სანდრო ონიკაშვილს ბავშვობიდან ჰქონდა ოცნება - ენახა თავისი
სამშობლო.
ბევრი მცდელობის შემდეგ 2010 წლის მაისში 2 კვირით ტურისტული
მარშრუტით ეწვია საქართველოს. სანდრომ საქართველოში ჩამოსვლისთანავე
შეიყვარა მისი სამშბოლო და ქართული ოჯახიც შექმნა.
"მე ვარ ერთი უბრალო ქართველი, უსაზღვროდ მიყვარს ჩემი ისტორიული
სამშობლო - საქართველო და ასევე, ყველა გულით და სულით ქართველი!
ზოგადად ფერეიდნელებს გვიყვარს საქართველო და ეს არაა უბრალოდ
წამოსროლილი სიტყვები", - ამბობს სანდრო ორინკაშვილი.
სანდრო ონიკაშვილის თქმით, ფერეიდნელი ქართველების ოცნებაა ერთხელ
მაინც ჩამოვიდეს სამშობლოში. მისი თქმით, სიყვარული მონატრებული
სამშბლოსადმი ისეთივეა, როგორც შვილის მონატრება დედისადმი.
ცენტრალური ირანის პროვინცია, ფერეიდანში ახლა ქართველების მე-16-17
თაობა ცხოვრობს. სანდროც მე-16 თაობას განეკუთვნება.
ფერეიდანი - ბახთიარის მთებში, ქალაქ ისპაჰანიდან დაახლოებით 100
კმ-ზე მდებარეობს. მე-17 საუკუნის დასაწყისში ირანის შაჰმა, აბას
პირველმა საქართველოდან 200 ათასი ქართველი ფერეიდანში გადაასახლა,
რომელთა შორის იყვნენ ჩვენი რესპონდენტის, სანდრო ონიკაშვილის
წინაპრებიც.
"ფერეიდანში მცხოვრები ქართველები, პირველ ხანებში, ინარჩუნებდნენ
რჯულსა და ზნე-ჩვეულებებს, მაგრამ შემდეგ მათ იძულებით შეაცვლევინეს
სარწმუნოება. თუმცა დღემდე შეინარჩუნეს ქართული ენა და ზოგიერთი
ქრისტიანული ჩვევა. უკანასკნელ წლებში გამოქვეყნებული მასალებით,
ქართველობა 12-14 ათას კაცს შეადგენს"- ამბობს, სანდრო
ონიკაშვილი.
რაც შეეხება ახლანდელ ვითარებას, ირანის სხვადასხვა ქალაქსა და
რაიონში, ორ მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს. თუმცა, როგორც სანდრო
ონიკაშვილი აცხადებს, 100 000 არ იქნება, ვინც ქართველობას
ინარჩუნებს.
სანდროს მეუღლე ლიკა შამათავა წარმოშობით აფხაზეთიდანაა. სანდროს
საქართველოში დარჩენა, სწორედ, ლიკასადმი გაჩენილმა გრძნობამ
განაპირობა. ამჟამად ყავთ წლის 5 თვის ილია.
სანდრომ და მისმა მეუღლემ ერთმანეთი თბილისში, პოეზიის საღამოზე
გაიცნეს. როგორც სანდრო ამბობს, მისი ბავშვობისდროინდელი სურვილი
ქართველი ცოლის შერთვა იყო.
"ეს ჩვენი ოჯახის და სანათესაოს დაუწერელი კანონია, რომ აუცილებლად
ქართველზე უნდა დავქორწინებულიყავი. ამ შეგნებით ვიზრდებოდით, რათა
ქართული ჯიში შენარჩუნებულიყო", - ამბობს სანდრო.
სანდრო ონიკაშვილი, ასევე, საქართველოს საპატრიარქოს ხელშეწობაზე
საუბრობს, მათი სამშობლოში დაბრუნების საკითხში: "უწმინდესის
ფერეიდანში ჩამობრძანების შემდეგ უამრავი ახალგაზრდა ჩამოვიდა
საქართველოში და საპატრიარქოს მხარდაჭერით და მფარველობით დარჩა. მათ
აქ მიიღეს განათლება, დაოჯახდნენ და უკვე ცხოვრობენ
საქართველოში".
სანდრო ონიკაშილის თქმით, ფერეიდანში ხშირად გადააწყდებით
ავტომანქანებს წარწერებით: "სამშობლო", "საქართველო", "მე მიყვარს
საქართველო!"...
"ბევრია ასეთი წარწერები, ყველას ვერც ვიხსენებ. ასევე, ქართველთა
სახლებზე ამოტვიფრულია შოთა რუსთაველის აფორიზმები".
ფერეიდანში ქართული სკოლები არ არსებობს, თუმცა არის საკვირაო
სკოლები, სადაც თანამდეროვე ქართულს ასწავლიან.
"თეირანის უნივერსიტეტში არსებობს ქართული ენის კათედრა, რომელსაც
ხელმძღვანელობს ჩემი მეგობარი, ანდრო ნაგელიანი. ისე ნუ წარმოიდგენთ,
რომ რაიმე ხელშეწყობა ჰქონდეს იქ, არა! არ გვიზღუდავენ, მაგრამ არც
ხელს გვიწყობენ"- აცხადებს ფერეიდნელი ქართველი.
სანდრო ონიკაშვილი იხსენებს, რომ სანამ სკოლაში დაიწყებდა სიარულს,
სპარსული საერთოდ არ იცოდა. ოჯახში მხოლოდ ქართულად საუბრობდნენ.
"მერეც, როცა ავითვისეთ იქაური ენა, ოჯახში გვეკრძალებოდა სპარსულად
საუბარი. დედა მკაცრად მოითხოვდა, რომ ქართულად გვესაუბრა. ასე იყო
უმრავლესობა ფერეიდნელების ოჯახში და ზოგადად, ასე შენარჩუნდა ენა"-
იხსენებს სანდრო ონიკაშვილი.
პირველი ფერეიდნელები, ხუციშვილი და ონიკაშვილი, საქართველოში 1896
წელს ჩამოსულან. ხოლო მოგვიანებით 1972 წელს 18 ოჯახი ჩამოასახლეს
საქართველოში მუდმივ საცხოვრებლად. თუმცა, მოგვიანებით სხვადასხვა
მიზეზის გამო რამდენიმე ოჯახი უკან დაბრუნდა.
დღეს ფერეიდნელები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობენ:
ახაშენში, ვაზისუბანში, საგარეჯოში და თბილისში.
გასულ წლებში ფერეიდნელების ერთი ნაკადი კვლავ ჩამოვიდა საქართველოში.
ზოგიერთმა მათგანმა აქვე შექმნა ოჯახი და დამკვიდრდა.
სანდრო ონიკაშვილი თბილისში, გლდანის რაიონში, ნაქირავებ ბინაში,
მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. თბილისშივე
მუშაობს ერთ-ერთ ირანულ კომპანიაში.
სანდრო ონიკაშვილი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან არაა ჯეროვანი
ყურაღება მათ მიმართ, რადგან ფერეიდნელ ქართველებს პრობლემები
ექმნებათ პასპორტიზაციის, ქართული გვარების აღდგენის, ვიზის
საკითხებში და ა.შ.
მასალის გამოყენების პირობები