საზოგადოება
სქესობრივი განათლება კამათისა და დუმილის ფონზე
FaceBook
ნაადრევი ქორწინება, სქესობრივად გადამდები დაავადებები, შიშები, ძალადობრივი კავშირები, ორსულობა ნაადრევ ასაკში, ამ პრობლემების არსებობის ერთ-ერთი მიზეზი სქესობრივი განათლების დეფიციტია.

ყოველ შემთხვევაში, ამაზე საუბრობენ სპციალისტები: სქესობრივი განათლება ერთმნიშვნელოვნად აუცილებელია, აცხადებენ ისინი. თუმცა, მიუთითებენ იმ "მეჩეჩებისა" და "წყალქვეშა ქვების" არსებობაზე, რაც ამ საკითხში მრავლად იძებნება. ეს ბარიერები პერიოდულად იჩენს თავს და სპციალისტების ნაკლებობაში, ტაბუსა და ცრურწმენების არსებობაში და ა.შ. გამოიხატება.

სანამ უფროსები კამათობენ, ან ამ საკითხზე დუმილს ამჯობინებენ, მოზარდებს თავად უწევთ იმ ცვლილებებთან გამკლავება, რაც მათ ორგანიზმში ხდება. ეს ცვლილებები კი ბევრ კითხვას აჩენს, რომელზეც პასუხების მოძიებამ არასწორ დასკვნებთან შეიძლება მიიყვანოს მოზარდი.

"მირჩევნია ჩემმა შვილმა სხვაგან და სხვისგან გაიგოს სქესობრივ ურთიერთობაზე. ძალიან მეუხერხულება ამ თემაზე ლაპარაკი, თანაც როგორ ვესაუბრო არც ვიცი", - აღნიშნავს ერთ-ერთი მშობელი.

მშობლებში სქესობრივი განათლების კუთხით ცოდნის ნაკლებობაზე საუბრობს ფსიქოლოგი დავით ფორჩხიძეც და აღნიშნავს, რომ საუკეთესო ვარიანტში ბავშვებს სწორედ მშობელი უნდა ელაპარაკებოდეს.

"თუმცა, მშობელი რიგ შემთხვევაში თავად საჭიროებს განათლებას. მაგარადმ, ამას არ ჭირდება წლები, რომ ზრდასრულმა ადამიანმა ინფორმაცია მოიძიოს. ერთ თვეში ეცოდინება ყველაფერი, რაც უნდა უთხრას ბავშვს. მაგრამ აქ იჩენს თავს ტაბუ. მშობლებს ტაბუ აკავებთ,იმიტომ, რომ მათ მშობლებსაც აკავებდათ ტაბუ. სექსზე ტაბუს ტრადიცია გრძელდება და ეს ოდესმე უნდა დაირღვეს", -ამბობს დავით ფორჩხიძე.

სანამ ტრადიცია გრძელდება, მშობლების ნაწილი ისევ ტრადიციებში ხედავს გამოსავალს.

"როდესაც გოგონასა და ბიჭს ერთმანეთი მოსწონთ, მათ მშობლებს ვურჩევ, რომ ბავშვები მოძღვართან წაიყვანოს. ის დაარიგებს და სწორ რჩევებს მისცემს", - ამბობს 14 წლის ლიზის დედა.

მშობელი არაიშვიათად იცილებს ვალდებულებას ესაუბროს შვილს მათ სხეულში მომხდარ ცვლილებებზე, პიროვნულ და სქესობრივ ძიებაში შეუწყოს ხელი.

ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ორმაგი ვალდებულება ეკისრება შეავსოს ეს დანაკარგი, თანაც ისე, რომ არ გამოიწვიოს საზოგადოების მხრიდან წინააღმდეგობა და ამასთან ერთად უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს.

ქართულ სკოლებში სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა ცალკე საგნად არ ისწავლება, ამ დანაკარგს ბიოლოგიის სახელმძღვანელოს მხოლოდ ერთი პარაგრაფი ავსებს.

"VIII კლასის ბიოლოგიის სასწავლო გეგმა ითვალისწინებს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესწავლას და რისკების გაცნობიერებას. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საკითხების შესაბამისად,მაგალითად, მე-8 კლასის ბიოლოგიის სახელმძღვანელოს მე-14 პარაგრაფი ეძღვნება ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, სადაც აღწერილია სოციალური პრობლემები და რისკები,რომლებიც თან სდევს ნაადრევ ქორწინებას. აგრეთვე აღწერილია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გართულებები და დარღვევები, რომლებიც უარყოფითად აისახება როგორც გოგონებზე, ასევეა ხალშობილზე",- აღნიშნავენ საქართველოს განათლების სამინისტროში.

სწავლების ამ კურსს არასაკმარისად მიიჩნევენ სპციალისტები.

"ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ თავის დროზე ისწავლოს ადამიანმა თავის დაცვა, პრეზერვატივი. თავის დროზე უნდა მიაწოდო ინფორმაცია, რომ არსებობს სქესობრივად გადამდები დაავადებები, რომ არსებობს სექსუალური ძალადობა, რომ მიხვდეს რაღაც ქმედება შეიძლება მის მიმართ განხორციელებული ძალადობა იყოს, ან თავად არ განახორციელოს ქცევა, რომელიც ძალადობაში გადადის. თუ არ იქნება შესაბამისი ინფორმაცია. ბავშვი ინფორმაციულ ვაკუუმში აღმოჩნდება, მერე ყველაფერს წაეპოტინება და ამით ცრურწმენა უყალიბდება", - აღნიშნავს ფსიქოლოგი, დავით ფორჩხიძე.

ცრურწმენასთან ერთად, ჩნდება ბევრი შიში და ფობია სექსუალურ ცხოვრებასთან დაკავშირებით, რასაც ამძიმებენ მავნე ტრადიციები (ბიჭის "დავაჟკაცების" აღიარებული პრაქტიკის , თუ გოგონას ნაადრევი ქორწინებების სახით).

ამას ემეტება სხვა გამოწვევები სქესობრივ განათლებაში ერთი ხედვის, ერთი პარადიგმის არარსებობის კუთხითაც.

"მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში და მითუმეტეს 21-ე საუკუნეში, პარადიგმები შეიცვალა. ბიოლოგიური სქესი და გენდერული იდენტობა არაა ყოველთვის ერთი და იგივე, ამიტომ ვერ ასწავლი ერთი ფორმულით", - აღნიშნავენ სპეციალისტები.

ამ მიმართულებით ინფორმაციის გაცემა კიდევ უფრო რთულდება დოგმატურ საზოგადოებაში, ამიტომ სპეციალისტთა ნაწილი სწავლების ზოგადი ფორმების მომხრეა.

"ნაწილი მომხრეა სწავლება ეხებოდეს იმას თუ ზოგადად რა არის სქესი, ის კი არა, რომ ბიჭი ხარ და კაცად უნდა ჩამოყალიბდე, გოგონა ხარ და ქალი უნდა იყო. ანუ ინფორმაციის გაცემა, ზოგადად, მოხდეს ქცევის მანერებზე, ჰიგიენაზე, მიუხდავად იმისა რომელ სქესს მიეკუთვნები და რა გენდერული იდენტობის ხარ", - აღნიშნავს დავით ფორჩხიძე.

თუმცა ფსიქოლოგი სქესობრივი განათლების მიღების უმთავრეს მიზანს და გამოსავალს პასუხისმგებლობაში ხედავს.

"მთავარი უნდა იყოს საკუთარ სქესობრივ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღება. ეს უნდა იყოს მიზანი. თუ ეს ასე მოხდება, ჩემი აზრით არც ერთი ტიპის მშობელი არ იქნება წინააღმდეგი, რომ სქესობრივი განათლება მიიღონ მოზარდებმა იმიტომ, რომ ამით ჩვენ ბავშვს ვეხმარებით საკუთარ სქესობრივ ქცევაზე პასუხიმგებლობა აიღოს და მართოს მოჭარბებული სექსუალური ემოციები", - აღნიშნავს დავით ფორჩხიძე.

სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სკოლებში სწავლება საქართველოს სახალხო დამცველის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, რომელიც ჯერ კიდევ ომბუდსმენის 2015 წლის ანგარიშში აისახა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.