ბავშვების ხასიათის ჩამოყალიბებაში სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად
კინოსა და ანიმაციური ფილმების პერსონაჟებსაც გარკვეული წვლილი
მიუძღვით.
ამაზე მიუთითებენ სპეციალისტები და ამაზე მეტყველებს პირადი
გამოცდილებაც. ბავშვებს ჭირდებათ გმირები. თანაც სწორედ თანამედროვე,
მათი მსგავსი და ეპოქის ადეკვატური. თუმცა ქართული ტელე და კინოსივრცე
ღარიბია და ბევრს ვერაფერს თავაზობს მოზარდებს. ამიტომ ქართველი
ბავშვები თანამედროვე ქართველი გმირების გარეშე რჩებიან.
"ბავშვობაში დიდი მნიშვნელობა აქვს გავლენებს პიროვნების საბოლოო
ფორმირების პროცესში ერთ-ერთი მთავარი როლი ზღაპრის პერსონაჟებს აქვს,
ქართული მულტიპლიკაციური ჟანრი ამ მხრივ განიცდის კრიზისს. რადგან, არ
გვყავს თანამედროვე გმირები, რომლებიც მისაბაძი და ამავდროულად
თანამედროვე ბავშვის მსგავსი იქნება, გავლენას ახდენს ის რაც გგავს ან
გინდა რომ ჰგავდეს",- აღნიშნავს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის
დირექტორი, ხელოვნებათმცოდნე, ნატა პატარიძე.
ხელოვნებათმცოდნეები საუბრობენ იმ დანაკარგზე, რაც ქართველ ბავშვებს
ქართული პერსონაჟების არარსებობა ართმევთ.
„რადგან მსოფლიოში ყველა ბავშვისთვის ერთნაირი მოცემულობა არ არის,
არც ერთნაირი გარემო და საშუალება პრობლემის დაძლევის, თუ იარსებებს
თანამედროვე პერსონაჟი ქართულ მულტიპლიკაციურ სივრცეში, რომელიც
ქართველი ბავშვისთვის უფრო ახლობელი და გასაგები იქნება. ბუნებრივია
ეს გაცილებით უკეთეს შედეგებს მოგვცემს მათი პიროვნების ფორმირების
თვალსაზრისით", - მიაჩნია ნატა პატარიძეს.
მიუხედავად უჩინრობისა, როგორც აღმოჩნდა ქართული თანამედროვე
ანიმაცია მაინც არსებობს, მუშაობს და წარმატებებსაც აღწევს.
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ნათია ნიკოლაშვილის ანიმაციური
ფილმის "ლილე" მსოფლიო პრემიერა შედგება. როგორც, საქართველოს
კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ მრავალწლიანი პაუზის
შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა როდესაც ქართული ანიმაციური ფილმი
პრესტიჟულ ფესტივალზე მოხვდა.
ამის გარდა, "უკვე მზად არის პირველი ქართული 3D ანიმაცია "ჯინო" და
ანიმაციური ფილმი "ზოლემია", რომლებიც მრავალფეროვან პერსონაჟებს
შესთავაზებენ მაყურებელს. ნიუ იორკის საბავშვო საერთაშორისო
კინოფესტივალზე კი შედგება ანიმაციური ფილმის "ჯიბის კაცი" პრემიერა,
რომელიც ანიმაციაში პირველი ქართულ-ფრანგული კოპროდუქციაა.
მიმდინარეობს მუშაობა კიდევ ერთ საინტერესო ანიმაციურ პროექტზე
"შეყვარებული ბაყაყი", - აღნიშნავენ საქართველოს კინემატოგრაფიის
ეროვნულ ცენტრში.
საქართველოში იღებენ ანიმაციურ ფილმებს, თუმცა ფართო აუდიტორია და
პირდაპირი ადრესატები - ქართველი ბავშვები მათ ნაკლებად
იცნობენ. შესაბამისად, ნაკლები შესაძლებლობაა ანიმაციური და
საბავშვო მხატვრული კინოს პერსონაჟებთან დაახლოების.
არადა, საინტერესო და "შენიან" პერსონაჟზე მოთხოვნილება
არსებობს. მას ვერ ცვლის წარსული დროის კლასიკად აღიარებული ფილმები
და მათი გმირები. ბავშვები მათი ეპოქის შესაფერ პერსონაჟებს ეძებენ და
ბოლოსდაბოლოს პოულობენ ოღონდ არასაბავშვო კინო და ტელე
პროდუქციაში.
მაგალითად, ჩვენს მიერ გამოკითხული ქუთაისელი მოზარდები აღნიშნავენ,
რომ სკოლაში თამაშობენ პერსონაჟებს სერიალიდან „ჩემი ცოლის
დაქალები“ თამაშს "ეგონობანა“ და „ნატრულობანა" ქვია, ასევე მოსწონთ
სერიალ "ხელოვნური სუნთქვის" პერსონაჟი გოგონა მელანო. ქართული
საბავშვო გმირებისთვის განკუთვნილი სივრცე თითქმის ამით
შემოიფარგლება.
შესაბამისად, მისაბაძი და საინტერესო გმირების ყველაზე მეტი რაოდენობა
მაინც ჰოლივუდზე მოდის. გმირის ჰოლივუდური ფორმულა ყველაზე
ქმედითია. ` „ჰოლივუდში წარმოებული ანიმაციური ფილმების პერსონაჟები
უმეტესად მარგინალები არიან,რომლებიც საკუთარი განსაკუთრებული
უნარების შეძენის ან იდეისა და ოცნების ერთგულების გზით ხდებიან
გმირები, განსაკუთრებულები... ამ ფილმების მთავარი მესიჯი მდგომარეობს
იმაში, რომ თუკი არ ჯდები საერთო ნორმებში ეს არ არის ცუდი. ეს მესიჯი
ეხმარება მილიონობით ადამიანს მიიღოს საკუთარი თავი, არ განიცადოს
მიმიკრია და არ დაემსგავსოს სხვას", - აღნიშნავს კინომცოდნე თამთა
თურმანიძე.
ქართველი „გმირების“ სივრცე ცარიელია ან დისტანცირებულია.
შესაბამისად, ქართველ მოზარდებს პერსონაჟების ძებნა კიდევ კარგა
ხანს სხვაგან მოუწევთ.
მასალის გამოყენების პირობები