ვიდეო
დაბრუნება სამშობლოში - ემიგრანტის ბრძოლა ევროპული მომავლისთვის
FaceBook
იძულებითი ემიგრაციიდან 3-წლიანი განშორების შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებულ მედეა შვილდაძეს საქართველოში დარჩენის მყარი მიზეზები აღარ აქვს.

თვლის, რომ რუსული კანონის მიღების შემდეგ, ემიგრანტები სამშობლოში დაბრუნებას ვერ შეძლებენ და შესაძლოა, თავადაც იძულებული გახდეს, კვლავ ემიგრაციაში წავიდეს.

ქუთაისში მცხოვრები მედეა შვილდაძე იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც ქვეყნის დატოვება საქართველოში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო მოუხდათ.

საქართველო 15 წლის წინ დატოვა, იმ დროს, როდესაც ვიზალიბერალიზაციის არარსებობის გამო, ევროპაში სამუშაოდ გადაპარვით, ან ყალბი ვიზებით მიდიოდნენ. თავადაც ეს გზა გაიარა - ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში ჩასასვლელად ორი თვე დასჭირდა.

იქ ჩასულს, როდესაც მომავალმა მეუღლემ ჰკითხა, რა იყო ის, რაც პირველი ესპანეთში იგრძნო? - მხოლოდ ერთი სიტყვით უპასუხა - თავისუფლება.

“წლების შემდეგ, როდესაც მამუკა ჩემი მეუღლე გახდა, მითხრა: მაშინ რომ ერთი სიტყვა მომწერე, მეგონა, მეტი არაფერი გქონდა სათქმელი და ამ ერთი სიტყვით თავიდან მიშორებდი. ახლა, როდესაც მეც ბარსელოვაში ვარ, შენ რომ ჩემთვის გეკითხა საქართველოდან, იმავე სიტყვით გიპასუხებდი და ეს სიტყვა იქნებოდა - თავისუფლება”, - იხსენებს მედეა შვილდაძე.

ემიგრაციაში 3 წელი დაჰყო. ქუთაისში დაბრუნებულმა მცირე ბიზნესი წამოიწყო, თუმცა, თვლის, რომ შემოსავალი ოჯახის სარჩენად საკმარისი არაა.

მიუხედავად იმისა, რომ მედეას ოჯახი ახლაც ესპანეთში ჰყავს, სამშობლოს დატოვება არ სურს. მეტიც, მისი ყველაზე დიდი ოცნება, ემიგრანტების შინ დაბრუნებაა. თუმცა, აღნიშნავს, რომ რუსული კანონით, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიიღო,  მისი ოჯახი სამშობლოში დაბრუნებას ვერ შეძლებს. "მეტიც, იძულებული გავხდები მეც წავიდე ემიგრაციაში და ალბათ, მთელი ცხოვრება ვიცხოვრო უბედურმა. მიუხედავად იმისა, რომ ვამბობ, ევროპა - ეს არის თავისუფლება, მინდა ეს თავისუფლება იყოს ჩემს სამშობლოში და ვცხოვრობდე ჩემს საქართველოში,” - ამბობს მედეა შვილდაძე, რომელიც თავისუფალი საქართველოსთვის რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ ყველა აქციაში მონაწილეობდა. მიაჩნია, რომ თავისუფლებისკენ მიმავალი ერთადერთი სწორი გზა არის - გზა ევროპისკენ.



საქართველოში, მათ შორის იმერეთის რეგიონში, რუსული კანონის მიღების გამო, ძალიან ბევრი სოციალურ-ეკონომიკური პროგრამა შეჩერების/გაუქმების საფრთხის წინაშეა, რაც პირდაპირ იქონიებს გავლენას მოსახლეობის სოციალურ თუ ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტი „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს მეორედ დააინიცირა. 14 მაისს კი, ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად, მესამე, საბოლოო მოსმენით მაინც მიიღო.

კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.

ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი გაქრობის მიზეზი გახდა.

ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგებოდა და დღემდე ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.

კანონპროექტი, 2023 წლის მარტში, მოსახლეობის პროტესტის შედეგად "ოცნებამ" უკან გაიწვია. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ პირობა დადო, რომ ამ კანონს აღარასოდეს მიუბრუნდებოდნენ.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტებმა ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია გამართეს.
17:44 / 02.12.2024
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია გამართეს.
ქუთაისში უწყვეტი საპროტესტო ტალღა მეხუთე დღეა  გრძელდება.
14:53 / 02.12.2024
ქუთაისში უწყვეტი საპროტესტო ტალღა მეხუთე დღეა  გრძელდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.