კულტურა
„კაცი ჭიდან“ - ქუთაისი თანამედროვე ძეგლების უპერსპექტივობით (ფოტო)
FaceBook
ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ქუთაისში კიდევ ერთ ქანდაკებას დადგამენ.

ქალაქში არსებული სახელოვანი ადამიანის ძეგლთა რიგს შოთა რუსთაველის სკულპტურაც მიემატება. გაამდიდრებს ეს ქანდაკება რეალისტური და აკადემიური ძეგლების რიცხვს თუ ატიპიურ ნამუშევრად მოგვევლინება, ამის შესახებ ინფორმაცია თებერვლის ბოლოს გახდება ცნობილი.

ქუთაისში ათობით ქანდაკებაა, რომელთა დიდი უმრავლესობა რეალიზმის სტილში განხორციელებული ან კლასიკური მონუმენტური ძეგლია. ქალაქში არ დგას თანამედროვე, პოსტ-მოდერნის ეპოქის ქანდაკებები, რომლებიც ფორმითაც და შინაარსითაც ჩვენი დროის ადეკვატური იქნებოდა. ამაზე მიუთითებს ქუთაისელ არტისტთა ნაწილი და აღნიშნულ ტენდენციას ერთგვარ ნაკლად თუ ჩამორჩენად მიიჩნევს. თავის მხრივ, ქალაქის მერია არტისტების პასიურობაზე საუბრობს და მათი მხრიდან მერიაში შემოსული პროექტების სიმწირეს უსვამს ხაზს.


„დავით აღმაშენებელი“ - მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი


მოქანდაკე გიორგი კიკვაძე ქალაქში დადგმული 5 ქანდაკების ავტორია. მის მიერ შექმნილი კლასიკური თუ დეკორატიული ქანდაკებები ქალაქის ცენტრალურ ნაწილს იკავებენ.

მოქანდაკის აზრით ქალაქის ისტორიულ ნაწილში სწორედ კლასიკური ქანდაკებები უნდა იდგეს. რადგან ძველი ქუთაისის სივრცეში და ტრადიციული არქიტექტურის ფონზე დისონანს შექმნიდა თანამედროვე, განსხვავებული მასალით შექმნილი და სხვადასხვა თემატიკის ამსახველი ქანდაკებები.

"ქანდაკება წარმოაჩენს როგორც კონკრეტულ, ცნობილ ადამიანს და საზოგადო მოღვაწეს, ისე ქალაქს. ქუთაისი ტრადიციული უძველესი ქალაქია და ქანდაკებაც ქალაქის ამ სახესთან უნდა იყოს კავშირში. არ შედიოდეს დისკუსიაში იმ სივრცესთან, სადაც დგას", - ამბობს მოქანდაკე გიორგი კიკვაძე.


„ექვთიმე“ - მოქანდაკე გიორგი კიკვაძე

თუმცა სწორედ დისონანსსა და დისკურსში ხედავს თანამედროვე ეპოქის გამოწვევას რეჟისორი ლევან ბიბილეიშვილი.

"შესაძლებლობა რომ მქონდეს, ქალაქის ცენტრში მშენებარე "მაკდონალდსის" წინ სტალინის ქანდაკებას დავდგამდი, მის საპირისპიროდ სადმე ჩამოვსვამდი "ენაგამოყოფილ" აინშტაინის სკულპტურას. სტალინი, "მაკდონალდსი" და აინშტაინის ანსამბლი ჩვენი დროის სიმბოლოდ იქცეოდა, - სტალინი, როგორც ძალაუფლებისა და ტირანიის სიმბოლო, "მაკდონალდსი" თანამედროვე მომხმარებელი საზოგადოებისა და Fast food კულტურის სახე და ენაგამოყოფილი აინშტაინი - დიდი ირონიის გამომხატველი ყველაფერი ამის მიმართ", - აღნიშნავს ლევან ბიბილეიშვილი.

თუმცა, ამ ტიპის ქანდაკებების ადგილს სხვაგან ხედავს მოქანდაკეთა ნაწილი და მიაჩნიათ, რომ "პოსტმოდერნს" გარეუბნის სივრცე უფრო შეეფერება. თანაც მათი თქმით, ქანდაკება ბევრ კითხვას არ უნდა აჩენდეს და არ აბნევდეს დამთვალიერებელს.

ხელოვნებათმცოდნეთა ნაწილი სწორედ ხელოვნების ნიმუშის მრავალმხრივობასა და კითხვების დაბადებაში ხედავს თანამედროვე ხელოვნების ამოცანას.
"დღევანდელ სამყაროში ფასეულობების გადაფასება ხდება, ასევე სხვადასხვა გზების ძიება, გამოხატვის სხვადასხვა ენაზე მუშაობა. ადგილი აქვს სრულიად მოულოდნელ სვლებს და ვარიაციებს. თანამედროვე ხელოვნებისთვის მრავალმნიშვნელოვნებაა დამახასიათებელი. იგი კონცეპტუალური და პროვოკაციულია", - ამბობს ხელოვნებათმცოდნე რევაზ ჯავახაძე.

21-ე საუკუნეს ქუთაისში არც ერთი ძეგლი ეხმაურება და ასახავს. მონუმენტები ჩვენს დროზე ინფორმაციას არ იძლევიან. ნაკლებად პასუხობენ თანამედროვე ხელოვნების და საზოგადოების, ესთეტურ თუ სოციალურ მოთხოვნებს, მიაჩნიათ ხელოვნების მოყვარულებს.
არადა, ქუთაისში თანამედროვე კონცეპტუალური ხელოვნებისთვის ნიშნეული ქანდაკებების პარკის შექმნის იდეა გააჩნდა ახალგაზრდების ჯგუფს, თუმცა იდეამ ხორცი ვერ შეისხა.

"რამდენიმე არტისტს გვინდოდა თანამედროვე ქანდაკებების პარკის გაკეთება. ადგილს ვეძებდით, სად შეიძლებოდა მათი განთავსება, იშხნელების ფონზე კარგი კონტრასტი იქნებოდა. ჩემი იდეა იყო დაგვედგა ჩვეულებრივი გზის მაჩვენებელი, სადაც ყველა მიმართულებებზე ეწერებოდა "ღმერთი". მაგრამ, ჯერ ადგილის პრობლემა შეიქნა, მერე ამ იდეის მიღების. არაო, გვითხრეს, ესენი არასერიოზული ქანდაკებებიაო... ამბობს იდეის ერთ-ერთი ავტორი, მხატვარი ქრისტინე რობაქიძე.

ქუთაისის მერიაში აღნიშნავენ, რომ ამ დროისთვის ქალაქის ადმინისტრაციულ ორგანოში შემოსული არც ერთი პროექტი არ ეხება თანამედროვე ქანდაკებას. მათი ინფორმაციით, არტისტების მხრიდან დაინტერესება და აქტივობა ნაკლებია. ხშირ შემთხვევაში მხატვრების შემოთავაზება იდეებს არ სცილდება და ნაკლებად იღებს პროექტის სახეს.

თავად მერიაშიც, ამ ეტაპზე არ იგეგმება რაიმე აქტივობა თანამედროვე ქანდაკების დადგმის კუთხით.
არტისტების პასიურობას ჩინოსნებთან ურთიერთობის ცუდი გამოცდილებით ხსნის მოქანდაკე ზაზა ჭიღლაძე.
"წლების წინ შევიტანე პროექტი და ცუდი დამოკიდებულება დამხვდა მერიაში, არასერიოზული. ასეთ მიმართებას რომ აწყდები, მერე სურვილიც გიქრება თანამშრომლობის", - აღნიშნავს მოქანდაკე.


„ალიგატორი“ - მოქანდაკე ტომ ოტერნესი

თანამედროვე კონცეპტუალური, პროვოკაციული, "უცნაური" ქანდაკებების დადგმის პერსპექტივა ქუთაისში ჯერჯერობით არ ჩანს. არადა, არიან ქალაქები, რომლებმაც სწორედ "უცნაური" ქანდაკებებითაც გაითქვეს სახელი. თუმცა, როგორც მოქანდაკეები აღნიშნავენ, "საკანალიზაციო ჭიდან ამომხტარი" კაცის მსგავსი ქანდაკება ქუთაისს არ სჭირდება, რადგან ამის გარეშეც დიდი ისტორია აქვს და ბევრი საინტერესო რამის წარმოდგენა შეუძლია, თუნდაც საკუთარი ისტორიიდან.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
30 ნოემბერს, ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის თეატრში, ანრი ჯოხაძის
კონცერტი გაიმართება.
13:32 / 22.11.2024
30 ნოემბერს, ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის თეატრში, ანრი ჯოხაძის კონცერტი გაიმართება.
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული
იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.
11:29 / 12.11.2024
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.