კულტურა
5 წიგნი და ფილმი, რომლებიც გავლენას ახდენენ - რუსუდან გოცირიძე
FaceBook
ადამიანებზე გავლენებს ბევრი რამ ახდენს, მათ შორის წიგნები და ფილმები. რომელმა ტექსტმა და სურათმა მოახდინა გავლენა ცნობილ და საინტერესო ადამიანებზ?!.

გთავაზობთ რუბრიკას "5 ფილმი და წიგნი, რომლებიც გავლენას ახდენენ"...
რუბრიკის დღევანდელი სტუმარია ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე.

წიგნები 1. მადამ ბოვარი - სტუდენტობაში წავიკითხე და თან საკურსო ვწერე. ისე გამიტაცა ფლობერისა და ბოვარის ურთიერთობაზე საუბარმა, რომ სრულიად დავკარგე იმისი განცდა, რომ დავალებას ვაკეთებდი. ქალი, რომელიც თურმე ფიქრობს, თურმე დარდობს, თურმე განიცდის... და ავტორი ოდნავადაც არ ცდილობს მისი ტვირთის შემსუბუქებას. თან თანაუგრძნობს და თან მარტოდ ჰყავს მიგდებული. ბევრჯერ გამხსენებია ეს განცდა.

2. ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა - პოტერიადის შვიდივე წიგნი არ წამიკითხავს. მაგრამ, მაინც მგონია, რომ პირველი წიგნის ძალა სულ სხვანაირია. სრულიად შემთხვევით ჩამივარდა ხელში ინგლისური ვერსია. ისე მომეწონა და იმდენად არ მქონდა იმისი იმედი, რომ ვინმე სხვა იზრუნებდა ამ ჯადოსნური წიგნის ჩემი შვილებისათვის ქართულ ენაზე შექმნას, რომ დავჯექი და თარგმნა დავიწყე. ნანო მაშინ უკვე დადიოდა და მათე თვეების იყო. კომპიუტერი არ მქონდა და თაბახის ფურცლებზე ვწერდი... ბედზე მომისწრო ჯერ ფილმმა და მერე უკვე წიგნმაც და ჩემს იმედზე არ დარჩა ჩემი შვილების პოტერომანობის ამბავი. პირველი, რამაც აღმაფრთოვანა იყო ის, რომ თურმე მხოლოდ მაგლების სამყაროში არ ყოფილა აუცილებელი ყველაფერის სწავლა და ფიქრი. რომ, თურმე ჯადოქრების სამყაროსთვისაც არაა უცხო გადაწყვეტილების მიღების სირთულე. რომ, თურმე არჩევანი ყოველთვის შენზეა სლიზერინელი იქნები თუ გრიფინდორელი...

3. მაგდალელის სახარება - მაგდალელის სახარების სულ რამოდენიმე თავის ფრაგმენტია შემორჩენილი. მაგრამ ამ ტექსტის გაცნობა ჩემთვის იყო პატარა სარკმელი მოციქულთა ჩვენთვის ჯერ უცნობ სამყაროში. მაშინ მივხვდი, რომ სახარიების ამბავი არ არის სიბრტყული, ორგანზომილებიანი.... არამედ ძალიან რელიეფურია და არსებობს ჩვენთვის უხილავი ბევრი ფაქტი და ბევრი ფერი, რომელიც გაცილებით ნათლად დაგვანახებდა იმას, რასაც ახლა მხოლოდ ვვარაუდობთ და ვეჭვობთ.

4. პერსეპოლისი - შეუძლებელია ადამიანი გულგრილი დატოვოს ამ წიგნმა. მაგრამ, თუკი 90-ანების საქართველო კარგად გახსოვს, მაშინ ირანელი გოგონას ამბავში ბევრ საშენოს დაინახავ. მართალია, მე არ მყოლია ბებია, რომელიც სიგარეტს ეწეოდა (ქალების ემანსიპაციის ნიშანი იყო ხოლმე ეს ჩემთვის) და არც ლიფში ეწყო ყვავილის ფურცლები, მაგრამ, სამაგიეროდ ბიძა მეც მყავდა, რომელიც საოცრებებს მასწავლიდა და ამის წყალობით ვარ ის, ვინც ვარ. არც ევროპაში მისწავლია და უკან არ დამიტოვებია ნაცრისფერი სამშობლო, არ მიხეტიალია გაუცხოებულს ფერად ქვეყანაში, მაგრამ ისე ვკითხულობდი, თითქოს ჩემი ამბავი დაეწეროს ვიღაცას.

5. ალუდა ქეთლაური - ნაწარმოები, რომელმაც გადამარჩინა. ერთ საღამოს, როცა სახლში მოვედი სრულებით იმედგაცრუებული და უსუსური იმის გამო, რომ სამთაწყაროში მუსლიმ მლოცველებს ქრისტიანი მეზობლები მიუცვივდნენ და პატარა ბავშვებიანი სახლის ეზოში იმამის ცოლი სცემეს, შევედი ჩემი შვილების ოთახში (ერთი კომპიუტერზე თამაშობდა და მეორე კითხულობდა). გამოვურთე ყველაფერი, თაროდან გადმოვიღე ვაჟა-ფშაველას ტომეულები, მოვძებნე "ალუდა ქეთელაური" და ხმამაღლა დავიწყე კითხვა. როცა ვხედავდი, რომ ვაჟა ალუდას გვერდით იდგა მაშინ, როცა მეზობლებმა და მეგობრებმა გარიყეს და განდევნეს, მივხვდი, რომ მაშინ მარტო არ ვიყავი. და დავმშვიდდი.

ფილმები 1. მკვდარი პოეტების საზოგადოება - ეს ფილმი მაშინ ვნახე, როცა ამ ბიჭების ასაკში ვიყავი და მისტერ კიტინგი ჩემი პირადი კაპიტანი გახდა... ეს იყო დამოუკიდებლად ფიქრის გაბედულების განცდა და თავისუფლები ქრისტიანობასთან დაკავშირების აღმოჩენა... ახლა, მგონი თვითონ მისტერ კიტინგზეც დიდი ვარ, მაგრამ მაინც ისეთივე ხალისით და ინტერესით ვუყურებ ფილმს, რომლის დიალოგები, ფაქტობრივად ზეპირად ვიცი....

2. ეჭვი (Doubt) - ვფიქრობ, რომ მერილ სტრიპისთვისაც და ფილიპ სიმორ ჰოფმანისათვისაც ძალიან საინტერესო როლებია. ყოველთვის ვთვლიდი, რომ მოციქული თომა იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი სახე. სახე, რომელიც სრულიად უსამართლოდ არის ჩრდილში მოქცეული. ურწმუნოების და სისუსტის ფერებით ნახატი სახე. თომა არაა ფილმში ნახსენები, მაგრამ მთავარ გმირს ყველაზე მნიშვნელოვან დიალოგში ყოფნის ძალა, რომ გაბედოს და აღიაროს თავისი ეჭვი. როცა ამას ეღუმენი მერილ სტრიპი აკეთებს, ხვდები, რომ დამამცირებელი სულაც არაა, როცა მართალი ხარ საკუთარი თავის წინაშე და აღიარებ, რომ არ ხარ დარწმუნებული.

3. ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება (The Last Temptation of Christ ) - რამდენად პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ქრისტეს ღვთაებრივი ბუნების აღიარება და მტკიცება უფრო იოლად გამოგვდის, ვიდრე მისი ადამიანური ბუნებისა. არადა, სწორედ ღმერთის განკაცების საიდუმლოა გასაღები ქრისტიანული თეოლოგიისა. მარტინ სკორსეზეს ეს სკანდალური ფილმი ჩემთვის სრულიად შოკისმომგვრელი იყო. ამ ფილმმა განსაკუთრებით დამაფიქრა არა ქრისტეს ადამიანურ ბუნებაზე, არამედ ადამიანის ბუნებაზე. . . გადაწყვეტილების მიღების სირთულეზე, ადამიანში ღვთიურის და ღმერთში ადამიანურის ძიების რთულსა და სასწაულ ამოუცნობ, საინტერესო მომენტებზე.

4. ბრაიანის ცხოვრება (Life of Braian) – "მონტი პაითონებმა" კონსერვატული ბრიტანული საზოგადოება სრულიად გადარიეს. ეს იყო სატირული სიურრეალისტური კომედიური ჯგუფი, რომელიც ქმნიდა ფილმებს და სერიალებს და "ხელშეუხებელს" არ ტოვებდა არაფერს - ისტორიას, გმირებს, რელიგიას, ფასეულობებს. . . ბრაიანის ცხოვრება პირველად რომ ვნახე, სტუმრად მეუფე მალხაზ სონღულაშვილთან ვიყავი ოქსფორდში რამდენიმე დღით. ჩაფრენის საღამოს რომ ვნახეთ, მერე დილით საუზმეზე იმდენი ვილაპარაკეთ, მოგვინდა, რაღაც ფაქტების გადასამოწმებლად კიდევ ერთხელ გვენახა... მერე კიდევ ერთხელ.... კიდევ ერთხელ... და იქ ყოფნის რამოდენიმე დღის მანძილზე სულ ცოტა შვიდჯერ მაინც ვნახე . ეს ფილმი, ჩემთვის არის ყველაზე უფრო სახალისო და ნათელი სურათი იმისა, რამდენად კომიკურები ვართ, როცა თუნდაც ძალიან ძვირფას, ან ძალიან მნიშვნელოვან რამეს ვუდგებით ზედაპირულად, ფორმალურად, გაუაზრებლად.... 

5. დიბლის ვიკარი (Vicar of Dibley) - ეს ფილმი არ არის. ეს სერიალია. ჯერალდინა გრეინჯერი არის ქალი ვიკარი, რომელიც ეკლესიამ გააგზავნა ერთ საოცრად კონსერვატულ სოფელში, შუაგულ ინგლისში. ეს ქალი არის ჩემი მხნეობისა და თვითშეფასების შენარჩუნების წყარო. ხშირად მიფიქრია ხოლმე, ნეტა ეხლა ჯერალდინა რას იტყოდა ჩემს ადგილას...







Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული
იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.
11:29 / 12.11.2024
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.
ქუთაისელი მევიოლინე გვანცა ბუცხრიკიძე მანჰეტენის ორკესტრში
სოლისტად აირჩიეს.
09:16 / 08.11.2024

ქუთაისელი მევიოლინე გვანცა ბუცხრიკიძე მანჰეტენის ორკესტრში სოლისტად აირჩიეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.