უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის
დელეგაცია შეხვდება რუსეთის დელეგაციას უკრაინა - ბელარუსის
საზღვარზე.
ამის შესახებ მან „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
უკრაინის პრეზიდენტი „ფეისბუქის“ გვერდზე ბელარუსის პრეზიდენტთან
ალექსანდრე ლუკაშენკოსთან საუბრის შესახებ წერს:
„ჩვენ შევთანხმდით, რომ უკრაინული დელეგაცია შეხვდება რუსეთის
დელეგაციას ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, უკრაინა - ბელარუსის
საზღვარზე, მდინარე პრიპიატის რაიონში. ლუკაშენკომ საკუთარ თავზე აიღო
პასუხისმგებლობა იმაზე, რომ უკრაინის დელეგაციის გამგზავრების,
მოლაპარაკებისა და უკან დაბრუნების დროს ყველა თვითმფრინავი,
ვერტმფრენი და რაკეტა, რომლებიც ბელარუსის ტერიტორიაზეა განთავსებული,
ხმელეთზე დარჩება“, - წერს ზელენსკი.
რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული
ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი),
აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან
(ყირიმი).
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო ყოველდღიურად უფრო და
უფრო მკაცრი სანქციებს უწესებენ ამერიკის შეერთებული შტატები,
ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი.
მასალის გამოყენების პირობები