"ოპერის ადმინისტრაციაში ძალიან გაბერილია შტატები, ამიტომ მოხდება შტატების შემცირება".
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრის ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, ირინე ლომინაძემ თეატრის მომავალ გეგმებზე ისაუბრა.
გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, ოპერაში ბევრი ცვლილება იგეგმება, როგორც თანამშრომლებისა და შემსრულებლების დაკომპლექტების, ისე რეპერტუარის კუთხით. ირინე ლომინაძის თქმით, თეატრში კონკურსები ჩატარდება როგორც სოლისტებს შორის, ასევე გუნდში და ვინც კონკურსის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს ისინი დარჩებიან.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხი. ვინც გაუძლებს კონკურსს, ის დარჩება. ვინც ვერ გაუძლებს, მათ პატივითა და მადლობით გავუშვებთ", - აღნიშნა ირინე ლომინაძემ.
ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის თქმით, მათ ბევრი არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმა მოუწევთ.
"ძალიან გაბერილია შტატები ადმინისტრაციაში. ამდენი თანამშრომელი საჭირო არ არის. ამიტომ, მოხდება შტატების შემცირება. თუმცა, მე არავის ვუშვებ. მათ გაუშვებს კონკურსები და კანონი. მხოლოდ კანონის ფარგლებით ვიმოქმედებ", -აღნიშნა სამხატვრო ხელმძღვანელმა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აღდგება რამოდენიმე ძველი სპექტაკლი და უპირატესობა, ქუთაისის ოპერის თეატრის ტრადიიციის თანახმად, ქართულ საოპერო სპექტაკლებს ექნებათ. ისევე როგორც, პრიორიტეტული იქნება ის, რომ ნიჭიერი შემსრულებლები მოიძებნოს სწორედ ქუთაისელებს შორის.„ ქუთაისის საოპერო თეატრი ძირითადად უნდა იყოს ქუთაისელი მომღერლებით და მუსიკოსებით დაკომპლექტებული“, აღინიშნა შეხვედრაზე.
ოპერის თეატრის მთავარი დირიჟორი რეზო ჯავახიშვილი იქნება.
თეატრში 260 თანამშრომელია. აქედან, ადმინისტრაციაში ასამდე მუშაობს. ოპერის თეატრის მიმდინარე ბიუჯეტი 900 ათასი ლარია.
ეკა კუხალაშვილი
მასალის გამოყენების პირობები