მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრს ქალაქის
მერიამ 2016 წელს 50 ათასი ლარი გამოუყო.
ოპერაში განმარტავენ, რომ თანხა ხელფასებს მოხმარდება.თუმცა თეატრში
დაბალ ხელფასებზე მეტად საკუთარი საჭიროების დეფიციტზე საუბრობენ და
აღნიშნავენ, რომ ის ღირშესანიშნაობა, რაც ქუთაისს ოპერის სახით
გააჩნია ნაკლებადაა დაფასებული.
სანამ ხელისუფლება და საზოგადოება ცდილობს გაიაზროს თუ რა მონაპოვარი
გააჩნია , მანამდე დაფასება/შეფასების პროცესი თავად ოპერის თეატრში
განხორციელდა და კონურსების ჩატარებაში გამოიხატა.
კონურსმა თეატრში გარკვეული სიახლე შემოიტანა :ცხადი გახადა
შემოქმედებითი რესურსი და განსაზღვრა მომღერლებში ხელფასის
განაწილების პრინციპი. კონკურსმა გუნდსა და სოლისტებში უმაღლესი,
პირველი და მეორე კატეგორიის შემსრულებლები გამოავლინა. კატეგორიების
მიხედვით დადგინდა ხელფასის ოდენობაც. სიახლე ძირითადად მომღერლებში
ხელფასის განაწილების პრინციპს შეეხო. კონკურსმა გუნდსა და სოლისტებში
უმაღლესი, პირველი და მეორე კატეგორიის შემსრულებლები გამოავლინა.
მინიჭებულმა კატეგორიებმა განსაზღვრა ხელფასის ოდენობაც.
კონკურსით გაირკვა, რომ გუნდიდან უმაღლესი კატეგორია მიენიჭა 25
შემსრულებელს, პირველი კატეგორია აიღო 16-მა, მეორე კატეგორია ერგო
შვიდს. სოლისტებიდან უმაღლესი კატეგორია მიენიჭა ხუთს, პირველი
კატეგორია - ცხრას, მეორე კატეგორია - ოთხს.
თეატრიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით გუნდის უმაღლესი
კატეგორიის სტატუსის მომღერლებს ხელფასი 50 ლარით გაეზარდათ და 330
ლარი გაუხდათ. გუნდში ყველაზე დაბალი ხელფასი 210 ლარი გახდა.
გაიზარდა სოლისტების ანაზღაურებაც და 575 ლარს მიაღწია. პირველი
კატეგორიის მომღერლებს - 370 ლარი დაენიშნათ, მეორე კატეგორიისას -
295 ლარი.
"ხელფასებზე შეპირება გაცილებით მეტი იყო, თუმცა მომღერლებს სიმღერა
და მუშაობა უფრო გვინდა. ხელფასზე მეტად საქმეს ვითხოვთ , რომ
საჭირონი ვიყოთ სხვა თეატრებისთვისაც"- აღნიშნავს სოლისტი სოფიო
ბერიშვილი, რომელსაც პირველი კატეგორია მიენიჭა.
საქმეში სოფიო ბერიშვილი მეტ სპექტაკლს და კონცერტს გულისხმობს. მისი
თქმით ოპერაში სპექტაკლების სიმწირეა, სოლისტის აზრით,მომღერალი
დირიჟორთან მეტი მუშაობითა და ბევრ სპექტაკლში მონაწილეობით
იზრდება.
"სპექტაკლების აფიშებს ხშირად ვერ ვხედავთ, პრემიერებისას მითუმეტეს,
უმეტესად სულ სხვა ღონისძიებებია ოპერის შენობაში", - აღნიშნავს
სტუდენტი ანა აბაშიძე.
თეატრში განმარტავენ, რომ თეატრის დაფინანსება, რომელიც ქუთაისის
ოპერის თეატრს მერიიდან ეძლევა, თითქმის მთლიანად თანამშრომლების
ხელფასებს ხმარდება. "კომუნალური გადასახადი და სადადგმო თანხები
თეატრმა საკუთარი ძალებით უნდა მოიძიოს. ამ საკითხს ვაგვარებთ.
მნიშვნელოვანი საკითხია ისიც, რომ სადღეისოდ თეატრს ვალი არა აქვს", -
აღნიშნა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ირინე ლომინაძემ.
მისი თქმით, თეატრის საკუთარი შემოსავლის თითქმის ერთადერთი წყარო
დარბაზის გაქირავებაა. "დარბაზის გაქირავებით აღებული თანხებით ვდგამთ
სპექტაკლებს. გამონაკლისს წარმოადგენს კულტურის სამინისტროს
დაფინანსება, რომელიც წელიწადში ერთ პროექტს ერიცხება", - აღნიშნავს
ლომინაძე.
თეატრში განმარტავენ, რომ სპექტაკლების დემონსტრირების პერიოდში
ორკესტრისთვის თბილისიდან უწევთ მუსიკოსების მოწვევა, რაც დამატებით
ხარჯებთანაა კავშირში.
"ორკესტრი რომ შეივსოს თბილისიდან გვიწევს სამი-ოთხი მუსიკოსის
მოწვევა. მათ გარეშე სპექტაკლი არ გამოვა. ამიტომ ყოველი სპექტაკლის
წარმოდგენა ჩვენი ბიუჯეტისთვის დიდ ხარჯს გულისხმობს. ამ თანხების
მოძიება თეატრს დიდი ძალისხმევის ფასად უწევს", - ამბობს ირინე
ლომინაძე.
თეატრში აღნიშნავენ, რომ ოპერის თეატრი თავის დროზე საკმაო
ძალისხმევის ფასად დაფუძნდა დ ა კიდევ უფრო დიდი თავდადების შედეგად
შენარჩუნდა. ოპერის მესვეურებს მიაჩნიათ, რომ ოპერის თეატრი
ქალაქისთვის დიდი მონაპოვარი და ღირშესანიშნაობაა, თუმცა მიუხედავად
ამისა ნაკლებად გრძნობენ საკუთარ საჭიროებას.
"შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ახალი შენობა გაკეთდა, მაგრამ ეს არის
დეკორაციასავით მასში სული თუ არ ჩაბერე და არ მიეცი ის თანხა რაც მას
ჭირდება განვითარებისთვის. ამიტომ მოტივაცია არის ნულს ქვემოთ, ვეღარ
ვხედავთ ჩვენ იმას, რომ ვიღაცას ვჭირდებით.ყველაზე მთავარი არის ის,
რომ ვიგრძნოთ - ჩვენ ვჭირდებით ჩვენს ქალაქს. მხოლოდ მოცემული თანხა
იმისთვის, რომ ხელფასები დარიგდეს და ხალხი იყოს დასაქმებული, ეს
საკმარისი არაა. შემოქმედებითი ორგანიზაციაა და მას სხვანაირი
მხარდაჭერა ჭირდება", - მიაჩნია ოპერის თეატრის მთავარ დირიჟორს რეზო
ჯავახიშვილს.
ოპერის თეატრი ქალაქის მერიიდან ფინანსდება. მისი ბიუჯეტი 900 ათას
ლარს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები