კულტურა
კულტურა და პანდემია, როგორც წლის მთავარი დრამატურგი
FaceBook
2020 წელს, ისე როგორც ნებისმიერ სხვა სფეროში, კულტურაშიც მთავარი მოვლენა პანდემია იყო.

ის იყო მთავარი მხატვარი, რეჟისორი და დრამატურგი, იქამდე რეფორმატორიც და პედაგოგიც. ერთდროულად ყველა ჟანრში წარმატებით მომუშავე. პანდემია გახლდათ ყველა ფესტივალის და კონკურსის „გამარჯვებული“ - კონკურენცია ვერავინ გაუწია.

მისგან ავტორებს ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ. განსაკუთრებით სიჩუმის მრავლისმთქმელობის, გარინდებულობის პოეტიკის, სიცარიელის დრამატულობის და სასპენსის ოსტატობის.

პანდემიამ მსოფლიო ყველგან ერთნაირად მოხატა. ამით, მაგალითად, ქუთაისი და ნიუ-იორკი ერთმანეთს დაუახლოვა და დაამგვანა ლოქდაუნის დროს დაცარიელებული ქუჩებით, ცხოვრების შენელებული ტემპით. ადამიანების გამქრალი სახეებით და ბოლოს თავად გამქრალი ადამიანებითაც.

პანდემიამ მოახდინა ბევრი შედარებით "დაჩაგრული" ჟანრის რეანიმაცია. ფანტასტიკის ჟანრის რეალობად ქცევა და სამყაროს ამ ჟანრის კანონებისთვის დამორჩილება.

იმის რწმენაც გააჩინა - სამყაროში ნებისმიერი ნაფიქრი, ნაოცნებარი და წარმოდგენილი ერთ რომელიმე ათასწლეულში აუცილებლად ახდება.
ამიტომ ფრთხილი უნდა იყოს კაცობრიობა ფიქრებსა და წარმოდგენებშიც.

პანდემიამ ახალი მოთხოვნები დაუყენა ხელოვნების ბევრ დარგს.

ქუთაისში ამ მოთხოვნას უცნაურად გამოეხმაურნენ.

მაგალითად, ჩაკეტილობის მიუხედავად თითქმის ყველა თეატრმა იპოვა გამოსავალი. ისინი გარე სივრცეებს მოერგნენ.

თოჯინების თეატრმა ეზო გამოიყენა და მშვენიერი სივრცე შექმნა სპექტაკლების საჩვენებლად.

მესხიშვილის თეატრმა საერთოდ ახალი თეატრი დააფუძნა. ყოველ შემთხვევაში ახალი ადგილი მოაწყო სპექტაკლების გასამართად - ე.წ. მწვანე თეატრი. აქვე გახსნა ახალი 160-ე სეზონი.

მწვანე თეატრში გახსნა სეზონი ქუთაისის ოპერის თეატრმა. ამ სივრცეში აჩვენა სპექტაკლები იმერეთის თეატრალურმა ფესტივალმა.

ეზოები, გარე სივრცეები ახალ თეატრალურ ადგილებად აქცია ბევრმა სხვა თეატრმაც იმერეთის მასშტაბით.

თუმცა, სივრცე დარჩა სივრცედ და იგი ვერ იქცა ახალი თეატრის დაბადების ადგილად. სადაც გარემოს შესაბამისად, მორგებულ სპექტაკლებს წარმოადგენდნენ და რაღაც ახალ ფორმებს მოძებნიდნენ.

ამას გააჩნდა ობიექტური მიზეზი პანდემია, აკრძალვები,რეგულაციები, გაურკვევლობები და ამის გამო აღძრული შიშები, მაგრამ დაკარგული დრო ანაზღაურებას ითხოვს და შეჩერებული შემოქმედებითი ენერგია (თუკი ის არსებობს) გამოვლენას, ამოქმედებას. მითუმეტეს მაშინ როცა ჩაკეტილ გარემოში ღია სივრცეს პოულობ.

ამ ღიაობასა და გახსნილობაში შემოქმედებითი ენერგია კვლავ ჩაკეტილი დარჩა, სათქმელი - ( თუკი არსებობდა) უთქმელი.

ოფიციალური კულტურის მუშაკებისგან განსხვავებით, სახელოვნებო სივრცე ''აი ჭერი" სწორედ პანდემიის დროს შეეცადა მსმენელამდე მიღწევას. მათ ერთ-ერთი კორპუსის სახურავზე წარმოადგინეს ივენთი ტექსტებით, ფოტოგამოფენით, ფილმებით, ეტიუდებით, მუსიკით და მოაწყვეს დისკუსია.  როგორი შეფასებაც არ უნდა მიეცეს წარმოდგენილ ხელოვნების პროდუქტებს, ფაქტია, რომ ადამიანები არ გაჩერდნენ და არ დაელოდნენ უკეთეს დროებას, ვაქცინას, პანდემიის დასრულებას და იმ მცირე შესაძლებლობების პირობებშიც იპოვეს გზა სათქმელის გადმოსაცემად.

პანდემია გზის "მაჩვენებლად" და "ინსპირაციის წყაროდ" იქცა სხვა შემთხვევებშიც. მან მავანთათვის ხატვის, საავტორო მუსიკის წერის, ფოტოგრაფობიდან სიურრეალისტ შემოქმედად ყოფნის, ონლაინ სივრცეში გადაბარგების და ამ პლატფორმის სხვაგვარად გამოყენების სურვილი გააჩინა.

ასეთი მაგალითი შეიძლება ცოტაა და პანდემიამ იმაზე მეტი წაიღო ვიდრე მოიტანა, მაგრამ იმის რწმენა მაინც გააჩინა, რომ გლობალური ეპიდემიოლოგიური კატაკლიზმებიც ვერ ადუმებენ მუზებს.

და თუკი მუზები დუმან მხოლოდდამხოლოდ სუბიექტური მიზეზით.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული
იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.
11:29 / 12.11.2024
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.
ქუთაისელი მევიოლინე გვანცა ბუცხრიკიძე მანჰეტენის ორკესტრში
სოლისტად აირჩიეს.
09:16 / 08.11.2024

ქუთაისელი მევიოლინე გვანცა ბუცხრიკიძე მანჰეტენის ორკესტრში სოლისტად აირჩიეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.