიტიკის მიუხედავად, მესამე, საბოლოო მოსმენით მაინც მიიღო.
კანონის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს
უცხოეთიდან იღებენ, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსი
მიენიჭებათ. კანონი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ
ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის დარღვევისთვის
ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.
ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი
მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი
გაქრობის მიზეზი გახდა.
რუსულ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე
ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი
საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგებოდა და დღემდე ეწინააღმდეგება.
ამასთან, წინააღმდეგია აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური
ორგანიზაცია.
კანონპროექტი, 2023 წლის მარტში, მოსახლეობის პროტესტის შედეგად
"ქართულმა ოცნებამ" უკან გაიწვია. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა
ირაკლი ღარიბაშვილმა და უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი
კობახიძემ პირობა დადო, რომ ამ მას აღარასოდეს მიუბრუნდებოდნენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები