ქუთაისში, ლეგენდარული კალათბურთელის, ზურაბ საკანდელიძესადმი
მიძღვნილი გრაფიტი გამოჩნდა.
ნახატი ასათიანი-ჭავჭავაძის კვეთაზე (ე.წ სტეკლოტარაზე) მდებარე
ერთ-ერთი შენობის კედელზე, "ნიკოს" მიერაა შესრულებული.
"როდესაც გავიგე, რომ ქუთაისში ვხატავდი, გადავწყვიტე, ნახატი
ყოფილიყო უფრო მათი და გამეცოცხლებინა ერთ-ერთი ლეგენდა. წარსული
შავ-თეთრიდან ფერად მომავალში ნატყორცნი ბურთი. ყველასთვის ძვირფასი
კალათბურთელი ზურაბ საკანდელიძე", - ამბობს გრაფიტის შემსრულებელი
(Pablo).
აღსანიშნავია, რომ ქუთაისში, ბალახვანში არსებული „შავი პრინცის“
„ძებნილებისადმი“ მიძღვნილი გრაფიტიც „ნიკოს“
მიერაა შესრულებული. შენობის კედელზე ქართულ ჰიპ-ჰოპში გავრცელებული
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრაზა: "შავი პრინცის ძმები, ძებნილები და
ჯერონიმოა“ დატანილი.
გარდა ამისა, ლ. ასათიანის ქუჩის ერთ-ერთი შენობის კედელზე „ნიკოს“
მხატვრის შთაბეჭდილებებით შექმნილი
საფოსტო მარკაა დახატული, ბროწეულებისა და
წეროების სიმბოლოებით.
ქუჩის ხელოვნების მოძრაობა „ნიკო“ 5-6 წლის წინ შეიქმნა. მისი მიზანი
ქალაქების გაფერადება და ქუჩის ხელოვნების განვითარებაა. "ნიკო" ქმნის
ისეთ პლატფორმას, სადაც დამწყებ თუ გამოცდილ ხელოვანებს აქვთ
საშუალება, წარმოაჩინონ თავიანთი ნამუშევრები და ამავე დროს, ქალაქებს
ახალ-ახალი ღირსშესანიშნაობები შემატონ.
ფოტო: Nick Paniashvili
მასალის გამოყენების პირობები