5 ფილმი, რომელიც გავლენას ახდენს - მირიან გამრეკელაშვილი
12:08 / 13.05.2017
ადამიანებზე გავლენებს ბევრი რამ ახდენს, მათ შორის
წიგნები და ფილმები. რომელმა ტექსტმა და სურათმა მოახდინა გავლენა
ცნობილ და საინტერესო ადამიანებზე?!
გთავაზობთ რუბრიკას "5 ფილმი და წიგნი, რომლებიც გავლენას
ახდენენ"...
რუბრიკის დღევანდელი სტუმარია თეოლოგი მირიან
გამრეკელაშვილი.
ძნელია გამოარჩიო საყვარელი ფილმები, რადგან ისევე როგორც წიგნები და
მოგზაურობა, ისინი ძალიან კონკრეტულ განცდებთან და შემეცნების
საკითხებთან არიან დაკავშირებულნი. მიუხედავად ამისა, გამოვყოფდი 5
მათგანს, რომლებმაც სიხარული და აღტაცება მომგვარეს.
პირველი მათ შორის აუცილებლად არის, რეჟისორ ნეილ ჯორდანის ((Neil
Jordan) ფილმი: ჩვენ ანგელოსები როდი ვართ (We're No
Angels). რამდენადაც ფილმის ფაბულა სრულიად უბრალოდ ხაზით ვითარდება,
იმდენად ღრმა და მნიშვნელოვანია მისი შინაარსი: საზრისები, რომლებიც
ფილმის დიალოგებს, მიმიკებსა და გათამაშებული სცენების მიღმა იმალება.
ფილმი ალბერტ ჰასონის (Albert Husson) პიესის (La cuisine des
anges) საფუძველზე შეიქმნა. მასაც და სცენარის ავტორებსაც
აუცილებლად ეკუთვნით ღვთისმეტყველთა ხარისხები ამ ფილმზე
მუშაობისთვის.
კინო ნახატის მსვლელობისას ქრისტიანული მოძღვრების ძირითადი საკითხები
სოციალურ კონტექსტსა და ცხოვრებისეულ გამოწვევებთან კავშირშია
წარმოდგენილი. გაქცეულ პატიმრებს, ტრაფარეტზე ამოკითხული ფრაზა
ებრაელთა მიმართ ეპისტოლიდან, უცხოთმოყვარეობის შესახებ, სიტუაციიდან
თავის დაღწევის გზას აპოვნინებს და საბოლოოდ მათ ცხოვრებასაც შეცვლის.
ფორმალობების ზედმიწევნით დამცველ საძმოში შეპარულ, მღვდლებად
გადაცმულ ყოფილ მსაჯვრდებულებს, ახალი სამოძღვრო (პასტორალური)
მიდგომები შემოაქვთ. ბენედიქტიანელების ეს მონასტერი, სასწაულმოქმედი,
მტირალი, ღვთისმშობლის ხის სტატუითაა ცნობილი. თუმცა, სასწაულების
დიდი ხანია არავის სჯერა. თვითმარქვია მღვდლების ნამდვილი ორეულები,
სწორედ იმით გახდნენ ცნობილნი, რომ სასწაულების პრაქტიკულ ახსნას
ეცადნენ.
თუმცა, ფილმს მთავარ გმირებს, ოდენ სასწაული თუ გადაარჩენთ თავს
მოწევნული განსაცდელებისაგან. მაგრამ, რადგან ისინი მთელი გულით
ელოდებიან, ეს სასწაული მართლაც აღესრულება. ეს კი ჩემი საყვარელი
სცენაა. ის ფილმის კონტექსტში უბრალოდ მორიგი ექსცესია, თუმცა თუ
ვინმე ამ კადრებს დამოუკიდებლად იხილავს, დაინახავს როგორ ამოყავს
ღვთისმშობლის ხის სტატუიის გაწვდილ ხელებს თვითმარქვია მღვდელი და
ყრუმუნჯ მდგომარეობაში მყოფი ბავშვი, რომელიც მომხდარის შემდეგ
ამეტყველდება. ასევე საინტერესოდ ვითარდება მეორე პატიმრის ბედიც,
მისი გულწრფელი სიტყვები მსმენელების სულსა და სინდისს შეეხება, ხოლო
თავად კი, მის მიმართ გამოვლენილი ადამიანური სითბოს გამო,
თვითგადარჩენის მიზნით თავშეფარებული, საბოლოოდ, უკვე ნამდვილად ხდება
მონასტირს საძმოს წევრი. გენიალური მსახიობების: რობერტ დე ნიროს, შონ
პენისა და დემი მურის არტისტიზმი, ფილმს განუმეორებელს ხდის.
მეორე ფილმის "საზღვრებს გადაღმა" (The
Fall) ხილვა ამ სიაში, შეიძლება ბევრს გაუკვირდეს, რადგან
იგი არც ისე პოპულარულია, თუმცა ჩამოთვლილთაგან ყველაზე ლამაზი
კინონახატი ნამდვილად არის. კადრების ამ მშვენიერებას კი რეჟისორს
თარსემ სიკხს (Tarsem Dhandwar Singh) და დიზაიენრს ეიკო იშიოკას
(Eiko Ishioka) უნდა ვუმადლოდეთ. მათ შორის, პირველმა თავად შეარჩია
ჩვენი პლანეტის 20 წარმტაცი ადგილი სადაც, ფილმის სცენების გადაღება
ხდებოდა. შინაარსი კი ეხება საკითხს თუ რამდენად შთამაგონებელია
ბავშვის შეყვანა წარმოდგენების, ფანტაზიების, გადმოცემებისა და
ამბების თხრობის სამყაროში. ჰოსპიტალში მოხვედრილი კასკადიორი,
გასაოცარ ისტორიებს უყვება პატარა, ძალიან საყვარელ რუმინელ გოგონას.
თუმცა გოგონამ სანაცვლოს მას მორფინი უნდა მიუტანოს, რათა ხერხემალ
დაზიანებულმა მსახიობმა ტკივილებს გაუძლოს. მთხრობელს სურს, ისტორიები
მისსავე ბედის მიხედვით წარიმართოს და მთავარი პერსონაჟები
წარუმატებლობისთვის გასწიროს. თუმცა, ეს ისტორია მხოლოდ მას აღარ
ეკუთვნის, ის პატარა ალეხანდრას წარმოსახვების ნაწილია და მას კი
ბედნიერი დასასრულის სჯერა, რადგან არ შეიძლება მოლოდინმა, მომავალმა
იმედი გაგვიცრუოს. სწორედ მომავლის უპირობო რწმენაა ადამიანის ერთერთი
ყველაზე ძირითადი და მნიშვნელოვანი თვისება.
სიის მესამე წარმომადგენელი, ერთი შეხედვით არც ისე გამორჩეული ფილმი
"ზეციური სამეფოა" (kingdom of
heaven). როგორც ბევრი მისი მონათესავის, ამ კინოსურათის
სცენარიც შუასაუკუნეებს ეხება. უფრო სწორედ ჯვაროსნულ ომებს,
კაცობრიობის ისტორიის ამ ერთის მხრივ სევდიან და ამავე დროს უაღრსეად
საინტერესო, კულთურათაშორის გაცვლა-გამოცვლის იდუმალებით სავსე
პერიოდს. შეიძლება დაგეთანხმოთ რომ არც ისე ფილოსოფიურია, მაგრამ აგ
გაჟღერებული ფრაზა მაინც ატარებს თავისთავში რაღაც მნიშვნელოვანს:
"მეფეს შეუძლია გიბრძანოს, მამამ მორჩილება მოგთხოვოს, მაგრამ
დაიმახსოვრე, ვინც არ უნდა იყოს შენი მბრძანებელი, მეფე თუ სხვა
ადამიანი, შენს სულზე თავად უნდა იზრუნო. უფლის წინაშე, რომ წარსდგები
ვერ ეტყვი, ბრმად ვასრულებდი სხვის ბრძანებას, არ მიფიქრია ამას რა
შედეგი მოყვებოდა და ჩემს დროში სათნოება და ღირსება არ ფასობდაო. ეს
საკამრისი არ იქნება." პირადად ჩემთვის ფილმმა განსაკუთრებულობა მას
შემდეგაც შეიძინა, რაც ერთერთი როლის შემსრულებლის, ევა გრინის
პირადად გაცნობის პატივი მხვდა წილად.
არც სიის მეოთხე წარმომადგენელია დიდად განსაკუთრებული, თუმცა "ჩემი
ცხოვრების შანსი" (La chance de ma vie) ნამდვილად
არის ფილმი, რომელიც მნახველს ამხიარულებს და რომანტიკულ - ტრფიალებით
განწყობას უქმნის. ამის ერთერთი შემოქმედი კი ფრანგულ ენოვანი
კულტურუსითვის დამახასიათებელი იუმორი, სიმსუბუქე და სიცოცხლის
სიყვარულია, რომლითაც ისაა გაჯერებული. არც ფილმის მთავარი უწყებაა
უმნიშვნელო: მოვლენათა ჯაჭვი, რომელიც წარუმატებლობათა წყება გვგონია,
შეიძლება ახლებურად წავიკითხოთ და მივხვდეთ, რომ სინამდვილეში
შემთხვევითი მოვლენებმა, მართალია ჩვენი გეგმების მიხედვით არ
წაგვიმართეს საქმეები, მაგრამ ისინი ახალი წარმატებების შთაგონებები
იყვნენ და შეიძლება ჩვენი ცხოვრების შანსსაც კი წარმოადგენენ.
ჩემი სიის ბოლო წარმომადგენლის თემა, ადამიანის ფსიქიკასთან ძალიან
მჭიდროდაა დაკავშირებული. რეჟისორისა და სცენარის ავტორის გასპარ ნოეს
(Gaspar Noé) ფილმი "სიყვარული" (Love) საქართველოში
პორნოპრუდქციის ჩამონათვალში შეიყვანეს და ჩვენება აკრძალეს. უნდა
ვაღიაროთ, რომ მაყურებელი მართლაცაა მოწმე, ადამიანების მიერ
ერთმანეთის შეცნობის ამსახველი მძაფრი სცენებისა, თუმცა ჩემთვის
სწორედ ესაა, ავტორის გენიალობის აღმნიშვნელი. სწორედ ამ ექსპრესიული
და აღმგზნები სცენების მიღმა იმალება დისკუსია, ძალიან მნიშვნელოვან
საკითხზე: რა არის სიყვარული თავის თავში? რა როლი აქვს ფიზიკურ
ურთიერთობას მასთან მიმართებაში? არის თუ არა იგი მხოლოდ მონოგამიური
ბუნებისა? თუ მომავალი მართლა მრავალმონაწილიან სასიყვარულო
ურთიერთობებს ეკუთვის? რა ხდება როდესაც სიყვარულის ნაყოფი: ბავშვი,
ქვეყანას ევლინება? კონკრეტულ ქვეყნის თუ კუტურისადმი კუთვნილება
მართლაც მნიშვნელოვანია ამ საკითხების აღქმისას?
შეიძლება ითქვას, რომ ესაა მომავლის ფილმი. რაც უფრო მეტი დრო გავა,
მით მეტად გახსნილი გახდება ადამიანი საკუთარი სექსუალური
შესაძლებლობების მიმართ, სახეზეა სექსუალური თვითობის სრულიად
განსხვავებული ფორმები, ძირეულად სახეცვლილი სოციალური გარემო,
გენდერული და შრომითი თანასწორობა, ადამიანთა შეწყვილების აქამდე
არსებული მოდელების გადასინჯვას ბუნებრივად აყენებს დღის წესრიგში. ეს
პრობლემატიკა კი ჩვენს წინაშე, მომავალში კიდევ უფრო მწვავედ
დადგება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები