თეატრი დღესასწაულია, თეატრალური ფესტივალი კი ორმაგი დღესასწაული.
ასე შეაფასა თეატრმცოდნეებისა და თეატრის მოყვარულების ნაწილმა
თეატრი. ეს თუ ასეა მაშინ ქუთაისი სამი კვირაა ორმაგი დღესასწაულის
ადგილად იქცა.
ქუთაისში თეატრალური ფესტივალი "იმერეთი 2017" იმართება.
იმერეთის მუნიციპალიტეტების სახალხო და პროფესიული თეატრები, ასევე
ორი სტუმარი თეატრი სოხუმის კ.გამსახურდიას სახ.სახელმწიფო პროფესიული
დრამატული და აზერბაიჯანის რესპუბლიკის, კახის რაიონის სადახლოს
ქართული სახელმწიფო თეატრი საკუთარ სპექტაკლებს წამოადგენს. ნაწილს
საკუთარი საფესტივალო პროდუქციის ჩვენების ვალდებულება წინა აქვთ,
ნაწილმა ეს უკვე გააკეთა. ჯამში მესხიშვილის თეატრის სცენაზე სულ 14
სპექტაკლი იქნება გათამაშებული.
მოცემული რეპერტუარი უკვე აჩენს, რომ სპექტაკლები როგორც თანამედროვე
დრამატურგების, ისე კლასიკად ხელდასხმული ტექსტების მიხედვით არის
დადგმული. თუ მეტნაკლებობასაც შევავლებთ თვალს აღმოვაჩენთ, რომ
კლასიკა საგრძობლად ჭარბობს, თანამედროვე ან ნაკლებად აღიარებულ
დრამატურგებს. გოგოლი, ილია, ცვაიგი, დუმბაძე, ოტია იოსელიანი, იაკობ
გოგებაშვილი და სხვანი სცენიდან ახალი დადგმებით კვლავ
"შეეხმიანებიან" პუბლიკას.
თეატრები კლასიკის გადამეორებითა არიან დაკავებულები. გამეორება კი
ცოდნის დედაა. თუმცა, ერთი და იგივეს მრავალგზისი გამეორება რომელ
ნათესავთან აკავშირებს ცოდნას ეს გენეტიკური ბმა ჯერ გაურკვეველია,
სანამ გარკვეულა, მანამ კლასიკა დედის ფუნქციას ითავსებს, რომელიც
საიმედო თავშესაფარია და მისი იმედი ყოველთვის შეგიძლია გქონდეს.
კლასიკა გიფარავს, ნდობით განაწყობს პუბლიკას, არ აჩენს ეჭვებს,
უცხოთმოშიშეობას, თუმცა იგი საიმედოსთან ერთად მავნეც შეიძლება
აღმოჩნდეს. შეიძლება სპექტაკლის ავტორი მთლიანად მას მიენდოს და
ნაკლებად ეძებოს საკუთარი სათქმელი, უმეტესად კლასიკა ალაპარაკოს. რის
შემდეგაც იგი (კლასიკად აღიარებული ტექსტი) მართლაც ილაპარკებს
თანაავტორის გარეშე. შესაბამისად, თანაავტორი აქტიურობის გარეშე
სათქმელიც ზოგადი ხდება. სპექტაკლებიც ზოგადადამიანურ ფასეულობებზე
მორგებული. ზოგად ღირებულებებზე, ზოგად სიყვარულზე, ზოგად
უსიყავრულობაზე ორიენტირებული, ამის სათქმელად უკეთეს შემთხვევაში
მოძებნიან სხვადასხვა ფორმებს, ან არ მოძებნიან - ტრადიციულს და ძველს
შემოგვთავაზებენ. თუმცა, ამის ფესტივალზე მაინცადამაინც ეშინიათ.
ფესტივალზე "იმერეთი 2017" კლასიკის მოშველიებით ცდილობენ
თეატრი დღესასწაულად აქციონ. ბევრ მაყურებელზე ეს მცდელობა ჭრის, მათი
ნაწილი რიგ სპექტაკლს ამაღლებული განწყობით ტოვებს.
თეატრი კვლავ განიხილება ადგილად სადაც ცხოვრებიდან დაღლილმა
ადამიანმა უნდა დაისვენოს და ყურადღება გადაიტანოს, დაივიწყოს ის
რეალობა რომელშიც ცხოვრობს. მიიღოს ერთგვარი ბანგი, რომელიც აძინებს
და აყუჩებს.
თეატრს მართლაც აქვს ეს ფუნქციაც - იგი კარნავალია, მაგრამ ეს მისი
მხოლოდ ერთ -ერთი ჰიპოსტაზია და არა ერთადერთი. მას სხვა ფუნქციაც
გააჩნია: აქტუალობა, კრიტიკა, სპექტაკლებში ქვეყანაში არსებული
კონტექსტის მთავარ პერსონაჟად შემოყვანა და ა.შ.
მაგალითად, საზოგადოება აკრიტიკებს და სამართლიანადაც ისეთ მედიას,
რომელიც აყუჩებს და აძინებს. რომელიც პრობლემებზე არ აპელირებს, არ
ასახავს არსებულ მძიმე რეალობას რომელსაც კონკრეტული სისტემები ან
ადამიანები ქმნიან და რაიმე, ზოგად განყენებულ საკითხებზე
გვიყვება.
ჰოდა თეატრიც მედიაა, დიდი მედიუმი, რომელიც რეალობას და მხატვრულ
სინამდვილეს ათანხმებს. ამიტომ იმდენი მგრძნობელობა უნდა გააჩნდეს
თეატრის გარე რყევები სცენაზეც გამოიხატოს.
მაგრამ კონკრეტული საფესტივალო სპექტაკლების დიდი ნაწილი თეატრს
ტოვებს "შტილში", მაშინ როდესაც მის გარშემო ღელვაა და დღესასწაულს
წარმოადგენს მაშინ როდესაც ირგვლივ ჟამიანობაა სოციალურ, ადამიანების
უფლებების, პოლიტიკურ, სამართალდამცავ სივრცეეებში.
თეატრი მედიუმია და ალბათ დროის ადეკვატური უნდა იყოს. ილაპარაკოს
სიყვარულზე, მაგრამ სიყვარულზე ჟამიანობის დროს.
მასალის გამოყენების პირობები