ქუთაისში ზაფხულის კინოჩვენებები რვა წელია იმართება.
წელს, მონ-პლაზირის თაღთან ღია ცის ქვეშ წარმოდგენილი
კინოკვირეული ქართულ კინოს დაეთმო და მისი 110 წლისთავს მიეძღვნა.
ღია ცის ქვეშ ფილმების დემონსტრირების თავდაპირველი მიზანი იმ
ვაკუუმის ამოვსება იყო, კინოთეატრის გარეშე დარჩენილ ქალაქში რომ
გაჩნდა. მაგრამ ზაფხულის კინოსეანსების ტრადიცია ვაკუუმის ამოვსებაზე
უფრო შორს წავიდა და შემეცნებითი როლი შეიძინა - ღია კინოჩვენებები
მხოლოდ კინოკლასიკას დაეთმო., ანუ იმის გარჩევას, რა არის „ნამდვილი“
კინო.
წელს კი ზაფხულის კინოჩვენებებმა სიმბოლური ფუნქციაც მიიღო.
ქართული კინოს ასათი წლისთავისადმი მიძღვნილ კვირეულს ქუთიასში იმ
ადგილას აღნიშნავენ, სადაც რამდენიმე ათეული წლის წინ პირველი
კინოჩვენება გაიმართა და 1912 წელს "აკაკის მოგზაურობის" პრემიერაც
მოეწყო. ეს ერთგვარ შეხსენებაცაა (ქუთაისი რომ ქართული კინოს აკვანია)
და პატივისცემის გამოხატვაც ქართული კინოს მამების მიმართ.
განსხვავებით გასული საუკუნის ათიანი წლებისგან, თანამედროვე ქუთაისში
ქართული კინოს პრემიერები იშვიათად ეწყობა. ქუთაისი, როგორც ზაფხულის
კინოჩვენებებზე გამოჩნდა, ის ადგილია, სადაც უკვე კლასიკად ქცეულ
ფილმებს უყურებენ, განიხილავენ და წლების გადასახედიდან აფასებენ.
წელსაც,, გასული საუკუნის 20 და 60-იანი წლებში გადაღებულ საეტაპო
ფილმებს ( "ჩემი ბებია", "ჯიმ შვანთე", იყო შაშვი მგალობელი",
"არაჩვეულებრივი გამოფენა") შეაფასებენ.
ამ სიაში ვერ მოხვდა 80-90 წლების ფილმები და ვერც თანამედროვე
ქართული კინო. როგორც ზაფხულის კინოჩვენებების პროექტის ავტორი, თამთა
თურმანიძე ამბობს, თანამედროვე ქართული კინოს ჩვენებებს სხვა კვირეულს
დაუთმობენ. გასული საუკუნის 80-90 წლების ფილმები კი „კარგი
კინოს“ კუთხით საინტერესოს ბევრს ვერაფერს თავაზობს ქართველ
მაყურებელს.
"გადავხედე ქართულ კინოს. აღმოვაჩინე, რომ "ცისფერი მთებიდან" უცებ
გადავხტით სადღაც ორიათასიანებში. უზარმაზარი ორმო არის დარჩენილი. ეს
სისტემისა და ფორმაციაის ცვლამაც გამოიწვია. ქართული კინოს ენა
ძირითადად ჩამოყალიბდა საბჭოთა კონიუნქტურის პერიოდში. ის
ალეგორიულობა, მეტაფორულობა, რომელიც დამახასიათებელია ჩვენი
კინემატორგრაფისთვის, კარგი გამოსავალი იყო იმ დროს. ახალ დროებასთან
კი ვერ ადაფტირდნენ", - ამბობს თამთა თურმანძე.
ამ ნაპრალში ჩაიკარგნენ თაობები, განულდა კინოსკოლის მიღწევები და
თანამედროვე ქართულ კინოს ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწია.
"ქართველმა რეჟისორებმა თავიდან ისწავლეს გადაღება, გარემოს შექმნა,
ფონთან, ფერთან მუშაობა, მოკლედ „კინოგრამატიკის“თავიდან ათვისება,
იდეებსა და სტილზე მუშობა წინა აქვთ, ჯერ კიდევ ასათვისებელია“, -
ამბობს თამთა თურმანიძე.
ქართველი ავტორები ენისა და სტილის ძიებაში არიან, შესაბამისად,
თანამედროვე ქართული კინოს სახეც ფრაგმენტული და გაურკვეველია.
ამ ფრაგმენტებისთვის ფორმის მიცემაში ქუთაისსაც შეუძლია თავისი
წვლილის შეტანა.
მიუხედავად იმისა,
რომ ქუთაისში არ ყოფილა კინოსტუდია და გადასაღებ პავილიონადაც
იშვიათაც იქცეოდა ქუთაისის მიდამოები, თავის დროზე მას მაინც
ბევრი რამ შესძინეს ქუთაისელმა ავტორებმა.
"გარდა იმისა, რომ ქართული კინო სათავეს ქუთაისში იღებს, ქართული
კინოსთვის სახისა და ხასიათის მიცემა ქუთაისელების დამსახურებაა: რეზო
გაბრიაძის, რეზო ჭეიშვილის. ამ ავტორებმა ძალიან გაამდიდრეს ქართული
კინო", - ამბობს თამთა თურმანიძე.
სწორედ ამ სათქმელით, სტილითა და ფორმით საინტერესო და "მდიდარი"
ქართულ ფილმების კვირეული იმართება მონ-პლაზირის ტერიტორიაზე. კარგად
რომ გამოჩნდეს, თუ რა არის „ნამდვილი“კინო. რადგან კარგი ქართული
კინოს გაგება 20 წლიან პაუზაში ჩაიკარგა. თუმცა, ამან გარკვეული
სიკეთეც გააჩინა. ქარველ კინემატოგრაფისტებს ბევრი რამის თავიდან
დაწყება მოუწია, ქართულ კინოში დრო თითქოს უკუსვლით წავიდა.
"როდესაც მსოფლიო კინოს ასი წლის იუბილეს აღნიშნავდა, რეჟისორმა ანიეს
ვარდამ "მესიე სინემა" გადაიღო, სადაც კინოს მხცოვანი ადამიანი
განასახიერებდა. რომელიც ყვებოდა იმ დიდ გზასა და გამოცდილებაზე, რაც
კინომ გამოიარა. ქართული კინო არ არის დაბერებული მუსიე სინემა. იგი
ოცი წლის ვაჟკაცია, რომელიც თავიდან იწყებს ცხოვრებას, ეძებს გზას,
იკრებს ძალას დროის მიერ გაჩენილ დიდ ნაპრალზე გადასახტომად“, -
ამბობს თამთა თურმანიძე.
მასალის გამოყენების პირობები