გაჭიანურებული რეაბილიტაცია - რატომ გადავადდა კოსტავას ქუჩაზე სამუშაოები
15:18 / 10.04.2025
ქუთაისში, კოსტავას ქუჩის გზის საფარის რეაბილიტაცია, რომელიც, ჯერ
ჯიდევ, თებერვალში უნდა დასრულებულიყო, ახლაც გრძელდება.
ადგილობრივები ამბობენ, რომ 11 თვის განმავლობაში გადათხრილი გზა
პრობლემებს ქმნის როგორც მანქანებისთვის, ასევე ქვეითებისთვისაც. ამის
გარდა, ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამოც,
რომ საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას
უჭირს მათთან მისვლა.
"ხან ამინდები არაა, ხან რაღაც უშლით კიდევ ხელს და გავიდა ასე
თვეები. გვეუბნებიან, აგვისტომდე გვაქვს დრო დასამთავრებლადო. არადა,
წვიმაში ატალახებულია აქაურობა, მანქანები აქ ვერ შემოდის. ვერც ტაქსი
მოდის და ვერც სასწრაფო რომ დაგვჭირდეს. მოშორებით უნდა გააჩერონ და
ფეხით მოვიდნენ ამ გადათხილ ქუჩაზე", - გვეუბნება კოსტავას ქუჩის
მკვიდრი.
ქუთაისის მერიამ კოსტავას ქუჩის გზის საფარის რეაბილიტაციაზე
სახელმწიფო შესყიდვა, პირველად, 2023 წლის დეკემბერში გამოაცხადა.
მაშინ მერიამ, 1 870 837 ლარის ღირებულების ტენდერი [NAT230027620],
სახელმწიფო შესყიდვაზე წინადადების მიღებამდე ოთხ დღეში, საბინაო
ინფრასტრუქტურის სამსახურის მიმართვის საფუძველზე, თავადვე
ჩაშალა.
შესყიდვის შეწყვეტის ოქმში ეწერა, რომ აღნიშნულ ქუჩაზე არსებული
კანალიზაციის ქსელი აღარ ექვემდებარებოდა მიმდინარე შეკეთებას.
შესაბამისად, მოცემული ქსელის კაპიტალური რეაბილიტაციის გარეშე საგზაო
ინფრასტრუქტურის მოწყობა რეაბილიტირებული საავტომობილო გზის საფარის
დეფორმაციის რისკებს შეიცავდა.
მეორედ სახელმწიფო შესყიდვა მერიამ სამი თვის შემდეგ (2024 წლის
მარტში) გამოაცხადა, ოღონდ, ამ შემთხვევაში, პირველ ჯერთან შედარებით,
ნახევარ მილიონზე (619 163 ლარი) მეტით გაზარდა თანხა.
საბოლოოდ, მერიასა და კომპანია "ჯეო კონსტრაქშენ ენდ სისტემს ინკ
საქართველოს ფილიალს" შორის ხელშეკრულება ზუსტად, 2 მილიონ 198 772
ლარზე გაფორმდა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს შიდა
გზას, რომლის სიგრძეც 746 მეტრია. ასევე, გათვალისწინებულია კოსტავას
ქუჩის მიმდებარე ჩიხების რეაბილიტაციაც. გზის ორივე მხარეს მოეწყობა
ტროტუარები, ბორდიურები და სანიაღვრე არხი.
კომპანიამ გზის რეაბილიტაცია 2024 წლის ივნისში დაიწყო. მართალია, სამუშაოები 9 თვეში,
ანუ მიმდინარე წლის თებერვალში უნდა დასრულებულიყო, თუმცა,
ხელშეკრულებაში მალევე შევიდა ცვლილებები.
ბოლო, მეხუთე ცვლილების მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაოების
დასრულების თარიღად 2025 წლის 1 ივნისი განისაზღვრა. სახელმწიფო
შესყიდვის დოკუმენტში, სამუშაოების ვადის გაგრძელების ერთ-ერთ მიზეზად
მითითებულია, რომ
"სოკარ-ჯორჯია გაზს" და "ენერგო-პრო ჯორჯიას" დღემდე არ აქვს
დასრულებული სამუშაოები რის გამოც კომპანია პროექტს სრული მასშტაბით
ვერ ახორციელებს.
"ხორციელდება მხოლოდ პროექტის ცალკეული სამუშაოები, რომელიც ხელს არ
უშლის ზემოთ ხსენებული კომპანიების სამუშაოებს, ვინაიდან შრომის
უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოგვწერეს, რომ ჩვენი მუშაობა გამოიწვევდა
სავალალო შედეგებს, სანამ არ დაასრულებს ეს ორი კომპანია სამუშაოებს
გზის სავალ ნაწილზე. გთხოვთ, გაგვიგრძელოთ სამუშაოების დასრულების
ვადა 2025 წლის 1 ივნისამდე",- აღნიშნულია "ჯეო კონსტრაქშენ ენდ
სისტემს ინკ საქართველოს ფილიალის" დირეტორის მიერ ქუთაისის მერის
მოვალეობის შემსრულებელ დავით ერემეიშვილისთვის მიწერილ წერილში.
ამავე წერილში სამუშაოების ვადის გაგრძელების კიდევ ერთ მიზეზად
დასახელებულია ის ფაქტი, რომ გადაუწყვეტელ საკითხად რჩება
ელექტროგანათების ბოძების პროექტის ხარჯთაღრიცხვასთან შეუსაბამობის
საკითხიც და მისი დროულად მოწოდება მშენებლისთვის.
ამასთან, სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ პროექტს დაემატა
კოსტავას და ლესია-უკრაინკის ქუჩების კვეთაზე, ორი არმირებული კედლის
ჩამოსხმა, რომელთა მოცულობაც, ჯამში, 106 000 ლარის სამუშაოებს
შეადგენს, რის გამოც კომპანიამ სამუშაოების ვადის 1 ივნისამდე
გადაგრძელება მოითხოვა.
გზის ინფრასტრუქტურის მოწყობის შეფერხების მიზეზი ისიც გახდა, რომ
მუშები, რომლებიც კოსტავას ქუჩაზე საკანალიზაციო არხის მოწყობის
სამუშაოებს ასრულებდნენ, სამი თვის წინ გაიფიცნენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები