კულტურა
მღერიან და იცინიან „ზნედაცემულები“
FaceBook

„ჭკუისა მჭირს“(ზნედაცემულები) - მესხიშვილის თეატრში  ავქსენტი ცაგარელის პიესის ამავე სახელწოდების სპექტაკლის პრემიერა გაიმართა.


ახალგაზრდა რეჟისორმა  გიგი ლორიამ ამ სპექტაკლით  ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა „გამოიყვანა“ თეატრის სცენაზე, რომელსაც ცხოვრების ავანსცენა დიდი ხანია უჭირავს, თუმცა მხატვრულ სივრცეებში ნაკლებად ხვდება.  კრედიტორები, „იპოთეკარები“, ბანკირები და მათი მევალეები -  „ჭკუისა მჭირს“ ამ ხალხზე ყვება. იმ ადამიანთა პრობლემას ეხება, რომლებიც მთელ არმიას წარმოადგენდნენ და ერთ-ერთი ყველაზე დიდი თემია 21-ე საუკუნის საქართველოში.

ამ თემს წარმომადგენლები არ აკლდნენ არც მე-19 საუკუნის საქართველოში. ალბათ ამიტომაც მიიქცია დრამატურგ ავქსენტი ცაგარელის ყურადღება და მათ პიესა მიუძღვნა, თანაც ვოდევილის ჟანრში. ამით თითქოს პუბლიკას საშუალება მისცა დაეცინა იმ ძლიერთათვის, ვინც მათ ბედს განკარგავს.

იცინიან გიგი ლორიას სპექტაკლშიც როგორც „იპოთეკით დაზარალებულები“, ისე ბანკირები. 

სპექტაკლის გმირები, რომელთა ქონება ბანკის ხელში აღმოჩნდება, ახერხებენ ამ დილემასთან გამკლავებას. თანაც იგივე გზით და იგივე „უწესო“თამაშის წესებით, რასაც ბანკები მათთან იყენებდნენ. სპექტაკლში ყველა იტყუება და თაღლითობს  - ბანკირებიც, კლიენტებიც, ბოქაულები, რიგითი მოქალაქეებიც, ცოლებიც და ქმრებიც. ეს არის ამ ხალხის საურთიერთო ენა. ყველა იმ საშუალებით ცდილობს თავის გადარჩენას, რითაც ახერხებს.

სპექტაკლს არ ყავს „დადებითი“ პერსონაჟი. აქ ყველა „ზნედაცემულია“. თუმცა სპეტაკლის ავტორებს უყვართ მათი ზნედაცემული გმირები. მათი მიდგომა ნაკლებ მძაფრი და კრიტიკულია. ამას ითხოვს ვოდევილის ჟანრიც.გიგი ლორია ჟანრის სულისკვეთებას და შესაფერ რიტმს ყველგან ინარჩუნებს.

სპექტაკლის ავტორები ვოდევილის ჟანრში აქცევენ საკმაოდ მძიმე სოციალურ პრობლემას და  ჟანრის კანონების თანახმად მღერიან, ცეკვავენ, იცინიან და აცინებენ მაყურებელს, რომელთა ნაწილს, შესაძლებელია, სწორედ ბანკებთან და იპოთეკასთან დაკავშირებული პრობლემა უდგას დღის წესრიგში.

სიცილს ყოველთვის აქვს ლეგიტიმური უფლება, ყველა სიტუაციაში იარსებოს. სამაგიეროდ, ეს უფლება ნაკლებად აქვს კლიშეებს.

სპექტაკლში სტერეოტიპების მთელი სერია შემოიტანეს. მაგალითად, ეთნიკური ებრაელი ადამიანი წუწკია, გეი კი აუცილებლად მანერული, გეისთან კამათი საშიშია, იმიტომ რომ არასამთავრობოები იცავენ და შეიძლება დაგიჭირონ და ა.შ. 

მე-19 და 21-ე საუკუნის სტერეოტიპები ებრაელებისა და განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების მიმართ სპექტაკლში ძალაში დარჩა, რომლის ავტორებმა საზოგადოებაში  არსებული მზა კლიშე აიღეს მოდელად. ნაკლებად შეეცადნენ მათ გადააზრებას, დღევანდელი გადასახედიდან მათ შეფასებას.

ავტორებისთვის, როგორც ჩანს, ეს არ არის მნიშვნელოვანი. ისინი ფოკუსს სოციალურ გასაჭირზე აკეთებენ და თანამედროვე მაყურებელს საშუალებას აძლევენ იცინონ იმაზე, რაზეც რეალურ სივრცეში დიდად არ ეცინებათ. საამისოდ ცოტა „მსუბუქად ზნედაცემული“ უნდა იყო, ისეთი როგორებიც სპექტაკლის პერსონაჟები არიან. მათ იციან, რომ სიცილს ყოველთვის აქვს არსებობის უფლება.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული
იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.
11:29 / 12.11.2024
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.
ქუთაისელი მევიოლინე გვანცა ბუცხრიკიძე მანჰეტენის ორკესტრში
სოლისტად აირჩიეს.
09:16 / 08.11.2024

ქუთაისელი მევიოლინე გვანცა ბუცხრიკიძე მანჰეტენის ორკესტრში სოლისტად აირჩიეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.