საზოგადოება
"დამელოდე საქართველო!" - დუმილი და მრისხანება საოკუპაციო ხაზთან პერევში (ფოტო/ვიდეო)
FaceBook

„გამარჯობა, მე ლუკა ტოროშელიძე ვარ, გენერალი!“ - ასე ეცნობა გამხდარი, ცისფერთვალება, მაგრამ მტკიცე ხასიათის საჩხერელი ლუკა ტოროშელიძე ადამიანებს.

ასეთი წარდგენა ყველას აოცებს, თუმცა როდესაც იგებენ საიდან არის ბიჭი, ყველა ხვდება, რატომ შეიძლება უნდოდეს 9 წლის ბავშვს გენერლობა და ქართულ ჯარში სამსახური.

ლუკა, პერევში იზრდება.  სოფელში, რომელიც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებისა და რუსი სამხედროების მიერ კონტროლირებად ჯავის მუნიციპალიტეტს ესაზღვრება.


2008 წლის ომის დროს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელი პერევი რუსმა სამხედროებმა დაიკავეს და 2010 წლის ოქტომბრამდე აკონტროლებდნენ. ლუკა ომის შემდეგ დაიბადა. რუსი ჯარისკაცები თავის სოფელში არ ახსოვს, მაგრამ დედისგან, სოფო ღონღაძისგან, დეტალურად იცის, რა ხდებოდა მაშინ და სად იყო ოკუპანტი ჯარის საგუშაგო.

საგუშაგომ ადგილი იცვალა - ნახევარი კილომეტრით, მდინარე ყვირილას გაღმა, ჯავის მუნიციპალიტეტის მიმართულებით გადაინაცვლა, თუმცა ისევ საქართველოს ტერიტორიაზე დარჩა.

"ეს ჩვენი ბიჭების საგუშაგოა", - ხელს იშვერს პირობით გამყოფ ხაზთან მდებარე ქართული სადარაჯოსკენ ლუკა.

"ეს კი ქარძმანია, მამიდების სოფელი, სადაც მისვლა ჩემი ოცნებაა. ჩემი მამიდაშვილები მიყვებიან, რომ ამ სოფელში კარგი ჩანჩქერია, ძალიან მინდა ამის ნახვა, მაგრამ რუსები არ გვიშვებენ", - გვეუბნება ლუკა და გვაჩვენებს რუსების საგუშაგოს, თან გვაფრთხილებს, არ დაგვინახონ რუსებმაო.



ქარძმანში სტუმრობა მარტო ლუკას ოცნება არაა. სოფელი და მისი განთქმული ჩანჩქერი ათი წელია პერევიდან არავის უნახავს.

2008 წლის ომმა წაიღო ტერიტორიები და დატოვა დაძაბულობანარევი სიბრაზის განცდა.

პირობით საზღვართან არსებობა სოფელს მძიმე ენერგეტიკით მუხტავს. თითქოს სიმშვიდეა, მაგრამ ატმოსფერო გაჟღენთილია რაღაც უსიამოვნოს მოლოდინით.

აგვისტოს ომის გამაყრუებელი სიჩუმე, რომელმაც შეიარაღებული დაპირისპირების პირველივე დღეებში მოიცვა სოფელი, ლუკას დედის, სოფო ღონღაძის ყველაზე მძიმე მოგონებაა.

„მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შემდეგ სოფელი დაცარიელებული იყო, ერთ- ერთი ბოლო ჩვენი ოჯახი გავიდა. არსაიდან ადამიანის ხმა არ ისმოდა, არც მამლის ყივილი არც ძაღლის ყეფა. ჩიტებიც და მწერებიც გაჩუმებულიყვნენ.  ეს სიჩუმე არასდროს დამავიწყდება“.


ყველა პერეველის მეხსიერებაში ჩაიბეჭდა სურათი და მძიმე განცდა, როდესაც სოფელში რუსული ჯარი შემოვიდა, ბლოკ-საგუშაგო განათავსა და სოფელი ორ ნაწილად გაყო. ამ საგუშაგოს აჩრდილი პერეველებს დღემდე არ ცილდებათ და არც მახსოვრობაში ფერმკრთალდება.

„ყოველ გასვლა-გამოსვლაზე საბუთებს გვიმოწმებდნენ, ერთხელ თმა შევიჭერი და კინაღამ პრობლემა შეიქნა ბლოკ-პოსტზე  ჩემი გატარების. დიდხანს მატრიალებინა თავი და ათვალიერა ჩემი თმები რუსმა ჯარისკაცმა. ძალიან შეურაცხმყოფელი და მძიმე გადასატანი იყო“, - იხსენებს სოფო.

„საგუშაგოზე არა თუ მიახლოება მასზე გაფიქრებაც საკმარისი იყო და უკვე ცუდად ვხდებოდი. ყოველ გავლა-გამოვლაზე თითო სიცოცხლეს ვტოვებდით იქ, მიუხდავად იმისა, რომ თითქოს არ გვერჩოდნენ და სოფელშიც არ შემოდიოდნენ“, - ყვება პერევში მცხოვრები ნანული ტოროშელიძე.



პერეველი კაცები ომზე არ ლაპარაკობენ. დუმან. მათი დუმილი კიდევ უფრო მძიმე მოსასმენია.

სიჩუმეა მდინარე ყვირილას პირას ხიდზე, პირობით საზღვართანაც.

რუსი სამხედროები არ ჩნდებიან, თუმცა ყველამ იცის, რომ იქვე არიან და სოფელს უთვალთვალებენ.

ქარძმანი მდინარის გაღმა მდებარეობს. პერეველებს მდინარის გაღმელებთან ყველანაირი კონტაქტი ეკრძალებათ. „ურჩობა“ მძიმედ ისჯება. სოფლელების თქმით, არავინ გაუტაცებიათ, თუმცა იყო დაკავებები ე.წ. საზღვრის დარღვევის გამო. ამიტომ პერეველები, საჭიროების შემთხვევაში, კომუნიკაციის სხვა ფორმებს პოულობენ.

„წამალი დაჭირდა ქარძმანში მცხოვრებს, სასწრაფოდ იყო მისაწოდებელი. პერევიდან შეეძლოთ ორ წუთში მიეწოდებინათ, რუსმა სამხედროებმა ამის უფლება არ მისცეს.  მაშინ ბიჭებმა მოიფიქრეს ცხენი გამოეყენებინათ. მას ფაფარზე შეაბეს წამალი და მდინარეში შეუშვეს, ცხენმა მდინარე გადაიარა. ქარძმანელები მეორე ნაპირზე დახვდნენ, წამალი მოხსნეს და ცხენი უკან გამოუშვეს“, - ყვება  პერევის მცხოვრები გულო ტოროშელიძე.

თუკი საქონელი პირობითი საზღვრის მიღმა სოფლების სინაგურის ან დედალეთის ტერიტორიაზე გადავიდა, დაკარგულად მიიჩნევა. ოსი მეზობლები კეთილ ნებას თუ არ გამოიჩენენ და უკან არ გამორეკავენ, პერეველებს მათი დაბრუნების იმედი არ უნდა ჰქონდეთ.

წართმეული ტერიტორიების გამო პერევში საბალახოები აღარ არის,  ომმა საძოვრებიც წაიღო. ამიტომ ორ ან რამოდენიმე საქონელს ვერ იყოლიებენ. მათი გამოკვება ჭირს და დაკარგვის ალბათობაც მეტია. ამიტომ პერეველები იძულებულები ხდებიან ერთს დასჯერდნენ.

პერევის მცხოვრებლებს ომი და სოციალური გასაჭირი თანაბარი სიძლიერით უტევთ. ეს მოსახლეობის რაოდენობაზეც აისახება.

ბოლო ათ წელიწადში ასი ოჯახით მაინც შემცირდა მოსახლეობის რიცხვი, აღნიშნავს ნანული ტოროშელიძე, რომელიც პერევში, წლების განმავლობაში ფოსტის თანაშრომელი იყო და მოსახლეობის რაოდენობის ცოდნა მისი საქმიანობის ნაწილს შეადგენდა.

„შიშს და გაჭირვებას გაურბის ხალხი“, - ამბობს ნანული.

საზღვრისპირა სოფელი „მთის სოფლის“ სტატუსით სარგებლობს ("მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" საქართველოს კანონი ითვალისწინებს დანამატს სახელმწიფო პენსიაზე, დანამატს სოციალურ პაკეტზე, სახელფასო დანამატს მასწავლებლებისთვის, მოხმარებული ელექტროენერგიის თანადაფინანსებას, დასაქმებულთა და მეწარმე ფიზიკური პირების გათავისუფლებას საშემოსავლო გადასახადისგან და ა.შ.). მოქმედებს „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამა. ასევე ხორციელდება სტუდენტთა დაფინანსების სოციალურ პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს იმ სტუდენტების დაფინანსებას, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს სოფელ პერევის საჯარო სკოლაში ან 2008 წლის 7 აგვისტომდე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სწავლობდნენ პერევის საჯარო სკოლაში, ხოლო სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ და სხვა სახელმწიფო პროგრამები. 

თუმცა პერეველებს ეს სახელმწიფო პროგრამები მაინც ნაკლებად უტოვებს დაცულობის და სახელმწიფოს გვერდში ყოფნის ცხად შეგრძნებას.

„არის ეს ყველაფერი, მაგრამ გაჭირვება და დაძაბულობის განცდა მაინც უფრო მეტია“, - ამბობენ პერეველები.

ამ სახელმწიფო სერვისებიდან რიგი პროგრამით ჯავის მუნიციპალიტეტის სოფლების მცხოვრებლებმაც ისარგებლეს.

ჯავის მხარეს დარჩენილები შედარებით იოლად გადაადგილდებიან. ამიტომ ისინი იმ „სიკეთეებსაც“ იღებენ, რასაც ქართული სახელმწიფო საზღვრისპირა სოფლებისთვის გაიმეტებს.

„მაგრამ იქაურობას ჩვენ არავინ გვაკარებს“, -  ამბობენ პერეველი ქალები.

წელს ზამთარში პირობითი საზღვარი 65 დღე იყო ჩაკეტილი, თითქოსდა ვირუსების გამო. ვერც ქარძმანის მცხოვრებლები გადმოდიოდნენ პერევში. პირობით საზღვარს რუსები წელიწადში ორჯერ კეტავენ - ზამთარში და ზაფხულში, გვიყვებიან ადგილობრივები.

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ პერეველებსაც ეძლევათ ქარძმანში შესვლის შესაძლებლობა.

პერევში მცხოვრებლების ნაწილს ნათესავები ქარძმანის საასფლაოზე ჰყავს დასაფლავებული. წელს, სააღდგომოდ, პერეველებს ქარძმანის სასაფლაოზე გასვლის უფლება მისცეს. თუმცა გადავიდოდნენ თუ არა, ბოლო წუთამდე არავინ იცოდა. აკრძლვაც დ ა დაშვებაც ლოგიკას ან რაიმე განაწესს არ ექვენდებარება. ყველაფერი გაუკებარი, ბუნდოვანი და ქაოსურია

„გასულ წლებში ისეც მომხდარა, რომ შაბათს გადაგვიშვეს სასაფლაოს გასაწმენდად, მაგრამ კვირას, აღდგომას არ გადაგვიშვეს. მიზეზი  უცნობია“, - ამბობს პერევში მცხოვრები გულო ტოროშელიძე.

ბუნდოვანება და გაურკვევლობა ადგილობრივებს დამატებით სტრესებს უქმნის. მითუმეტეს, გარემო მათ რეალობიდან გაქცევის და თავის მოტყუების საშუალებას არ აძლევს.

თუკი დანარჩენი საქართველო, ხელისუფლების ჩათვლით, პერიოდულად ივიწყებს, რომ საქართველოს 20% უკუპირებულია, პერეველები ვერასდროს დუნდებიან. მათ ყველაფერი ეუბნება, რომ საქართველო დანაწევრებულია.

ამას მუდმივად ხედავენ დიდები, ამას გრძნობენ ბავშვები. ამიტომ უნდა გენერლობა პატარა ლუკას, უნდა საქართველოს „გადიდება“ პერევიდან დაიწყოს. ამის შესახებ სკოლაში დაწერა, როცა დავალებად „ჩემი მომავალი პროფესია“ მისცეს.





თხზულება ასე სრულდებოდა: „დამელოდე, საქართველო! გენერალი ლუკა ტოროშელიძე“.


ავტორები: ეკა კუხალაშვილი, თეკლე მორგოშია

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.