"როდესაც
ევროპასთან ინტეგრაციაზე ვლაპარაკობთ, ჩვენს ბუნებრივ სხეულს
ვუბრუნდებით"
"ჩვენ ევროპული კულტურის ნაწილი ვართ, ევროპასთან ინტეგრაცია და
კულტურული მიმართულებით თანამშრომლობა ამ დიდი ერთობის ნიშანია.
როდესაც მასთან ინტეგრაციაზე ვლაპარაკობთ, ჩვენს ბუნებრივ სხეულს
ვუბრუნდებით ", - მიაჩნია კინომცოდნე ლია ლომთაძეს.
ამ ერთობას ეხმაურება საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული
ასოცირების ხელშეკრულების 362-ე მუხლი, რომელიც მხარეებს შორის
კულტურის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს ეხება.
როგორც აღმოჩნდა, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგი
გულისხმობს კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვის
ხელშეწყობის შესახებ იუნესკოს 2005 წლის კონვენციის იმპლემენტაციას.
ასევე, მოიცავს თანამშრომლობას საქართველოში ინკლუზიური კულტურული
პოლიტიკის განვითარებისა და კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის
შენარჩუნების საკითხებზე, სოციო-ეკონომიკური განვითრების ხელშეწყობის
მიზნით.
ხელშეკრულების თანახმად, მხარეები ხელს შეუწყობენ საქართველოს
კულტურის წარმომადგენლების მონაწილეობას კულტურული თანამშრომლობის
პროგრამებში. მათ შორის, Creative Europe პროგრამაში.
2015 წელი დღის წესრიგის პირველ საკითხს ანუ იუნესკოს 2005 წლის
კონვენციის იმპლემენტაციას დაეთმო. შემუშავდა სამოქმედო გეგმა და ამ
გეგმის თანახმად განხორციელდა კონკრეტული პროგრამები.
კულტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია 9 თვის შედეგებზე
მიუთითებს, სადაც აღნიშნულია ასოცირების ხელშეკრულებით
გათვალისწინებული ეროვნული სამოქმედო გეგმა, კონკრეტული პროგრამები და
ღონისძიებათა მთელი ჩამონათვალი.
მაგალითად, 2015 წელს შემუშავდა ეროვნულ უმცირესობათა კულტურის
ხელშეწყობის პროგრამა, სადაც ათობით აქტივობა განხორციელდა ეროვნული
უმცირესობების მონაწილეობით (მომზადდა მირზა ფათალი ახუნდოვის
აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის პროექტი, ბააზოვის სახელობის
ქართულ-ებრაული მუზეუმის მიერ გაკეთდა საპროექტო განაცხადი ფილმის
შექმნის შესახებ, გაიმართა ფესტივალი "ერთი ცის ქვეშ" და ა.შ.) როგორც
სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ჩანს, მოეწყო საქართველოში
ევროპის მემკვიდრეობის დღეები, ასევე, საერთაშორისო ფესტივალები და
ბაზრობები (კინოფესტივალი "ამირანი", საბავშვო ფილმების ფესტივალი
"ოქროს პეპელა", მუსიკალური, ანიმაციური კინოფესტივალები და ა.შ.)
ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა ლიტერატურული
ფორუმ-დიალოგები ქართველი და უცხოელი გამომცემლობებისთვის. გაიმართა
მთარგმნელობითი სემინარები. ქართული ლიტერატურის უცხო ენაზე თარგმნისა
და გამოცემის ხელშეწყობის ფარგლებში დაფინანსდა 50 პროექტი - 31
უცხოური ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმანი და 18 ქართული ტექსტის
უცხოური თარგმანები.
2015 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის თანახმად, განხორციელდა ქართული
სპექტაკლებისა და ფილმების მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო
ფესტივალებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არქეოლოგიური
კვლევების წარმოებას, რომელშიც ქართველებთან ერთად უცხოელი
სპეციალისტებიც ჩაერთვნენ. ჩატარდა არქეოლოგიური ექსპედიციები და
რესტავრაცია-კონსერვაციები (ძალაისას არქეოლოგიური ძეგლის
რესტავრაცია, ნოქალაქევის შესწავლა, არუხლოს ნამოსახლარის კვლევა და
სხვა.)
დოკუმენტში საუბარია მუდმივ დიალოგზე, რომელსაც მხარეები წარმართავენ
და რომელიც ეხება ევროკავშირსა და საქართველოში შემოქმედებითი
ინდუსტრიების განვითარებას.
"მხარეთა შორის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს კულტურათაშორის დიალოგს,
ევროკავშირისა და საქართველოს კულტურის სფეროსა და სამოქალაქო
საზოგადოების მონაწილეობის გზით", - აღნიშნავენ საქართველოს კულტურისა
და ძეგლთა დაცვის სამინისტროში.
თუმცა, საზოგადოების ნაწილის აზრით, კულტურა ყველაზე ფასეულია ეროვნულ
ფასეულობათა შორის, ამიტომ ამ ნაწილში ევროკავშირის განსაკუთრებულ
ჩარევებს არ მიესალმებიან.
"ევროპა ჭკუის წავლებას ცდილობს, არადა ევროპის სასწავლი არაფერი
გვჭირს, იქით ვასწავლით კულტურას", -აღნიშნა ქუთაისის ერთ -ერთი
უნივერსიტეტის ლექტორმა.
სპეციალისტები ამ მიმართებას არ იზიარებენ და მორიგი მავნე მითის
კვალიფიკაციას აძლევენ. აღნიშნავენ, რომ ევროკავშირთან ასოცირების
ხელშეკრულება ნაკლებად გულისხმობს "ჭკუის სწავლებას" და საუბარია
მხარეების თანასწორ თანამშრომლობაზე.
ბუნებრივია, ეს თანამშრომლობა გრძლდება 2016 წელსაც, რომლის სამოქმედო
გეგმის პროექტის ნაწილს წარმოადგენს მხარეების ხელსშეწყობა
საქართველოს კულტურის წარმომადგენლების მონაწილეობაზე კულტურული
თანამშრომლობის პროგრამებში მათ შორის Creative
Europe პროგრამაში. ასევე, გულისხმობს თანამშრომლობას,
საქართველოში ინკლუზიური კულტურული პოლიტიკის განვითარებისა და
კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნების საკითხებზე,
სოციო-ეკონომიკური განვითრების ხელშეწყობის მიზნით.
2016 წლის გეგმის პროექტის ძირითად სამოქმედო სფეროებს წარმოადგენს:
კულტურის სფეროში თანამშრომლობა და კულტურული გაცვლები; ხელოვნებისა
და ხელოვანთა მობილურობა, კულტურის სფეროს ინსტიტუციური გაძლიერება,
კულტურათაშორისი დიალოგი; კულტურის პოლიტიკის შესახებ დიალოგი,
თანამშრომლობა საერთაშორისო ფორუმების ფარგლებში, როგორებიცაა იუნესკო
და ევროპის საბჭო, რათა ხელი შეეწყოს კულტურულ მრავალფეროვნებას,
შენარჩუნდეს და სათანადოდ განვითარდეს კულტურული და ისტორიული
მემკვიდრეობის ღირებულებანი.
მასალის გამოყენების პირობები