სამართალი
“არაპროპორციული სანქციები უთანაბრდება შეკრების უფლების გაუქმებას”
FaceBook
მასშტაბური რეპრესიებისა და ტერორის ფონზე, "ქართული ოცნება" კანონებს ამკაცრებს.

პოლიტიკური ძალა, რომელმაც უკვე დააპატიმრა 460-ზე მეტი მოქალაქე, 300-ზე მეტ დემონსტრანტს სცემა, დაემუქრა, მათ შორის გაუპატიურებით, პირდაპირ ეთერში მძიმე დაზიანებები მიაყენა მედიის წარმომადგენლებს, სადარბაზოებთან უსაფრდება და სცემს აქციის მონაწილეებს, ძალის გამოყენებით, ორდერის გარეშე შედის სახლებში, კანონდარღვევით ჩხრეკს მოქალაქეებს საზოგადოებრივ სივრცეებში და ყველას, ვინც რეჟიმის წინააღმდეგ ხმას იმაღლებს, ქვეყნის მტერს უწოდებს, ტოტალური ძალაუფლების დაკანონებას ცდილობს.

"ქართულმა ოცნებამ" ცხრა დღეში მოამზადა "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატან ცვლილებათა პაკეტი, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს რეჟიმს და ზღუდავს მოქალაქის, დემონსტრანტის უფლებებს.
ქვეყნის სათავეში მყოფი ძალა, ახლა ცდილობს ყველა უკანონო ქმედება, რასაც ამ დღეებში ძალოვანი უწყებების თანამშრომლები დემონსტრანტების წინააღმდეგ ჩადიოდნენ და ჩადიან, კანონის დონეზე განამტკიცოს. ამიტომაც, ისევე, როგორც ყველა რეჟიმი, გადადის ინსტინქტებით მოქმედებაზე და მთავარ დარტყმას აყენებს ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიცაა შეკრების და გამოხატვის თავისუფლება. "ქართულ ოცნებას" იმედი აქვს, რომ ამ გზით მძლავრ საზოგადოებრივ პროტესტს ჩაახშობს.

"ქართული ოცნების" პარლამენტმა ცვლილებები დაჩქარებული წესით, სამ დღეში მიიღო. რეჟიმმა, დემონსტრანტებისთვის პროტესტის გამოხატვის ფორმების შესაზღუდად, არათუ გაამკაცრა არსებული კანონები, არამედ, შექმნა ახალი სამართალდარღვევები. მაგალითად, აქციაზე, სადაც სპეცრაზმი ცრემლსადენ გაზსა და წიწაკის სპრეის დიდი რაოდენობით უშვებს, აქტივისტს არ ექნება უფლება გამოიყენოს ნიღაბი. კანონი კრძალავს არამხოლოდ სახელდობრ, ნიღბის გამოყენებას, არამედ, ნებისმიერი საშუალებით სახის დაფარვასაც. რეჟიმმა სამართალდარღვევად აქცია დემონსტრაციაზე ლაზერული გამოსხივების მქონე საშუალების გამოყენება, რითაც აქტივისტები დისკომფორტს უქმნიდნენ სამართალდამცველებს. ამ ორი ახალი კანონდარღვევისთვის პირი 2000 - 2000 ლარით დაჯარიმდება.

უწყვეტმა საპროტესტო აქციებმა აჩვენა, რომ მოქალაქეები ეფექტურად იყენებდნენ პროტესტის გამოხატვის ისეთ ფორმებს, როგორიცაა ავტოკოლონებით მსვლელობა, გზის გადაკეტვა და პიროტექნიკის გამოყენება. ყველა ამ ქმედებაზე "ქართული ოცნების" პასუხია ჯარიმების რაოდენობის გაზრდა, ზოგ შემთხვევაში, ათჯერაც კი.

მაგალითად, თუ აქციისას გზა გადაიკეტა, მაგრამ პოლიციამ ჩათვალა, რომ ამ ქმედებისთვის ხალხის საკმარისი რაოდენობა არ არის, შეეძლება თითოეული დემონსტრანტი 500 ლარის ნაცვლად, 5000 ლარით დააჯარიმოს, ხოლო თუ სამართალდამცველი ჩათვლის, რომ რომელიმე პირი, მისი აქტიურობის მიხედვით, აქციის ორგანიზატორია, შეუძლია 15 000 ლარით დააჯარიმოს, ნაცვლად 5000 ლარისა. ეს წესი იმოქმედებს იმ შემთხვევაშიც, თუ დემონსტრანტები ბლოკავენ დაწესებულებების შესასვლელებს. ამგვარი დარღვევისთვის, უფრო მკაცრი სასჯელის სახით, შესაძლოა 15 დღემდე პატიმრობაც იქნას გამოყენებული.

კანონი მკაცრდება ავტოკოლონებით მსვლელობის შემთხვევებზეც. თუ პოლიციამ ჩათვალა, რომ მძღოლები აფერხებენ ტრანსპორტის მოძრაობას, მათ დააჯარიმებს 1000 ლარით და ერთი წლით ჩამოართმევს მართვის უფლებას. აქციაზე პიროტექნიკით ყოფნა, მიუხედავად იმისა, მოხდა თუ არა მისი გამოყენება, ჯარიმდება 5000 ლარით, ხოლო თუ ჩაითვალა, რომ ეს ორგანიზებული ფორმითაა გაკეთებული, მაშინ ორგანიზატორი 15000 ლარით შეიძლება დაჯარიმდეს ან დააკავონ 15 დღემდე ვადით.

50-ის ნაცვლად, 1000 ლარით დაჯარიმდება პირი, რომელიც უნებართვოდ განათავსებს საპროტესტო სტენსილს/წარწერას ან პლაკატს. საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს აქციაზე მყოფი არასრულწლოვანი პირის მშობლების დაჯარიმებასაც. მაგალითად, თუ არასრულწლოვანი არ დაემორჩილება პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, მასთან ერთად 100-დან 300 ლარამდე დაჯარიმდება მისი მშობელიც.

რეჟიმი აფართოებს პირის დაკავების გარემოებებსაც. ამ მიზნის გასამარტივებლად, კანონს დაემატა ახალი საფუძვლები, რომლითაც პოლიციას შეუძლია მოქალაქის არამხოლოდ დაკავება, არამედ პირადი გასინჯვა, მისი ნივთების გასინჯვა, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა. ცვლილებების მიხედვით, სამართალდამცველს შეეძლება მოქალაქე ვარაუდის საფუძველზე დააკავოს, რადგან ჩათვალოს, რომ აღნიშნულმა პირმა, შესაძლოა მომავალში ჩაიდინოს სამართალდარღვევა. ამგვარი პრევენციული დაკავებისთვის საკმარისია პირი ადრე იყოს ცნობილი სამართალდამრღვევად. პირი, ასევე შეიძლება დააკავონ მხოლოდ იმის გამო, რომ სასამართლოში მიიყვანონ, მიუხედავად იმისა, თავად უარს ამბობს თუ არა მისვლაზე. ამ საფუძვლით, პოლიციას მაშინაც შეუძლია დააკავოს პირი, თუ სასამართლოში ჯერ საერთოდ არ არის საქმე შეტანილი. სასამართლოში მიყვანის მოტივით, ნებადართული გახდა პირადი გასინჯვა, ნივთების გასინჯვა და ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა.

სიტყვისა და გამოხატვის, შეკრების უფლებებზე ამგვარ ღია და მრავალმხრივ შეტევას, იურისტების, კანონმცოდნეების, არასამთავრობო სექტორის უმწვავესი რეაქციები მოჰყვა. მათი შეფასებით, ეს ცვლილებები ქვეყანას მთლიანად აცლის დემოკრატიის საფუძველს და სახელმწიფოს დიქტატორულ რეჟიმად გარდაქმნის.

"ასეთი არაპროპორციული სანქციები, თავისი მსუსხავი ეფექტით, უთანაბრდება შეკრების უფლების გაუქმებას. ეს, უბრალოდ, პირდაპირ ვერ ჩაწერეს კანონში. ეს, ერთი მხრივ ემსახურება იმას, რომ ადამიანები აღარ გამოვიდნენ შეკრებაზე და მეორე მხრივ, თუ ვინმე ამას გაბედავს, სამაგალითოდ დასაჯონ. თუ რამე რეფორმა ჩატარებულა ამ წლების განმავლობაში, სამ დღეში გააფუჭეს ყველაფერი. მთლიანად ამოატრიალეს ჩვენი კანონმდებლობა და ამსგავსებენ დიქტატორული სახელმწიფოების კანონმდებლობას. ეს ცვლილებები არის სამართლიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობის ყველა პრინციპის დარღვევა, მთლიანად სამართლის პრინციპების ამოტრიალება. აბსურდამდე მივიდნენ", - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" საპარლამენტო მდივანი ლიკა საჯაია "ქუთაისიპოსტთან" საუბარში.

ცვლილებებს, რომლითაც თანდათან ვიწროვდება მოქალაქის უფლებათა სივრცე, საგანგაშოს უწოდებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე. მისი თქმით, "ქართული ოცნების" მცდელობა რეპრესიული მეთოდებით ჩაახშოს პროტესტი, ავტოკრატიული რეჟიმებისთვის არის დამახასიათებელი.

"ყველაზე საგანგაშო ამ ცვლილებებში არის დაკავების საფუძვლების გაფართოება და მათ შორის, პირის პრევენციულადა დაკავება, როცა სამართალდამცველს მხოლოდ იმიტომ შეუძლია დააკავოს მოქალაქე, თუ ის ივარაუდებს, რომ პირმა, შესაძლოა მომავალში ჩაიდინოს სამართალდარღვევა. ცხრა დღეში მოამზადა "ქართულმა ოცნებამ" ყველა ეს ცვლილება, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ის ცდილობს, მოსალოდნელი სანქციის შიშით, დემონსტრანტებმა თავი შეიკავონ პროტესტში მონაწილეობაზე. ხელისუფლება ცდილობს, კიდევ უფრო დაავიწროოს შეკრება-მანიფესტაციებსა და გამოხატვის სივრცე, რაც არის დამახასიათებელი ავტოკრატიული რეჟიმებისთვის", - ამბობს ნინო ქურდოვანიძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში.

"ქართული ოცნების" მცდელობა, სამაგალითოდ დასაჯოს მისი მავნებლური პოლიტიკის მოწინააღმდეგეები, ჯერჯერობით უშედეგოა. რეჟიმად ქცეულ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ახლა ძალაუფლების სათავეშია, უკვე სამი კვირაა ურყევი პოზიციით პასუხობენ მოქალაქეები. 28 ნოემბრის შემდეგ, თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში, არც ერთ დღეს არ ჩაუვლია პროტესტის გარეშე. ადამიანები, ყოველ საღამოს, თვითორგანიზებით იკრიბებიან საკუთარ ქალაქებსა და ადმინისტრაციულ ცენტრებში და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

რეჟიმი აცნობიერებს, რომ პროტესტი, რომელიც ერის ხმად იქცა, გაცილებით უფრო მძლავრი იარაღია მის წინააღმდეგ, ვიდრე ის კანონები, რომლითაც მოქალაქეების დაშინებას ცდილობს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ერთ-ერთ კერძო სამედიცინო დაწესებულებას, სასამართლომ,
პაციენტის სასარგებლოდ, მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.
11:23 / 17.07.2024
ქუთაისში, ერთ-ერთ კერძო სამედიცინო დაწესებულებას, სასამართლომ, პაციენტის სასარგებლოდ, მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.
იპოთეკური სესხის გამო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ტრაგედია
საქართველოსთვის უცხო არ არის.
12:00 / 30.04.2024
იპოთეკური სესხის გამო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ტრაგედია საქართველოსთვის უცხო არ არის.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.