ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა 45 წლის მამაკაცის
მკვლელობისთვის ბრალდებულს გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს.
მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით 2016 წლის 5
ნოემბერს ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მოხდა, რომლის შედეგად სავალუტო
ჯიხურის თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე დღეში შინაგან საქმეთა სამინისტრომ 24
წლის მამაკაცი დააკავა. მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის
კოდექსის 236 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით, ასევე, 179-ე მუხლის მე-3
ნაწილის "გ" პუნქტით და 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" პუნქტით
აღიძრა.
ბრალდებულმა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით საქმის განხილვა
თავად მოითხოვა. პროცესები ქუთაისის საქალაქო
სასამართლოში მიმდინარე წლის აგვისტოდან მიმდინარეობდა.
საქალაქო სასამართლოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ბრალდებულს 20
წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მოწოდებული
ინფორმაციით, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით
მიმდინარე წელს 4 სისხლის სამართლის საქმეა წარმოებაში.
2012 წლიდან ამ დრომდე კი სულ ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით 10 სისხლის
სამართლის საქმე წარიმართა.
"სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის" თანახმად, ნაფიც მსაჯულთა
სასამართლო 12 მსაჯულისა და 2 სათადარიგო მსაჯულისაგან შედგება.
ასევე, ამავე კოდექსით განსაზღვრულია თუ ვის შეუძლია გახდეს ნაფიცი
მსაჯული. ("სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსი"; მუხლი 27-31)
მასალის გამოყენების პირობები