ვიდეო
"ვირტუალური დედა-შვილობა" - თაობა, რომელიც მშობელს მხოლოდ ეკრანიდან იცნობს (ვიდეო)
FaceBook
"ვირტუალური მშობლები" და "ვირტუალური შვილები", სკაიპის დედა", "სკაიპის ბავშვი", საქართველოში მოსახლეობის ერთი ნაწილისთვის ოჯახის წევრებთან მხოლოდ ვირტულურად დაკავშირება მწარე რეალობაა.

ემიგრანტ მშობლებს და საქართველოში დარჩენილ შვილებს წლების განმავლობაში უწევთ კომპიუტერში ან ტელეფონში საეკრანო ურთიერთობა. ურთიერთობის ამ ფორმით მთელი თაობა გაიზარდა. წლებისს მანძილზე მშობლებიც და შვილებიც იქცნენ საეკრანო სახეებად, ორგანზომილებიან არსებებად - სუნის, სითბოსა და შეხების შესაძლებლობის გარეშე.



კონვენცია და ბავშვები

ვირტუალური თაობა მარტო მსოფლიო გლობალიზაციის პროდუქტი არაა, საქართველოში ეს თაობა სოციალურმა და ეკონომიკურმა პრობლემებმა წარმოშვა. გამოკვების შეუძლებლობამ და შვილების ფიზიკურად გადარჩენის ვალდებულებამ მოითხოვა მსხვერპლი და გააჩინა ხატი - მშობლის და შვილის ეკრანული სახე.

თუმცა, ბავშვთა უფლებების კონვენციაში "ვირტუალური მშობლები" არსად მოიხსენიება და აღნიშნულია რომ ბავშვი, მისი პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის, უნდა იზრდებოდეს არა ვირტუალურ, არამედ რეალურ ოჯახურ გარემოცვაში, ბედნიერების, სიყვარულისა და გაგების ატმოსფეროში.

ამასთან ერთად, კონვენცია მოითხოვს, რომ ბავშვი არ განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ.
თუმც საქართველოში არსებულმა ეკონომიკურმა ვითარებამ ბავშვის და მშობლის სურვილები და კონვენციით მინიჭებული უფლებები ნაკლებად გაითვალისწინა.




ემიგრანტები და სტატისტიკა

სამშობლო (სახელმწიფო), რომელიც ლილესა და ლუკას უნდა უყვარდეს, ემიგრანტებს ჯერჯერობით ვერაფრით ეხმარება და ვერაფერს თავაზობს. იძულებულს ხდის შორიდან დააკვირდეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. ემიგრანტების რაოდენობა დიდია და დაახლოებით 1 700 000-მდე ადამიანს შეადგენს. მათი უმეტესობა ცხოვრობს რუსეთსა და საბერძნეთში.

"საქსტატის" ცნობით, 2016 წელს ემიგრანტების რაოდენობამ 98 288 შეადგინა, რაც 2015 წლის მონაცემთან (95 965) შედარებით, 2 323 ადამიანით მეტია. შესაბამისად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წელს ქვეყანაში მიგრაციის უარყოფითი სალდო დაფიქსირდა და -8.1 ათასი კაცი შეადგინა.

ლელა თოლორდავა ერთ -ერთია, რომელიც ახლახანს შეუერთდა ემიგრანტების მილიონიან არმიას. იგი იმ სიმძიმესა და მოსალოდნელ დანაკარგზე საუბრობს, რასაც საზღვარგარეთ ემიგრირება მასსა და მის შვილებს შორის გააჩენს.





ბავშვები დისტანციაზე

ამ მოცემულობაზე და დანაკარგზე მიუთითებენ სხვა ემიგრანტებიც, რომელთაც მცირე ასაკის შვილების დატოვება მოუწიათ. "ჩემი შვილი რამდენიმე თვის იყო, როდესაც მისი დედასთან დატოვება მომიწია. სამი წლის მანძილზე ინტერნეტით ყოვედლღიურად ვუკავშირდებოდი. ეკრანზე მცნობდა, დედას მეძახდა, მაგრამ 4 წლისა რომ ვნახე საერთოდ ვერ მიცნო, მისთვის სრულიად უცხო ქალი ვიყავი, ტიროდა და არ მეკარებოდა. რეალური დედა ვერაფრით დაუკავშირა ეკრანის დედას,"- ამბობს 32 წლის ნათია, რომელიც წლებია იტალიაში ცხოვრობს.

დანაკარგზე საუბრობს ნესტან ვაშაყმაძეც, რომელსაც 12 წელია საზღვარგარეთ უწევს მუშაობა.

"როგორც მე ბავშვობას ვერ დავიბრუნებ, ისე მე ჩემი შვილის იმ საუკეთესო წლებს ვერ ამოვავსებ. ვერაფერი შეცვლის იმ ტკივილს, ნაკლებობას, წყურვილს, მონატრებას, ჩახუტებას, ერთად ყოფნის სურვილის სულიერ თუ ფიზიკურ ტკივილს, რაც მე იარად დავტოვე ჩემს შვილში. ცხოვრებაში თუ რამეს შევცვლიდი ეს იქნებოდა. ის, რომ ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი ყოველთვის,მიუხედავად გაჭირვებისა. ჩემი აზრით, დედაშვილობა იქ მთავრდება, როდესაც შენი პატარას გვერდით არა ხარ. ახლა მხოლოდ ვირტუალური დედა ვარ, პატარა საფინანსო ბანკი, რაც არ უნდა კარგი დედა, დედამთილი, მეუღლე გყავდეს შვილისთვის დედა მაინც სულ სხვა ფენომენია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს შვილს სითბო, სიყვარული, მოვლა არ დაკლებია ჩემი ახლობლებიდან", - ამბობს ნესტანი.

დისტანცირებული ურთიერთობა ერთგვარ რისკს აჩენს. პირველ რიგში ბავშვებისთვის, რომელთაც დედის და ზოგჯერ ორივე მშობლის გარეშე უწევთ საკმაოდ გაურკვეველ რეალობასთან ადაპტირება. როდესაც მშობლები თითქოს ყავს, თუმცა, რეალურად არ ყავს. მათ მხოლოდ ეკრანზე უყურებს. მშობელი "პერსონაჟია" მრავალსერიანი სერიალისა, რომლის ფინალიც გაურკვეველია როდის დადგება.
ფინალი, დადგა პატარა ნატალისთვის. იგი ემიგრაციიდან დაბრუნებულ მშობელს შეხვდა. მათი შეხვედრის ისტორიას იხსენებს მეზობელი ნათია.

" როდესაც 6 წლის ნატას დედა ემიგრაციიდან დაბრუნდა, იმხელა შოკი იყო ბავშვისთვის, რომ ბავშვმა რამდენიმე დღე ხმა ვერ ამოიღო, დამუნჯდა სიხარულისგან", - იხსენებს ნათია.

ნათია იხსენებს სხვა შემთხვევასაც: ,"თათას ბებია ზრდიდა. მკაცრად ექცეოდა, დედა საბერძნეთში იყო და მკაცრი ბებიადან ვერ იცავდა. თათა ეკრანულ დედას მშობლად ვერ აღიქვამდა, ვერც ბებიადან იღებდა ნუგეშს, ამიტომ მე მთხოვდა უფლება მიმეცა ჩემთვის "დედა" დაეძახა. დედა 13 წლის შემდეგ ნახა პირველად."
ბავშვი და "ვირტუალური მშობელი"

ფსიქოლოგი დავით ფორჩხიძე ბავშვებს, რომელთაც მშობლები ემიგრაციაში ყავს პირობითად ორ კატეგორიად ყოფს. ბავშვები, რომელთაც "დე იურე" მშობელსა და "დე ფაქტო" აღმზრდელს შორის ლავირება უჭირთ და ბავშვები, რომლებმაც ვირტუალურ რეალობასთან ადაფტირება მოახერხეს და მიიღეს მათი "მშობელი მონიტორზე" როგორც "რეალური" მშობელი.

"ეს ბავშვების ის ნაწილია, რომელთაც ერთგვარად ავითარებს ვირტუალური სამყარო. ვისთვისაც ვირტუალური სამყარო ისეთივე რეალურია, როგორც რეალური. ის რაც პრობლემად ითვლება - ბავშვების ვირტუალურ სამყაროში პრაქტიკულად "ჩასახლება და "ცხოვრება", ამ შემთხვევაში შეიძლება დადებით როლსაც თამაშობს", - ამბობს დავით ფორჩხიძე.

დავითი ამბობს, რომ ამ საკითხზე საქართველოში კვლევა არ ჩატარებულა, ამიტომ ზოგადი კატეგორიებით თუ იხელმძღვანელებენ და ისე ისაუბრებენ იმ ფენომენზე, რასაც "ვირტუალური დედა-შვილობა" ქვია.

"ამ საკითხში ყველაფერი მნიშვნელოვანია: მარტო დედაა წასული თუ ორივე მშობელია წასულია? რა ასაკისაა ბავშვი? ვინ ზრდის აქ ბავშვს? მნიშვნელობა აქვს იმასაც, რამდენად ცდილობენ ბავშვის გამზრდელები გაარკვიონ, მოუყვნენ იმ ადამიანზე, ვისაც ეკრანზე ხედავს. მის შესახებ მეტი ინფორმაცია, მიაწოდონ ,დაეხმარონ გაცნობიერებაში, რომ საეკრანო პერსონაჟი მისი მშობელია. შეიძლება იყოს ზერელე დამოკიდებულებაც, მაშინ უფრო გაუჭირდება ბავშვს "საეკრანო დედის" მშობლად აღქმა", - აღნიშნავს ფსიქოლოგი.

დავით ფორჩხიძე გარკვეულ რჩევასაც იძლევა "მშობელმა შეიძლება რაღაც როლი შეიძინოს, ვთქვათ, ეკრანიდან ძილის წინ ზღაპარი მოუყვეს. რაიმე რიტუალი დააწესონ, რომელსაც ერთად შეასრულებენ. მნიშვნელოვანია მშობელს რაღაც ნიშა ქონდეს თავისი, ბავშვისთვის"უცხოდ" რომ არ დარჩეს".

ფსიქოლოგების თქმით, ისიც გასათვალისწინებელია, რომ სამყარო თანდათან უფრო გლობალური ხდება. ამ სამყაროში შესაძლებელია მშობელი, მაგალითად, მუშაობდეს გერმანიაში და ყოველ-შაბათ კვირას მიდიოდეს სახლში. ეს არის იდეალური გლობალური სამყარო. სპეციალისტები იმასაც აღნიშნავენ, რომ ვირტუალი რეალობა თანადათან ჩაანაცვლებს რეალურს. მსოფლიომ გადალახა ერთგვარი წერტილი, რომლიდანაც უკან დაბრუნება არ მოხერდება. ადამიანებს მოუწევთ იმასთან შეგუება, რომ სამყარო იცვლება.
ეს სამყარო ყველაზე ადრე შეიცვალა იმ ბავშვებისთვის, რომელთაც მშობლები ემიგრაციაში ჰყავთ. მათთვის ყველაზე ადრე დადგა "ვირტუალური რეალობა". რეალობა (ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით) მშობლიდან მიღებული სითბოს, სუნის და შეხების გარეშე.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა
16:01 / 15.11.2024
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით
საჩივრები არასამთავრობო ორგანიზაციებმა:
11:35 / 10.11.2024
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით საჩივრები არასამთავრობო ორგანიზაციებმა: "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", "სამართლიანმა არჩევნებმა", "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ", "საქართველოს მომავლის აკადემიამ" და "ღია სივრცე კავკასიამ" შეიტანეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.