რუსმა რეჟისორმა ანდრეი ზვიაგინცევმა მის ფილმს "უსიყვარულო"
დაარქვა.
როგორც აღმოჩნდა, ავტორმა არა მხოლოდ სწორი სათაური მოუძებნა, არამედ
ზუსტი დიაგნოზიც დაუსვა იმ საზოგადოებას, იმ ქვეყანას და სამყაროს,
სადაც ცხოვრება უწევს.
ზვიაგინცევის მიხედვით "უსიყვარულობა" ყველა პრობლემის მთავარი
კერაა.
გულგრილობა, სიძულვილი, ბოღმა, ზიზღი - მხოლოდ სიმპტომები.
ზვიაგინცევმა შერბილების, თვალის არიდების, თავის მოტყუების გარეშე
აჩვენა ფილმში ნამდვილი, ავთენტური უსიყვარულობა. როგორი შეიძლება
იყოს სიყვარულიდან დაცლილი გარემო. უსიყვარულობით განმსჭვალული
რეალობა, რა ფორმა აქვს უსიყვარულობას, რა ფერი და გემო.
ეს გემო უცხო არ არის მაყურებლისთვის, თუმცა, უსიყვარულობის სრული
სურათი მაინც მძიმე საყურებელი და ემოციურად კიდევ უფრო რთულად
გადასატანი ხდება. ავტორი უსიყვარულობის უფსკრულში გჩეხავს, რა
სიღრმეშიც "საკუთარი ნებით" ვერასდროს გაბედავდი ჩასვლას.
უსიყვარულობას შეუღწევია და მყარადაც მოუკიდებია ფეხი სიყვარულის
უკანასკნელ ნავსაყუდელში - ოჯახში, მშობლებისა და მცირეწლოვანი შვილის
ურთიერთობაში. ანუ თავზარდამცემი რეალობა დამდგარა, ლამის
აპოკალიფსი.
ზვიაგინცევმა "მიაგნო" ყველა დრამის და უკათარზისო ტრაგედიის, ყველა
დეპრესიის, აშლილობის და ომის მიზეზს და ეს "მიზეზი" საკუთარ ფილმს
დაარქვა.
ქუთაისის მესხიშვილის თეატრის მცირე სცენაზე დადგმულ სპექტაკლს
"ლინეინის სილამაზის დედოფალსაც" შეიძლებოდა მეორე სათაურად ჰქონოდა
"უსიყვარულო" (რეჟისორი დავით ბახტაძე).რადგან სიყვარული ამ
სპექტაკლის გმირებისთვის ყველაზე უცხო და უადგილოა. მას არ იცნობენ და
მის შესახებ არ იციან.
მარტინ მაკდონაჰის პიესა ირლანდიის ერთ-ერთ პროვინციულ, მთიან ქალაქში
მცხოვრებ ოჯახსა და დედა-შვილის ურთიერთობაზე ყვება. უფრო ზუსტად
ურთიერთობის შეუძლებლობას აჩვენებს.
ამ ურთიერთობაში ყველაზე დიდი ერთობა- დედა-შვილის მორინ და მეგ
ფოლანების (სოფო ჩირაძე, ნანი ჟორჟოლიანი) კავშირი- იშლება. რაღაც
ფუნდამენტური ეცლება. ამ სიცარიელეს პირველივე სცენიდან ხედავს,
გრძნობს და ესმის მაყურებელს. ამ ცარიელ სივრცეში ყველაფერი შეიძლება
მოხდეს. დედამ ყველაფერი გააკეთოს რომ შვილი რაც შეიძლება მეტად
დატანჯოს, შვილმაც რაც შეიძლება მეტი აგრესია გამოავლინოს დედის
მიმართ. ერთი ფიზიკურად გაუსწორდეს მეორეს, მეორემ მორალურად.
იძალადოს პირველზე. ორივემ თავის გადარჩენის ერთადერთ გზად ერთმანეთის
განადგურება ჩათვალოს.
უსიყვარულობას კვებავს გარემოც, პოლიტიკური სიტუაცია, გამძფრებული
ნაციონალიზმი და ქსენოფონია, რომელიც ირლანდიელების
მეორეხარისხოვნებაზე პედალირებს. ყველა არაინგლისელს მეორეხარისხოვნად
აცხადებს. ეს საკუთარ თავზე იწვნია ლონდონში სამუშაოდ წასულმა
მორინმა. ამან მისი ფსიქიკა შეარყია. სიძულვილი დატოვა შინ, სიძულვილი
დახვდა გარეთ. მას ვერსად გაექცა.
მორინი შინ ბრუნდება საიმისოდ რომ გადარჩეს, მაგრამ ცარიელ, უსინათო,
უსიყვარულო გარემოში ვერ გადარჩები. ამის შეუძლებლობას ორივე დედა
-შვილი გრძნობს, მაგრამ არ მიმართავენ მთავარს და მაინც ერთმანეთის
ბრალდებებზე გადადიან. ორივე მიმართავს ყველა საშუალებას რომ
სასურველი შედეგი მიიღოს.
მორინი "სურვილს" ისრულებს-დედას კლავს. მაგრამ სიძულვილი არ
ათავისუფლებს. პირიქით კიდევ უფრო აჯაჭვავს დედას და ამ გარემოს,
საიდანაც გარბოდა, სახლი მორინს "იტოვებს". მორინი მეგის ადგილს იჭერს
, კიდევ უფრო სასტიკ "დედად" გადაქცევის პერსპექტივით.
უსიყვარულო მეგი, უსიყვარულო სილამაზის დედოფგალი მორინი. ლამაზი
მორინი. ოღონდ ეს უსიყვარულო სილამაზეა. სილამაზე, რომელიც ვერ იხსნის
სამყაროს.
მასალის გამოყენების პირობები