კულტურა
ღია და ჩაკეტილი ქუთაისი კულტურული ცხოვრების მცდელობებით
FaceBook
2016 წელსაც ქუთაისში კულტურული ამინდის შემქმნელად კვლავ სახელმწიფო, კერძოდ ადგილობრივი თვითმმართველობა რჩება.

სხვადასხვა კულტურული პროექტების დაფინანსება ისევ სახელმწიფოს უწევს, შესაბამისად ვინც იხდის მუსიკასაც ის უკვეთავს. ამიტომ ქალაქში კულტურული ცხოვრება იმდენად იცვლება, რამდენადაც კულტურის სფეროში დაკავებულ ჩინოსნებს ამის მოთხოვნა უჩნდება. რადგან ცვლილებებზე მოთხოვნა ნაკლებია, ამიტომ კულტურა 2016 წელსაც პრინციპში იგივე კალაპოტში მიედინებოდა, რაშიც ბოლო ათი წელია.

ფორმით ოფიციალური და შინაარსით ტრადიციული ნარატივის შემცველი ღონისძიებები ვიხილეთ გასულ წელსაც სხვადასხავა კულტურულ სივცეებში.
თუმცა, მცირე ცვლილება მაინც მოხდა: ქუთაისის არტსივრცემ საზღვრები გახსნა და გეოგრაფია გააფართოვა. ქალაქში რამდენიმე საერთაშორისო პროექტი განხორციელდა.

ქუთაისი გაზაფხულზე ქარავან არტ ფორუმს მასპინძლობდა, ფორუმის ფარგლებში ბევრი ივენთი განხორციელდა. ევროპის ქალაქების ურბანული პეიზაჟები შეერია ქუთაისის ხედებს. ნახატებმა, ფოტოებმა, ინსტალაციებმა ევროპული ქალაქების განწყობები მოიტანეს. თანაც ეს ნამუშევრები არ დარჩნენ დახურულ საგამოფენო სივრცეში და ქალაქის ქუჩებშიც კედლებზე "გამოისახნენ" . ფორუმმა რამდენიმე სტრიტ არტის ნიმუშიც დატოვა ქალაქში და იმის განცდაც, რომ სამყარო ძალიან მრავალფეროვანია და ქუთაისიც ამ ფერადოვნების ნაწილია.

"შეუძლებელია ყველა ღონისძიება ტარდებოდეს მხოლოდ დედაქალაქში, ქუთაისს დიდი ისტორია გააჩნია. აქ უძველესი ცივილიზაიციის მატარებელი ხალხი ცხოვრობს. ქუთაისს დიდი წვლილი შექონა ქართულ კულტურაში. საკმარისი იყო ეს არგუმენტი იმისთვის, რომ თანამედროვე ხლოვნებას, როგორც მომავალი კულტურის შემადგენელ ნაწილს, ქუთაისის სივრცე დათმობოდა. დღეს ეს ქალაქი თავისი ყველა ატრიბუტიკითა და კულტურული ცხოვრებით, ჩაწერილი იყოს მსოფლიო ევროპულ თანამედროვე ხელოვნების ქსელში", - მიაჩნია ქარავან არტ ფორუმის დამფუძნებელს, შალვა ხახანაშვილს.

ქარავან არტ ფორუმში არ მონაწილეობდნენ ქუთაისელი არტისტები. სამაგიეროდ, ქუთაისელები მრავლად იყვნენ წარმოდგენილი თეატრალურ ფესტივალზე, რომელმაც ასევე გახსნა საზღვრები. ფესტივალში იმერეთის მუნიციპალიტეტებში არსებული თეატრების გარდა ცხინვალის თეატრალური დასი და ქალაქ ტორუნის (პოლონეთი) თეატრიც ჩაერთო. თუმცა გეგრაფიული საზღვრის გახსნამ ვერ შესძინა რაიმე პრინიპულად ახალი ფესტივალს. თეატრებმა წარმოადგინეს ტიპიური სპექტაკლები, სადაც აჩვენეს გარკვეული პროფესიონალიზმიც და ჩამორჩენაც.

"ზედმეტად გაბედული არაფერი იყო. ყველაფერი გამომდინარეობს იმ მონაცემიდან, სიტუაციიდან და იმ სივრციდან, რომელშიც მონაწილეობენ ეს თეატრები. ისინი ხომ მხოლოდ ფესტივალზე არ ფიქრობენ, არამედ მაყურებელზეც და ასეც უნდა იყოს. ამიტომც, ძალიან ბევერი ნამუშევარი სულაც არ იყო გაბედულად წინგადადგმული ნაბიჯი", - ასე შეაფასა თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილმა ფესტივალი.

ქუთაისს თეატრალების გარდა საოპერო მომღერლებიც სტუმრობდნენ. ქალაქს ცნობილი საოპერო შემსრულებელი ხოსე კარერასი ეწვია, სხვანაირად რომ ვთქვათ მომღერალი საქართველოში დაჩეკინდა, რაც მნიშვნელოვან მოვლენად შეფასდა. თუმცა, ამ აქტმა უფრო მეტი ფოტო შესძინა ფოტომატიანეს "სელფის " ჟანრში, ვიდრე კულტურული "ბონუსები."

თითქოს, ქუთაისი 2016 წელს ღია ქალაქი გახდა, თუმცა არა ყველასთვის. აქ სივრცე (ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებით) კონკრეტული ჯგუფებისთვის ჩაიკეტა. გამოფენა, რომელიც ლგბტ თემას ეხებოდა დაიბლოკა ყველა საგამოფენო სივრცეში.

სამაგიეროდ, გზა ხსნილი ქონდა ტიპიურ გამოფენებს, პერფორმანსებს, შეხვედრებს, რომელმაც კულტურული ცხოვრება მაინცადამაინც ვერ გაამრავალფეროვნა. როგორც მხატვარი ქრისტინე რობაქიძე აღნიშნავს, მხოლოდ მცდელობებად დარჩნენ.

"აქ (ქუთაისში) მაქვს ის შეგრძნება, რომ ნებისმიერი აქცია დ ა გამოფენა სადაც მოვხვედრილვარ, მათ შორის ჩემი გამოფენაც, არის გამოფენის მცდელობა, კონცერტი არის კონცერტის მცდელობა. თითქოს ძილშია ქუთაისი", - აღნიშნა ქრისტინე რობაქიძემ.

მიძინებული სივრცის რევიზიას შეეცადა 2016 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი სპექტაკლი მესხიშვილის თეატრში "რევიზორი". სპექტაკლმა საზოგადოების, გარემოს, პოლიტუკრი სპექტრის კრიტიკა შემოგვთავაზა. ერთგვარი სარკე წარმოადგინა, თუმცა სპექტაკლის იგავურმა ენამ და სიმბოლოების სიმრავლემ მაყურებელს ამ სარკისთვის თვალის არიდების საშუალება მისცა. ანუ კრიტიკა კრიტიკის მცდელობად დარჩა. ( ისევე როგორც ეს სტატიაა სტატიის დაწერის მცდელობა).

ქუთაისში კულტურული ცხოვრება მცდელობების სივრცეს ვერ გაცდა მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად საზღვრებს ხსნის და მის წამოწყებებს მეუფეებიც ლოცავენ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
30 ნოემბერს, ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის თეატრში, ანრი ჯოხაძის
კონცერტი გაიმართება.
13:32 / 22.11.2024
30 ნოემბერს, ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის თეატრში, ანრი ჯოხაძის კონცერტი გაიმართება.
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული
იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.
11:29 / 12.11.2024
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.