ვიდეო
“არგონავტიკის მუზეუმი” ქუთაისში - ომარ ნიშნიანიძის ახდენილი ოცნება (ფოტო/ვიდეო)
FaceBook

ქუთაისის ერთ ჩვეულებრივ ქუჩაზე სამი ათასი წლით უკან დროში დაბრუნებას და ოქროს საწმისის ქვეყანაში მოგზაურობას შეძლებთ.


არგონავტების მითოლოგიური სამყაროს პერსონაჟებს ღია ცის ქვეშ ეზოში მოწყობილ მუზეუმში შეხვდებით, რომელიც დავით აღმაშენებლის #22-შია განთავსებული.

მუზეუმის დაარსების იდეის ავტორი და მფლობელი პარლამენტის ყოფილი დეპუტატი და ისტორიკოსი ომარ ნიშნიანიძეა.

არგონავტების მუზეუმის გასახსნელად მზადება 2018 წლიდან დაიწყო. გაცილებით დიდი ხნით ადრე შეაგროვა ისტორიული ექსპონატები. 50 წელია რაც ეთნოგრაფიულ ნივთებს საკუთარი ფინანსებით ყიდულობს. ზოგს ჩუქნიან. ხოლო მითიური პერსონაჟების ქანდაკებები სტუდენტებმა საკუთარი ხელით დაუმზადეს.



ამჟამად ნიშნიანიძის კოლექციაში ასამდე ექსპონატი ინახება, რომელიც მისივე საცოხვრებელი ბინის ეზოში, გადახურულ ფანჩატურშია მოთავსებული.

რამდენიმე დღის წინ მათ ლეგენდარულ გემი „არგო“ შეემატა, რომელიც პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა და ისტორიკოსმა ომარ ნიშნიანიძემ საკუთარი ხელით ააგო. ექსპერიმენტიც ჩაატარა და არგოთი  სტუდენტებთან ერთად 60 კილომეტრი გაიარა. შემდეგ გემმა მსვლელობა მდინარის გაუწმენდავი კალაპოტის გამო შეწყვიტა.

„ამ გემისთვის ორთვენახევრიანი შრომა მომიწია, რაშიც ძალიან დამეხმარნენ ჩემი სტუდენტები. არგო მალე ქუთაისის სავიზიტო ბარათი გახდება, ეს უზეუმი კი მთელს მსოფლიოს აჩვენებს, რომ ჩვენ ბერძნებსა და რომაელებზე ნაკლები ისტორია არ გვაქვს. თანაც. მოიმატებს ტურისტული ინტერესი ჩვენი ქალაქის მიმართ,“ – ამბობს ომარ ნიშნიანიძე.

გემს სიმბოლურად ოქროსფერი წარწერა ამშვენებს

ისტორიკოსი იხსენებს, რომ ნამდვილი არგოს მსგავსი გემის აგება და კოლხეთის სამეფოს მუზეუმში გადატანა მისი სტუდენტობის დროინდელი ოცნებაა, პირველი ისტორიული ექსპედიციის დროს გაჩენილი იდეა.

“ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი ისტორიის ფაკულტეტიდან, როდესაც კოლხეთის არქეოლოგიურ ექსპედიციაში მონაწილეობა შემომთავაზეს. მეც მოვიკიდე ერთი პატარა ჩანთა და წავედი ჭალადიდში ძველ ფაზისთან, სადაც ანტიკურ ნასახლარს ვსწავლობდით. აქედან დაიწყო ჩემი მოგზაურობაც ანტიკურ ხანაში. მაშინ ვიფიქრე რომ ქუთაისი, როგორც ძველი კოლხეთის დედაქალაქი, ყოფილიყო ცენტრი არგონავტიკის მუზეუმის," - ამბობს ომარ ნიშნიანიძე.

მისივე თქმით, მალე მითიურ პერსონაჟებს კიდევ რამდენიმე ფიგურა დაემატება და ყველა ექსპონატს ერთად გადაიტანს ყოფილი სამხედრო ქალაქის ნახევრადდანგრეულ ნაწილში, რომელიც ასევე ისტორიკოსის საცხოვრებელი სახლის წინ მდებარეობს.

შენობას სახურავი არა აქვს და მთლიანად ამორტიზებულია, თუმცა ომარ ნიშნიანიძე ფიქრბს, რომ ეს გარემო მუზეუმს კიდევ უფრო საინტერესოს  გახდის.

,,ან მემორანდუმს გავაფორმებ მერიასთან, ან იჯარით ავიღებ ამ შენობას, რადგან სახელმწიფოს საკუთრებაა, თუმცა უფუნქციო. მალე ეს ადგილი არგონავტების არაჩვეულებრივ მუზეუმად და კოლხეთის სამეფოდ გადაიქცევა,“ – ამბობს ისტორიკოსი.


გემი არგოსა და არგონავტების მითიური პერსონაჟების გარდა ღია ცის ქვეშ მოწყობილ მუზეუმში ასევე ქართულ ეთნოგრაფიულ ნივთებსაც ნახავთ.

სამი ათასი წლის ქვის საწნახელი - ომარ ნიშნიანიძე:  “ეს საწნახელი ჩემი სოფლიდან, ჭოგნარიდან წამოვიღე”.

სვანური სამეფო სავარძელი - ომარ ნიშნიანიძე: “ჩემი დეპუტატობის პერიოდში, ერთ-ერთ შეხვედრაზე ყოფნის დროს, მაჩუქეს სვანებმა, მახშვის (უხუცესი/უფროსი) სავარძელი”.


არგონავტების მუზეუმის პრეზენტაციას ომარ ნიშნიანიძე შემოდგომის ბოლოს გეგმავს, თუმცა რამდენად მალე მოახერხებს მის სრულფასოვნად მოწყობას – ეს ფინანსებზეა დამოკიდებული.

,,საკუთარი სახსრებით ვეღარ ვწვდები ყველაფერს, მაგრამ იმედი მაქვს რომ მოქალაქეებიც და ხელისუფლებაც გაიაზრებს ამ მუზეუმის მნიშვნელობას ქალაქისათვის და დამეხმარებიან,“ – ამბობს ომარ ნიშნიანიძე.

ვიდრე იდეის მხარდამჭერები გამოჩნდებიან, იქამდე არგონავტების მუზეუმის არსებული ფორმით მონახულება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

***

მერვე მოწვევის პარლამენტის წევრმა, მუზეუმის მოწყობამდე, ჯერ კიდევ 2013 წელს ქუთაისში, მდინარე რიონზე პორტის იდეა გააჟღერა. ნიშნიანიძე ამბობდა, რომ ქუთაისს აქვს შესაძლებლობა საპორტო ქალაქად იქცეს. დეპუტატი მაშინ ამ იდეის გამო საზოგადოების ნაწილმა მწვავედ გააკრიტიკა.

"მე არ მითქვამს, გინდა თუ არ გინდა ქუთაისში პორტი უნდა აშენდეს, ან მე აგიშენებთ-თქო, მე უბრალოდ ისტორია გავიხსენე. ჩემზე დიდი მეცნიერები, ინჟინრები, ოკეანოლოგები აპირებდნენ ქუთაისთან ახლოს, ვარციხესთან პორტის მშენებლობას და ამის პროექტები ქვეყნდებოდა ჟურნალებში, გაზეთებში, წიგნში წამიკითხავს,” - ამბობს ომარ ნიშნიანიძე.

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის პროფესორი და მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, ომარ ნიშნიანიძე, მდინარე რიონზე სწრაფმავალი ხომალდებით რეგულარული რეისების დანიშვნის იდეითაც გამოდის.

პროფესორი ამბობს, რომ მცირე ზომის ხომალდები ფოთიდან ვანამდე რეგულარულ რეისებს შეასრულებს. ხომალდები ისტორიულ გემს "არგოს" უნდა ჰგავდეს.

"არსებობს იდეა,  რომლის ერთ-ერთი ავტორი მეც ვარ, რომ გაკეთდეს რეგულარული მარშრუტი, ჭყვიშამდე, ვანამდე, "არგოს" სტილის პატარა ხომალდებით. ქუთაისამდე ვერ მოვა, რადგან რიონჰესმა და ვარციხეჰესმა დააშრო რიონი. ტურისტები ივლიან ბათუმიდან, ქობულეთიდან და ფაზისის გავლით შემოვლენ აიეტის სამყაროში, ძველ კოლხეთში", - ამბობს ომარ ნიშნიანიძე.

პროფესორის თქმით,  მდინარე რიონის სანაოსნოდ გამოყენება არაჩვეულებრივი იდეაა ტურიზმისათვის.


რა ვიცით არგონავტებზე?

გადმოცემის თანახმად, არგონავტების მითი უძველესია და წინ უსწრებს ტროას თქმულებას (II ათასწლეულის I ნახევარი).

ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევარში ათასწლეულიდან დასავლეთ საქართველოში ვითარდება კოლხური ცივილიზაცია.  კოლხეთი ის ძველი ქვეყანაა, რომლის დიდება და ბრწყინვალება თვალნათლივ აისახა თქმულებაში არგონავტების შესახებ.

ლეგენდის თანახმად, ორქომენის მეფის, ათამანტის ვაჟი (ფრიქსე) და ქალიშვილი (ჰელე) ავი დედინაცვლის ვერაგობისაგან დასაცავად დედამ, ქალღმერთმა ნეფილემ საბერძნეთიდან გახიზნა მფრინავი ოქროსმატყლიანი ვერძის მეშვეობით. ჰელე ზღვაში ჩავარდა, ხოლო ფრიქსე ვერძმა აიაში ანუ კოლხეთში მიიყვანა. კოლხთა მეფემ, აიეტმა ფრიქსე შეიფარა და ცოლად შერთო უფროსი ქალიშვილი ქალკიოპე. ვერძი ღმერთებს შესწირეს მსხვერპლად, ხოლო მისი ოქროსმატყლიანი ტყავი – ოქროს საწმისი, მდინარე ფასისის (რიონი) ნაპირზე დიდ მუხაზე ჩამოჰკიდეს და მცველად გველეშაპი მიუჩინეს. თესალიის მეფემ პელიამ თავის ძმისწულს იასონს სამეფო ტახტი შესთავაზა კოლხეთიდან ოქროს საწმისის ჩამოტანის ფასად. იასონმა ააგო გემი “არგო”, ელადის რჩეული ვაჟკაცებიდან შეარჩია ეკიპაჟი და ფათერაკებით აღსავსე ხანგრძლივი ცურვის შემდეგ ფასისის (მდინარე რიონი) შესართავს მიადგა. არგონავტები მდინარეს აჰყვნენ და აიეტის ციხე-სიმაგრეს კუტაიას (ქუთაისს) მიადგნენ. აიეტმა ოქროს საწმისის სანაცვლოდ უმძიმესი დავალებების შესრულება მოსთხოვა იასონს. იასონმა შეასრულა ეს მოთხოვნები აიეტის გრძნეული ასულის, უმშვენიერესი მედეას დახმარებით, რომელსაც ჭაბუკი შეხედვისთანავე თავდავიწყებით შეუყვარდა. იასონმა მოიპოვა ოქროს საწმისი და მედეასთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა. მაგრამ მალე იასონმა უღალატა მედეას და კორინთოს მეფის კრეონტის ასული შეირთო. მედეამ სასტიკი შური იძია იასონზე, ჯადო-წამლებით მოაკვდინა მეფე კრეონტი და მისი ასული, ხოლო იასონთან შეძენილი ორი შვილი ჰერას ტაძარში დამალა. თქმულების სხვა ვერსიის თანახმად, იასონზე შურის საძიებლად საკუთარი შვილებიც დახოცა. არის თქმულების კეთილად დასრულების გვიანდელი ვარიანტიც, რომლის მიხედვით აიეტი და მედეა შერიგდნენ და კოლხეთში დაბრუნდნენ.

ნებისმიერი ვერსიის, თუ დასასრულის მიუხედავად, არგონავტიკის თემა უკვდავია და დღემდე  ფიქრის, განსჯის, აღმაფრენის საგანი.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა
16:01 / 15.11.2024
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით
საჩივრები არასამთავრობო ორგანიზაციებმა:
11:35 / 10.11.2024
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით საჩივრები არასამთავრობო ორგანიზაციებმა: "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", "სამართლიანმა არჩევნებმა", "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ", "საქართველოს მომავლის აკადემიამ" და "ღია სივრცე კავკასიამ" შეიტანეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.