"სამანიშვილის დედინაცვალში" მოცეკვავე იმერელი ბიჭი 42 წლის შემდეგ (ვიდეო)
19:30 / 26.11.2018
ქუთაისში ცხოვრობს კაცი, რომელმაც ერთი წუთით, ერთ ეპიზოდში გაშალა
ხელი და ფილმის ეკრანზე გამოსვლის შემდეგ, პოპულარულმა გაიღვიძა.
კუკური აბაზაძე "სამანიშვილის დედინაცვალში" შაფათაძეების ქორწილის
სცენაში ცეკვავს.
ეპიზოდურ როლზე რეკომენდაცია, მაშინ 30 წლის ბიჭს, ცეკვის
მასწავლებელმა გაუწია. გადამღები ჯგუფის წევრებმა სარეპეტიციო
დარბაზის კარი შეაღეს და მოცეკვავე მაშინვე მოიწონეს. ერთწუთიანი
ეპიზოდის ქორეოგრაფი კუკური აბაზაძე თავად იყო, თუმცა ფილმზე მუშაობის
ხანგრძლივ პერიოდს, რეჟისორ ელდარ შენგელაიასთან და გადამღებ ჯგუფთან
ურთიერთობას, ახლაც სიამოვნებით იხსენებს.
"ჩხუბის სცენაა. ვართ ერთმანეთში არეული, მაგიდების
გადბრუნება-გადმობრუნებაა და ბატონი ელდარი ამ ფილმს ზემოდან იღებდა
და გვეძახის, - "სტოპ", "სტოპ", გაჩერდით და ჩვენ ისე ვიყავით ჩართული
ამ ჩხუბში, არ ვჩერდებით, ვჩხუბობთ და თვითონაც ზემოთ ხარხარებს და
გვეძახის გაჩერდითო. ბოლოს, როგორც იქნა, გავჩერდით", - გვიყვება
კუკური აბაზაძე.
კურიოზი სხვაც ახსოვს, - როგორ დასჭირდათ რეჟისორს სუფრასთან დამბაჩის
გასროლის სცენის ოთხჯერ გადაღება, რადგან ტექნიკოსის ხელში იარაღი
გამართულად მუშაობდა, მის ხელში კი ტყვია არაფრით გავარდა. ახლა 71
წლისაა და ამბობს, რომ ამ ეპიზოდურმა როლმა მის ცხოვრებაში ბევრი რამ
შეცვალა. პირველს მეორე სცენა მოჰყვა. ფილმში "ჩემი მეგობარი ნოდარი"
ის ანსამბლთან ერთად ცეკვავს.
ცეკვა მისი ცხოვრებაა. 11 წლის იყო, როცა ანსამბლის წევრი გახდა. 1969
წელს საკუთარი ჩამოაყალიბა, "მერცხალი" უწოდა და 50 წელი
უხელმძღვანელა. დღეს ქუთაისის ქორეოგრაფიული სტუდიის
მასწავლებელია.
პროფესიით დაწყებითი განათლების პედაგოგია. სპეციალობით არასდროს
უმუშავია. ცეკვას კონკურენცია ვერაფერმა გაუწია, თუმცა, პედაგოგიური
განათლება ქორეოგრაფს ბავშვებთან განსხვავებული ურთიერთობის
ჩამოყალიბებაში დაეხმარა. სტერეოტიპს მყვირალა და მოჩხუბარი ცეკვის
მასწავლებლებზე, კუკური აბაზაძე ამსხვრევს.
"ქართული ტრადიციული ცეკვა ისეთია, ყველამ უნდა იცოდეს, იმიტომ, რომ
ეს ჩვენი საგანძურია", - გვითხრა კუკური აბაზაძემ.
70 წლის ასაკში, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირისგან ქორეოგრაფიის
ბრწყვინვალების ორდენი მიიღო, თუმცა, ყველაზე დიდ ჯილდოდ ბავშვების
სიყვარული მიაჩნია. გასტროლებზე ვეღარ დაჰყავს, თუმცა ცეკვების
დადგმას კიდევ დიდხანს აპირებს. პროფესიას დღეს რომ ირჩევდეს, ისევ
ხელებს გაშლიდა და ისევ ცეკვის ნახაზს შექმნიდა, როგორც მაშინ,
"სამანიშვილის დედინაცვალზე" მუშაობისას, 42 წლის წინ.
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა
მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები