„მეხსიერების გავლით“ - ამ სახელწოდებით ქუთაისის ახალგაზრდული
ცენტრის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა პარიზში გამოფენა გამართეს.
გამოფენაზე მათ როგორც ფერწერული, ისე ქართული კალიგრაფიით
შესრულებული ნამუშევრები წარმოადგინეს.
გამოფენის გახსნას საქართველოს ელჩი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი,
ახალი დესპანი ეკატერინე კოკაია და საფრანგეთში მცხოვრები ქართველები
ესწრებოდნენ.
„ყველა სტუმარს მადლობას ვუხდით, რომ ეს დღე შედგა. ჩვენ ყველას
გვაერთიანებდა ქართული იდენტობა, რომელიც ყოველთვის საქმის კეთებაზე,
წინსვლაზე და ევროპელობაზე იდგა. ახლა სიხარულით ვბრუნდებით
საქართველოში კიდევ უფრო მეტი საქმის საკეთებლად“, - ამბობს
ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი ნატალი პატარიძე.
ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრისთვის ეს უკვე მეორე გამოფენა იყო
საფრანგეთის დედაქალაქში.
ცენტრი ქალაქში 2014 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს და მოსწავლეებს
სწავლას 16 სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს. ცენტრის ახალგაზრდები
საერთაშორისო კონკურსებზე აქტიურად მონაწილეობენ და საპრიზო
ადგილებსაც იკავებენ.
მასალის გამოყენების პირობები