მესხიშვილის თეატრში სპექტაკლ "ტესტოსტერონის" პრემიერისთვის
ემზადებიან.
თანამედროვე პოლონელი დრამატურგის ანჯეი სარამონოვიჩის პიესა
"ტესტოსტერონი" ევროპის თეატრებში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პიესად
ითვლება. იგი კომედიაა. კომედიებს კი სხვადასხვა „როლი“
ეკისრებათ.
„ტესტოსტერონის“ მესხიშვილის თეატრში დადგმის მიზანს მაყურებლების
ყოველდღიური პრობლემებიდან ყურადღების გადატანა და განტვირთვა
წარმოადგენს. კომედიამ მათ სიხარული უნდა მიანიჭოს და ყოვედლღიური
ყოფითი გამოწვევები დაავიწყოს. ასე მიაჩნია სპექტაკლის რეჟისორ
ნინო მაღლაკელიძეს.
"ეს არის კომედია. კომედია კი სულ არის მოთხოვნადი ჟანრი
თეატრში. ეს სპექტაკლი არის იმაზე, რომ მაყურებელი გამოერთოს ამ
ყოველდღიურობას და ნახოს რაღაც ნამდვილად მხიარული", - ამბობს
რეჟისორი.
თუმცა "მხიარული სპექტაკლი" მის ავტორებს გამოწვევის წინაშე აყენებს
და არც თუ მარტივ ამოცანას უჩენს - იარონ ბეწვის ხიდზე და არ
გადაკვეთონ ზღვარი.
"პიესა გვაყენებს გამოწვევების წინაშე. გვჭირდება გათვლა, რომ არ იყოს
ვულგარული და უგემოვნო. ეს არის ერთგვარი გამოწვევა
მსახიოებისთვისაც რომ არ გადავიდნენ რაღაც უგემოვნო
თამაშში.საჭიროა ზღვარზე თამაში, ამიტომ მეც მაინტერესებს რა
გამოვა".
თუ რა გამოვა სპექტაკლიდან ავტორებს ამის ზუსტი და ცხადი სურათის
ხილვა მხოლოდ პრემიერის შემდეგ შეეძლებათ. რეპეტიციები მხოლოდ
დაახლოებით სურათს იძლევიან.
"(რეპეტიციებზე) სპექტაკლის სახე ჩანს ბუნდოვნად. შენ, როგორც
რეჟისორი იცნობ მსახიობებს და შეიძლება რაღაცას ისე ვერ ხედავდე,
როგორც შეხედავს ამას ახალი თვალი. შენ შეიძლება ბევრი რაღაც
მოგწონდეს და სინამდვილეში არ იყოს მოსაწონი. ან არ მოგწონდეს,
მაგრამ მოდის მაყურებელი და მას ძალიან მოსწონს.
სპექტაკლის რეალური სახე ჩანს, როდესაც არის პრემიერა და მოდის
მაყურებელი. საბოლოო ჯამში რა გამოვიდა ეს იკვეთება მაშინ,
როდესაც სპეტაკლი არის სამჯერ, ხუთჯერ ნათამაშები".
სპექტაკლში შვიდი მსახიობი თამაშობს, როგორც მესხიშვილის თეატრის, ისე
მოწვეული მსახიობები. "კარგი გუნდი შევკარით", - მიაჩნია
რეჟისორს.
რამდენად გაართვა თავი "ტესტოსტერონის" გუნდმა გამოწვევებს, ამის
გაგება მაყურებელს 28 იანვარს შეეძლება.
ეს რიგით მეორე სპექტაკლია, რომელსაც ნინო მაღლაკელიძე მესხიშვილის
თეატრში დგამს.
მის პირველ სპექტაკლს "ქარი ქრის ვერხვებში" საქართველოს თეატრალურმა
საზოგადოებამ წლის საუეკთეო სპექტაკლის წოდება მიანიჭა.
ფოტოზე: ნინო მაღლაკელიძე
მასალის გამოყენების პირობები