წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში ერთ პატარა ქოხში ორი ოჯახი ცხოვრობს.
,,3 ათასამდე გვქონდა ქულა და 5 ათასზე ასულა.
არც საქონელი გვყავს, არც ქათამი და არც არაფერი, რა ნახეს ისეთი
ჩვენს სახლში, რომ ასე გაჭირვებულ ხალხს დახმარებას არ გვაძლევენ.
ახლა იმის უნდა მეშინოდეს, 4 იანვრისთვის რა პასუხი მოვა. ადრე სახლში
ჭერი დაზიანებული იყო და ისე წვიმდა, როგორც გარეთ. ერთი წლის წინ
წყალტუბოს მერიამ ჭერი და ფანჯრები გაგვიკეთა. ვერ ვიტყვი, რომ
დახმარება ამის გამო მოგვიხსნეს, მაგრამ სოციალური დახმარება ამ ამბის
შემდეგ მოგვეხსნა. დეიდას სახელზე იყო სახლი და დახმარებასაც მის
სახელზე ვიღებდით, დეიდა რომ გარდაიცვალა, დახმარებაც მოგვიხსნეს.
გვინდოდა ოჯახები ცალკე ჩავწერილიყავით, რომ დახმარება აგვეღო, მაგრამ
არ მოხერხდა. ძალიან გვიჭირს, არის დღეები, როცა ოჯახში საკვები არ
გვაქვს, სამსახურიც არ გვაქვს რომ ვიმუშაოთ,''- ამბობს ინგა თათეიშვილი.
ინგას 4 შვილი, ხოლო
მის დეიდაშვილს ხუთი ბავშვი ჰყავს. ცხრა
მცირეწლოვნის გამოკვება ოჯახს ძალიან უჭირს. უფროსი გოგონა 17 წლისაა.
მისი ოცნება სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლის გაგრძელებაა, მაგრამ
უსახსრობის გამო არ იცის ამას როგორ მოახერხებს.
წყალტუბოს სოციალური
მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ ოჯახების ქულების დათვლასთან
კავშირში არ არიან. როგორც უწყებაში განმარტავენ, სოციალური აგენტები
ოჯახების აღწერის შედეგად დეკლარაციებს ადგენენ და ამ დეკლარაციის
მიხედვით ქულას კომპიუტერული პროგრამა წერს. რაც შეეხება ოჯახის
განცხადების პასუხს, სოციალური მომსახურების სააგენტოშო ამბობენ, რომ
ეს ინფორმაცია პერსონალურია და ვერ გასცემენ.
წყალტუბოს მერიაში ამბობენ, რომ მერიის სოციალური პროგრამის ერთ-ერთი
ნაწილი ხელმოკლე ოჯახებისთვის საახალწლო ნობათის დარიგებააა. მერიის
ინფორმაციით, წლის ბოლომდე თათეიშვილების და ნუცუბიძეების ოჯახსაც
მოინახულებენ და საახალწლო ნობათსაც გადასცემენ.
ახალი წლიდან კი მათი ცხოვრება კვლავ სხვისი დამხარების იმედად
გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები