თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ, ქუთაისში კინო დაბრუნდა.
„კინო-საქართველოს“ ხელმძღვანელის რუსუდან სილაგაძის განმარტებით,
თვის ბოლომდე სატესტო რეჟიმში იმუშავებენ, ოქტომბრიდან კი პრემიერები
ჩაეშვება.
„გვექნება ყველა სტანდარტული პრემიერა, რაც გამოდის მსოფლიოს
მასშტაბით. universal pictures-ი, sony, disney და სხვა. დავამატებთ
მულტიფლიკაციურ ფილმებსაც შაბათ-კვირას. ამასთან, გვინდა შემოგთავაზოთ
ისეთი სერვისები, როგორიც არის დარბაზების დატვირთვა სხვადასხვა
ფუნქციით, მაგალითად ტრენინგებისთვის, თემატური შეხვედრებისთვის,
თემატური კინოჩვენებებისთვის და სხვ. ამასთან, გვინდა, ჩვენს
მინიდარბაზებში (რომელიც მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილია) გავაკეთოთ,
მაგალითად, წიგნის კლუბი, ფილმების მოყვარულთა კლუბი და
ა.შ“,- ამბობს რუსუდან სილაგაძე.
მისივე თქმით, კვირაში ერთ დღეს ქართული კინოს დღე გაიმართება.
ამასთან, ჩანიშნული აქვთ ფესტივალებიც. ჩატარდება როგორც უცხოენოვანი,
ასევე ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალიც.
„გვინდა დავაბრუნოთ ხალხი კინოში, ამისთვის ვიბრძვით. ვუსმენთ
ადამიანებს, რა უნდათ, რა მოთხოვნილებები აქვთ. ასე რომ, მზად ვართ,
ნებისმიერი სურვილი, რაც იქნება ქუთაისის მაყურებლის,
გავითვალისწინოთ“,- განმარტავს რუსუდან სილაგაძე.
მისივე თქმით, „კინო-საქართველო“ ყოველ დღე იმუშავებს. ჩატარდება
დილის, შუადღის და საღამოს სეანსები. ბილეთის ფასი 5 ლარიდან
დაიწყება.
ქუთაისში, კინომ ფუნქციონირება 2022 წლის სექტემბერში შეწყვიტა.
კინოთეატრის დაბრუნების მიზნით ქალაქში
ხელმოწერებსაც აგროვებდნენ.
„კინო საქართველო" ქუთაისში 2018 წლის 16 თებერვალს გაიხსნა.
მასალის გამოყენების პირობები