„გამჭვირვალობის“კანონმა წინაასაარჩევნო გარემო საგრძნობლად დააზარალა“
16:27 / 24.07.2024
"სამართლიანი არჩევნების" თითქმის 30-წლიანი არსებობის ისტორიაში,
პირველად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება სადამკვირვებლო მისიის
სრულფასოვნად და შეუფერხებლად განხორციელება.
ორგანიზაციას, რომელიც, დღეის მონაცემებით, საქართველოში ჩატარებულ
20-ზე მეტ არჩევნებს დააკვირდა, რუსული კანონის მიღების გამო,
შესაძლოა, პირველად, მოუხდეს მთელი რიგი შეზღუდვების ფონზე გაუწიოს
მონიტორინგი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში.
ეს იმ დროს, როდესაც ევროკავშირის მიერ საქართველოსათვის გაცემულ 9
რეკომენდაციას შორის ერთ-ერთი სწორედ თავისუფალი, სამართლიანი და
კონკურენტული არჩევნების ჩატარებაა, ამ პროცესში კი სადამკვირებლო
ორგანიზაციების როლი უმნიშვნელოვანესია.
ISFED-ის ქუთაისის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი, თეონა გოგიშვილი,
ამბობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგი უკვე დაიწყეს და
გამოიკვეთა კიდეც, რომ ე.წ „გამჭვირვალობის“კანონმა წინაასაარჩევნო
გარემო საგრძნობლად დააზარალა.
"ჩვენი გრძელვადიანი დამკვირებლები უკვე ხვდებიან აქტორებს, მათ შორის
მოქალაქეებსაც, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის თუ ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლებს და აფასებენ წინასაარჩევნო გარემოს.
ჩვენ პირველი ანგარიშიც გამოვაქვეყნეთ, სადაც საუბარია რუსული კანონის
გავლენებზე წინასაარჩევნო გარემოზე. კერძოდ, იმაზე, რომ
ორგანიზებული ფორმა აქვს სამოქალაქო აქტივისტების, პოლიტიკოსების
წინააღმდეგ ძალადობრივ აქტებს, ჩასაფრებასა და ფიზიკურ თავდასხმებს,
ასევე მათი ახლობლების, მათ შორის არასრულწლოვანების, სატელეფონო
ტერორს, სიტყვიერ შეურაცხყოფას, დაშინებას, სამოქალაქო საზოგადოების
წარმომადგენლების სახლებსა და ოფისებში მივარდნას და შეურაცხმყოფელი
წარწერების გაკეთებას," - ამბობს თეონა გოგიშვილი.
ხუთთვიანი წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის გარდა, ISFED-ი
არჩევნების დღის დაკვირვებას, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1500-მდე
დამკვირვებლის მეშვეობით გეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ რუსული
კანონიდან გამომდინარე, მათ მიმართ გარკვეული შეზღუდვებისა ამუშავებას
ელოდებიან.
"ვფიქრობ, რომ ჩვენზე გარკვეული შეზღუდვები და დამატებითი მექანიზმები
ამუშავდება, რაც ხელს შეგვიშლის სრულფასოვანი საქმიანობის
განხორციელებაში. მაგალითისთვის, ჩვენმა ორგანიზაციამ (ISFED) 2021
წლის თვითმმართველობის არჩევნების I ტურზე, ქუთაისში, უბნების 30%
დაფარა, მეორე ტურზე - კი 50%, დავიცავით არაერთი მოქალაქის ხმა.
განსხვავებული სურათი შეიძლება მივიღოთ 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნებზე, თუკი რუსული კანონით ჩვენი მუშაობა შეფერხდება",-
განმარტავს თეონა გოგიშვილი.
მისივე თქმით, თუ ორგანიზაციას არ ექნება შესაძლებლობა, სრულფასოვნად
დააკვირდეს არჩევნებს, ვეღარ ექნება რეაგირება კონკრეტულ დარღვევებთან
მიმართებაში, რაც არჩევნების შეფასებასა და მოქალაქეების ხმის დაცვაზე
პირდაპირ (უარყოფითად) აისახება.
კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის 3 აპრილს მეორედ
დააინიცირა. 14 მაისს კი, ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო
კრიტიკის მიუხედავად, მესამე, საბოლოო მოსმენით მაინც მიიღო.
კანონის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს
უცხოეთიდან იღებენ, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსი
მიენიჭებათ. კანონი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ
ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის დარღვევისთვის
ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.
ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი
მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი
გაქრობის მიზეზი გახდა.
რუსულ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე
ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი
საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგებოდა და დღემდე ეწინააღმდეგება.
ამასთან, წინააღმდეგია აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური
ორგანიზაცია.
კანონპროექტი, 2023 წლის მარტში, მოსახლეობის პროტესტის შედეგად
"ქართულმა ოცნებამ" უკან გაიწვია. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა
ირაკლი ღარიბაშვილმა და უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი
კობახიძემ პირობა დადო, რომ ამ მას აღარასოდეს მიუბრუნდებოდნენ.
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა
მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები