კულტურა
სხვისი სახლი - დაკარგული სამოთხე დაკარგულ რეალობაში
FaceBook
ქართულ კინოში აფხაზეთი სულ ახსოვთ.

ამის თქმის უფლებას ბოლო წლების ქართული ფილმები იძლევიან, სადაც კარგ სურათებად აღიარებული, და იქამდე სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალებზე ნომინირებული ფილმების უმეტესობა სწორედ გასული საუკუნის 90-იან წლებში აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს ეხება.
დაკარგული ტერიტორიების პრობლემა გაიელვებს სხვა თემაზე შექმნილ ქართულ ფილმებშიც ("გაიღიმე").

მოკლედ ქართული კინო აქტიურად განიხილავს დაკარგული ტერიტორიებისა და ამის გამო ადამიანთა შორის გათიშულობის პრობლემას. თუმცა უმეტესად მითოსის და გარკვეული სქემის ჭრილში.

აფხაზეთის თემაზე გადაღებული ფილმები გვიყვებიან მითებს უმამობის პრობლემაზე და შინისაკენ მიმავალი გზის ძიებაზე ("გაღმა ნაპირი").
ვეფხისა და მოყმის იგავზე ( "ბამბაზიის სამოთხე").
მითებს დაკარგულ სამოთხეზე ("სიმინდის კუნძული").
ძმათა მკვლელობის და ენების არევის ბიბლიურ ისტორიაზე ("მანდარინები")
აფხაზეთის თემაზეა რეჟისორ რუსუდან გლურჯიძის ფილმიც "სხვა სახლი".

სურათმა იგივე გზა გაიარა, რაც რამდენიმე სხვა, მსგავს თემაზე შექმნილმა, ქართულმა კინოპროექტმა - პრიზებისა და ჯილდოების ჩათვლით.
რუსუდან გლურჯიძის ფილმი კარლოვი ვარის კინოფესტივალის გამარჯვებულია.

ფილმი ასევე ოფიციალურად წარდგენილია ოქროს გლობუსის სელექციაზე ნომინაციაში "საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი".
პოლიტიკოსებისგან განსხვავებით ქართველმა კინემატოგრაფისტებმა აფხაზეთის თემას რაღაც გასაღები უპოვეს. რაც მათ სათქმელს და სათქმელის ფორმას ზუსტად მოერგო. ეს სათქმელი კი საფესტივალო თუ პროფესიული გამარჯვებების ლამის გარანტად იქცა. აქვე აღსანიშნავია სახელმწიფოს პოზიციაც, რომელიც ფინანსურ მხარდაჭერას სწორედ ამ პრობლემაზე შექმნილ ფილმებს უცხადებს.
ასეა თუ ისე დაკარგული ტერიტორიების თემა ქართულ კინოში დომინირებს.
ამ დომინანტ საკითხს უძღვნის ახალგაზრდა რეჟისორიც თავის ფილმს.

რუსუდან გლურჯიძე მძიმე ისტორიას ყვება დანგრეულ/გახლეჩილ ქვეყანასა და ურთიერთობებზე. რეჟისორი თავის სათქმელს მითების სივრცეში აქცევს. იქამდე ყველა ზემოთჩამოთვლილ მითს ერთად უყრის თავს.
ფილმში მოქმედება ქართველებისგან მიტოვებული ერთი სოფლის ტერიტორიაზე ვითარდება. სადაც ფილმის პერსონაჟები ერთდროულად ეძიებენ შინისაკენ მიმავალ გზასაც, მამის აჩრდილებსაც და დაკარგულ სამოთხესაც.

სოფელი მართლაც გავს სამოთხეს, ედემის ბაღს სადაც ომსა და კონფლიქტს დაუდევს ბინა. სილამაზე ავისმომასწავებელ ელფერს იძენს. აქ ყოველი თვალწარმტაცი მცენარისა და მინდვრის იქით რაღაც საფრთხე იმალება - ნაღმი თუ გაუცხოება. ნაღმი ნებისმიერ ადგილას შეიძლება აფეთქდეს, ისე როგორც ურთიერთობა ნებისმიერ მომენტში დაინგრეს. შეიძლება გაუცხოვდეს, გაეთიშოს, წავიდეს და აღარ დაბრუნდეს ქალი და კაცი, ცოლი და ქმარი, დედა და შვილი, დები, მეზობლები , ნაცნობ -უცნობები.

გაუცხოება და მიუღებლობა გააჩნიათ საგნებს, შენობებს, სახლებს.
ფილმი ერთ სოფელში მცხოვრები ორი ოჯახის ისტორიას ასახავს. აფხაზური ოჯახი მიტოვებულ სოფელში სახლდება , სხვის სახლში. რომელიც მათ "არ იღებს", სახლის სივრცეში მისი ახალი ბინადრების სახეები ა რ ირჩევა, ისინი როგორც მოჩვენებები ისე დარონინებენ ოთახებში და ვერ იქცევიან რეალურ ადამიანებად.
რეალურ ადამიანებს არ გვანან მათი მეზობლებიც, უცნაური დები. მათი ცხოვრებაც რეალობიდან განდგომის სურვილი და მთლიანად წარსულის აჩრდილების დევნაა.

ამ "არარეალურ" გარემოში მხოლოდ კონფლიქტია რეალური.
კონფლიქტი, რომელმაც ქართულ ფილმებში უკვე მითიური ამბავის სახე მიიღო. კონფლიქტის მონაწილეებმა კი მითოსის პერსონაჟების, რომლებიც მამის ძიებისა თუ ედემში დაბრუნების მარადიულ პრობლემას ათამაშებენ.

ქართული კინო, მისი ერთგვარი მიდრეკილებებით სათქმელის მითად ქცევისკენ და სინამდვილიდან გაქცევისკენ, აქაც ავლენს ამ თვისებას. არადა კინო მიწიერი ხელოვნებაა კონკრეტულ, არაგამოგონილ მასალაზე დაფუძნებული. სადაც გამართული დრამატურგია ცოცხალ სახეებს და სათქმელის კონკრეტულობასაც გულისხმობს. მაყურებელი ძალიან რომ არ დააბნიოს ბუნდოვანებით. რის შემდეგაც მან ისევ და ისევ ზოგად სქემებს არ მიმართოს ფილმის ფაბულის გასაგებად.

დემითოლოგიზაცია და რეალობიდან მაკლებად გაქცევის სურვილი კინოში ალბათ მეტ შესაძლებლობას გააჩენს ფილმები სხვისი სახლივით უხერხული არ გახდეს მაყურებლისთვის. სახლივით, რომელიც ლამაზია, მაგრამ იქ გზას ძნელად თუ გაიგნებ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული
იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.
11:29 / 12.11.2024
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.
ქუთაისელი მევიოლინე გვანცა ბუცხრიკიძე მანჰეტენის ორკესტრში
სოლისტად აირჩიეს.
09:16 / 08.11.2024

ქუთაისელი მევიოლინე გვანცა ბუცხრიკიძე მანჰეტენის ორკესტრში სოლისტად აირჩიეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.