კულტურა
დრო, როგორც პერსონაჟი ქუთაისის თეატრში
FaceBook
"თეატრი პატარა სამყაროა, რომელიც დიდი სამყაროდან გვიცავს", "თეატრი ცხოვრებაა", "თეატრი დიდი დღესასწაულია", - თეატრს, ამ და სხვა  განმარტებებს აძლევენ.

სახელების, სახეებისა  და ნიღბების მონაცვლეობა სწორედ თეატრის ბუნებაა ამიტომ თეატრს ძნელად მოეძებნება ერთი განმარტება. თანაც თეატრს მრავალფეროვნებას ჟანრებთან და ფორმებთან ერთად, დროც ანიჭებს. დროც იჭრება თეატრში როგორც პერსონაჟი. რომელიც ყველაფერს ცვლის. რამდენად ჩანს დრო ქართულ და კონკრეტულად რეგიონის თეატრებში? როგორი შეიძლება იყოს დრო, როგორც პერსონაჟი თანამედროვე ქართულ თეატრში?

როგორც სპეციალისტები მიუთითებენ თანამედროვე თეატრი ბევრ იმ ნიღაბზე ამბობს უარს, რასაც საუკუნეების განმავლობაში წარმატებით ირგებდა. მაგალითად, დღეს თეატრი პირველ რიგში ნაკლებ აღმზრდელობითია. თეატრი აღარ იღებს დიდაქტიკურ და დამრიგებლურ ფუნქციას. ეს ჭკუის დამრიგებლის როლი და მოვალეობა გასულ საუკუნეებში დატოვა. 

"თეატრი ნელ-ნელა კარგავს აღმზრდელობით ფუნქციას, ეს აღარ არის მთავარი. არ არის აუცილებლი, რომ მან აღზარდოს მაყურებელი. თანამედროვე თეატრი არის ძალიან მრავალფეროვანი და ეს ყველაფერი გამოიხატება ფორმაში იმიტომ, რომ ფორმა არის ძალიან მნიშვნელოვანი თანამედროვე თეატრში, ისევე, როგორ შინაარსი", - აღნიშნავს თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი.

სპექციალისტები ხაზს უსვამენ ფორმის მნიშვნელობაზე თანამედროვე თეატრში, ფორმის, რომელიც ხშირად განსაზღვრავს შინაარსს.

თუმცა კრიტიკოსები სწორედ ამ დანაკლისზე საუბრობენ და თეატრის რეჟისორების მხრიდან ფორმის ნაკლებ ძიებასა და თანამედროვეობის ადეკვატურად მიღების პრობლემაზეც მიუთითებენ. რაც თეატრს აშორებს თანამედროვე მაყურებელს და მასთან გაუცხოებულს ხდის.

"თეატრმა ვერ მოძებნა საკუთარი რაკურსი, ამიტომ აღარც ეყოლება თეატრს მაყურებელი. რაკურსში არა მხოლოდ აზრობრივ რაკურსს ვგულისხმობ, არამედ ფორმის რაკურსსაც. თუმცა, აზრობრივია პირველ რიგში მნიშვნელოვანი. შეიძლება ადამიანი იყოს ნიჭიერი ან ვერ იყოს. მაგრამ აქ საუბარია განათლებაზე. განათლება არ ნიშნავს, რომ სერვანტესი გაქვს წაკითხული. მნიშვნელოვანია თანამედროვე ეპოქაში როგორ ერკვევი. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ, ერთი კარგი პოეტის პერეფრაზს თუ გავაკეთებთ - "ნებისმიერი ხელოვანი აზუსტებს თავისი დროის არსებობას", - ამბობს რეჟისორი ლევან ბიბილეიშვილი.

კონკრეტული დროის არსებობა ხშირად ძნელია გამოიცნო ამა თუ იმ თანამედროვე სპექტაკლში. ეს პრობლემა დგას როგორც დედაქალაქის ისე საქართველოს სხვა ქალაქების პროფესიულ თუ სახალხო თეატრებში. თუმცა, არსებობენ გამონაკლისებიც. ყოველ შემთხვევაში ასე მიაჩნია თეატრმცოდნეთა ნაწილს.

"ვერ ვიტყვი, რომ რეგიონის თეატრები გამოირჩევა სითამამით. რამდენიმე გამონაკლისის გარდა და ეს სითამამე შეიძლება ქონდეს ახალგაზრდა რეჟისორს. ქუთაისის თეატრი ამ მხრივ გამორჩეულია. რეჟისორი გიორგი სიხარულიძე ყოველთვის რაღაც ორიგინალურ ინტერპრეტაციას გვთავაზობს. ის სკანდალებზე არ აგებს მის სპექტაკლებს არამედ კლასიკური დრამატურგიის ახლებურ ინტერპრეტაციას წარმოგვიდგენს", - ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი.

თუმცა, სპეციალისტები საუბრობენ მეტ ინტუიციასა და ნაკლებ განათლებზე, მეტ ოსტატობასა და ნაკლებ ინტელექტუალურ რესურსზე თეატრში. რაც ზედაპირულობიდან ვერ ათავისუფლებს სპექტაკლებს. თანამედროვე თეატრი კი მულტიუნარებს ითხოვს, დიდი თეატრალური გამოცდილების გააზრებას, როგორც რეჟისორების ისე მსახიობების მხრიდან.

ამასთან ერთად, ძალაში რჩება ყოფიდან, რეალობიდან გასვლის ტენდენცია. ის რომ რეჟისორმა იმ რეალობიდან აიღოს სათქმელი რომელშიც ცხოვრობს, ის ტკივილები გააჟღეროს, რაც მის გარშემო არსებობს უჩვეულოს და განსაკუთრებულს ევრაფერს ხედავს ფილოსოფოსი ტარიელ დათიაშვილი. თუმცა,  ის მიუთითებს სწორედ ამ რეალობისთვის გვერდის ავლის ტენდენციასა და მითოსში თავშეფარების ჩვევაზე, რაც ქართველ ხელოვანებში და კონკრეტულად რეჟისორებში ჯერ კიდევ შეიმჩნევა. 

"საკვირველია ამდენ პრობლემაში არ თქვა არაფერი და გვერდი აუარო თანამედროვეობას. როდესაც გარშემო ამდენი ტკივილია. დადგა ან დახატო ისე, რომ ამ ყველაფერს არ შეეხო პირდაპირ საოცარი უნარი მგონია. ალბათ, ამასაც ნიჭი უნდა - ამდენი სათქმელის პირობებში შექმნა სპექტაკლი ან ტექსტი ისე რომ არაფერი თქვა", - აღნიშნავს ტარიელ დათიაშვილი.

კულტურაში რეალობიდან მითოსში გაქცევა ყველა ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი პოლიტიკის ნაწილად მიაჩნია რეჟისორ ლევან ბიბილეიშვილს.

"ჩვენ წარსულისკენ, ისევ მითოლოგიისკენ გვაქვს მიდრეკილება. ეს მიდრეკილება სახელმწიფო პოლიტიკის რუპორი არის. იმიტომ, რომ იღებენ ფილმებს ექვთიმე თაყაიშვილზე და ამაში ბევრ ფულს ხარჯავენ. მაგრამ არ გაიმეტებენ ფულს ადამიანების ისტორიაზე საშუალო ფენიდან, რომელსაც რაღაც უჭირს. ექვთიმე თაყაიშვილს კი არ ვერჩი, მაგრამ თუკი კინოინდუსტრია გაქვს იმხელა, რომ გადაიღო იმაზედაც და ამაზედაც გადაიღე კი, ბატონო. მაგრამ როდესაც წელიწადში სამ ფილმს იღებ და მეტს ვერა, მაშინ ცოტ პრობლემებს დაუთმე ეს ფული და არა მითოლოგიზებას", - აღნიშნავს იგი.

თეატრი მითებს რომ შეეშვას და თავის დროს უპასუხოს საამისოდ საზღვრები უნდა გახსნას და გეოგრაფია გააფართოოს. ასე მიაჩნია მსახიობს და მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობის ერთ-ერთ ყოფილ კანდიდატს გიორგი შალამბერიძეს.

"ჩვენ უნდა ვიცნობდეთ სხვა ქვეყნის თეატრებს. თეატრი უნდა გადიოდეს გასტროლზე და აქაც ჩამოდიოდნენ . უნდა ეცნობოდეს იმ ტენდენციებს რაც მსოფლიო თეატრებში ხდება", -  აღნიშნავს იგი.

თეატრი საზღვრების გარეშე, ნაკლები, იზოლაციონიზმი და მეტი მიმღებლობა, ალბათ, თანამედროვეობის ერთ-ერთი მიმართულებაა. ესეც ანიჭებს ფორმასა და შინაარსს იმ მრავალფეროვნებას, რასაც თანამედროვე თეატრალური დღესასწაული ითხოვს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
30 ნოემბერს, ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის თეატრში, ანრი ჯოხაძის
კონცერტი გაიმართება.
13:32 / 22.11.2024
30 ნოემბერს, ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის თეატრში, ანრი ჯოხაძის კონცერტი გაიმართება.
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული
იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.
11:29 / 12.11.2024
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.