კულტურა
ქართული ძეგლები, რომლებიც იუნესკოსთვის წარსადგენ ნუსხაში შეიძლება შევიდეს
FaceBook
UNESCO -ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხას და კონკრეტულად, მატერიალური კულტურული ძეგლების ნომინაციას, 1996 წლის შემდეგ ქართული ძეგლებიდან არაფერი შემატებია.

სამაგიეროდ, შეეხო სხვა ცვლილება - ძირითადი ნუსხის სამი ნომინანტიდან ორი "საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა" სიაში გადავიდა. თუმცა, შარშან "შავი სიიდან" ძირითად ნუსხას მცხეთის ისტორიული მონუმენტები დაუბრუნდა. სადღეისოდ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები, სხვა ძეგლების ძირითად სიაში დაბრუნების შესაძლებლობაზე მუშაობენ. ასევე მიუთითებენ წინასწარული ნუსხის შესახებაც, რომელიც ქართულმა მხარემ უნდა წარუდგინოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტს.

"წინასწარული ნუსხა არის ის ნუსხა, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის განზრახვას მოამზადოს ახალი ნომინაციები",- განმარტავენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში.

წინასწარული ნუსხის წარდგენამდე, ქართული მხარე, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის სხდომაზე, გელათის მონასტრის "საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების" ნუსხიდან მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად სიაში დაბრუნების საკითხს დააყენებს. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 41-ე სხდომა პოლონეთში 2 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით  გაიმართება.  

იუნესკოს კონვენციის პროცედურების შესაბამისად, საქართველოს მხარეს ევალებოდა 2017 წლის 1 თებერვლამდე წარედგინა გელათის მონასტრისა და ბაგრატის კათედრალის საზღვრების მნიშვნელოვანი მოდიფიკაციის დოკუმენტაცია. ამ დოკუმენტაციასთან ერთად, სააგენტოს უნდა მოემზადებინა მართვის გეგმა, რომელიც შარშან განახლდა იუნესკოს რეკომენდაციების შესაბამისად.

"კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტისთვის სრული დოკუმენტაცია არის წარდგენილი და ველოდებით კომიტეტის განხილვას", - აღნიშნავენ სააგენტოში.

კომიტეტის დასკვნების შედეგები სხდომის დასრულებისთანავე გახდება ცნობილი.

სამაგიეროდ დიდი ხანია ცნობილია სახელმწიფოს პასუხისმგებლობები იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში მოხვედრილი ობიექტების მიმართ. აღნიშნული პასუხისმგებლობა არ იწყება მაშინ, როდესაც ძეგლი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს მიიღებს, არამედ მანამდე, სანამ ძეგლი წინასწარულ ნუსხაში მოხვდება და მას მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის წინაშე წარადგენენ.

"ნუსხაში დარეგისტირებული ძეგლი ითხოვს სახელმწიფოს მხრიდან დიდ პასუხისმგებლობას. რადგან, ძალიან ძნელად ხდება უკვე ნუსხაში შესულ ძეგლზე ხელშესახები ცვლილებების განხორციელება. სახელმწიფო მანამდე უნდა დაფიქრდეს რა უნდა მიიღოს ძეგლიდან. არც ერთი ამ ძეგლთაგან (ბაგრატი, გელათი, მცხეთის ისტორიული მონუმენტები -რედ.) საკონსერვაციო მიდგომებით, ინფრასტრუქტურით, მართვის სისტემით მზად არ იყო ნუსხაში მოსახვედრად", - აღნიშნავს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იუნესკოსა და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი მანანა ვარძელაშვილი.

ქართულმა მხარემ წინასწარული ნუსხა ბოლოს 2007 წელს განაახლა. მასში შესული იყო: ალავერდი, ანანურის ციხე, კოლხეთის ეკოსისტემა, დავით გარეჯი, დმანისი, გრემი, კვეტერა, მთა-თუშეთი, ნიკორწმინდა, სამთავისი, შატილი, ძველი თბილისი, უფლისციხე, ვანი, ვარძია-ხერთვისის ციხე.

ახალ ნუსხაზე მუშაობა წლის ბოლოს უნდა დასრულდეს, ეროვნულ წინასწარულ ნუსხაზე მუშაობა ხდება იუნესკოსთან და იკომოსთან შეთანხმებით. მხოლოდ ამის შედეგ წარედგინება მემკვიდრეობის კომიტეტს.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ეს არის გრძელი და რუტინული პროცედურა, რომელიც შეიძლება წლები გაგრძელდეს. "სიაში მოხვედრის მთავარ პირობად რჩება ძეგლის ავთენტურობა, რამდენად ღირებულია იგი არა მარტო ქვეყნის კონტექსტში, არამედ მნიშვნელოვანი და განუმეორებელია მსოფლიოსთვის", - აღნიშნავენ სააგენტოში.

სადღეისოდ 2017 წლის წინასწარულ ნუსხაში მოსახვედრ ყველაზე რეალურ ნომინაციად, განიხილება კოლხეთის ეკოსისტემა, როგორც სააგენტოში აღნიშნავენ ამ საკითხზე უკვე დიდი ხანია მიდის მუშაობა.

წინასწარული ნუსხის ნომინანტებად შესაძლებელია წარადგინონ ვარძია, დმანისი, ენგურჰესის კაშხალი.

ასევე სააგენტოს ინფორმაციით მომავალი წლებისთვის საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განიხილება შესაძლებლობა, ღირებული კულტურული ლანდშაფტისა და  დიდი არქეოლოგიური ადგილების გათვალისწინებით, რომ ქუთაისი და მისი შემოგარენი შევიდეს წინასწარულ ნუსხაში.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
30 ნოემბერს, ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის თეატრში, ანრი ჯოხაძის
კონცერტი გაიმართება.
13:32 / 22.11.2024
30 ნოემბერს, ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის თეატრში, ანრი ჯოხაძის კონცერტი გაიმართება.
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული
იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.
11:29 / 12.11.2024
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.