კონფერენციას ქუთაისის ისტორიულმა მუზეუმმა უმასპინძლა.
თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი
"ქარავან არტ ფორუმი 2016"-ის ფარგლებში
მხატვართა კონფერენცია გაიმართა, რომელსაც ქუთაისის ისტორიულმა
მუზეუმმა უმასპინძლა. მას ფესტივალში მონაწილე
უცხოელი არტისტების გარდა, ადგილობრივი მხატვრებიც
ესწრებოდნენ.
ევროკავშირთან არსებული საგამოფენო გაერთიანება Apollonia-ს
წარმომადგენელმა, დიმიტრი კონსტანტინიდმა და ბრიტანელმა ჟურნალისტმა,
საიმონ ჰიუიტმა საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს. მომხსენებელთა თქმით,
მათი მიზანი თანამედროვე ხელოვნების მხარდაჭერა და საინტერესო
ავტორების აღმოჩენაა.
შეხვედრაზე ისიც აღინიშნა, რომ ევროპის პერიფერიებში შემოქმედებითი
პროცესი განსაკუთრებით აქტიური და საინტერესოა.
"Apollonia არ მისდევს მოდას, არამედ ცდილობს შექმნას
ხანგრძლივი თანამშრომლობა. ყურადღებით მიადევნოს თვალი მხატვრების
შემოქმედებით მიზნებს, მათ ზრდასა და განვითარებას", - აღნიშნა
დიმიტრი კონსტანტინიდმა.
მისივე თქმით, ორგანიზაცია იმითაც გამოირჩევა, რომ ისინი ავტორებს
კატალოგებითა და ინტერნეტით არ ეცნობიან.
"ჩვენ ადგილზე ჩავდივართ და ვეცნობით იმ არტისტებს, რომლებიც ხვდებიან
ჩვენი კვლევის ორბიტაში. კონკრეტული ქვეყნის ან ქალაქის კულტურული
ცხოვრების შესაგრძნობად, არ არის უკეთესი მეთოდი, გარდა იმისა, რომ
ჩახვიდე ამ ქვეყანაში, უშულოდ ნახო, შეეხო, შეიგრძნო იქაური კულტურა",
- მიაჩნია კონსტანტინიდს.
უშუალო ურთიერთობასა და ადგილზე გაცნობის პრინციპს მიყვება ბრიტანელი
ჟურნალისტი, საიმონ ჰიუიტიც. მისი თქმით, იგი ერთ-ერთი იშვიათი
ავტორია, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის კულტურასა და არტისტებზე
წერს.
"ამ ქვეყნებში არის ცოტა გალერეა და კიდევ უფრო
ნაკლები მსურველი, რომ თანამედროვე მხატვრების
შემოქმედების პოპულარიზება მოახდინოს. არადა, აქ უამრავი
საინტერესო ავტორი მუშაობს", - აღნიშნა ჰიუიტმა.
კონფერენციაზე აღინიშნა, რომ ბევრ ნიჭიერ არტისტს,
განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში, მარტო უწევთ სირთულეებთან
გამკლავება, რასაც დასავლეთში მათი შემოქმედების
გატანაც
წარმოადგენს.
თუმცა, არის საპირისპირო მაგალითებიც. ამიტომ "ქარავან არტ ფორუმის"
ტიპის პროექტები იმისთვის არსებობს, რომ მხატვრები გაეცნონ ერთმანეთს,
მოხდეს ინტეგრაცია, ახალი პროექტების ორგანიზება და მათში
მხატვრების ჩართვა.
ქუთაისში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "ქარავან არტ
ფორუმი 2016" მიმდინარე წლის 17 მაისს დაიწყო და 20 მაისამდე
გასტანს.
ფესტივალის ფარგლებში
პერსორმანსები,
გამოფენები, ასევე ქართული წარმოშობის
ფრანგი მხატვრის,
ანრი მაჭავარიანის მასტერ კლასი გაიმართა.
"ქარავან არტ ფორუმი 2016" დღეს
ანიტა რაჭველიშვილის კონცერტით დაიხურება.
მეცო-სოპრანო კომპოზიტორისა და დირიჟორის, ნიკოლოზ რაჭველის ერთობლივ
პროექტს წარმოადგენს, რომლის პრემიერა 2014 წელს ნიუ-იორკში
გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები