ფესტივალი "თეატრალური იმერეთი -2018" ქვეყანაში მიმდინარე მღელვარე
მოვლენების ფონზე გაიმართა.
მიტინგები და საპროტესტო აქციები, უსამართლო სისტემის მიერ დაჩაგრული
ადამიანები, პრობლემები სკოლაში, ძალადობა მოზარდებში, უსამართლობა
პროკურატურასა და სასამართლო სისტემაში, გამოუძიებელი მკვლელობები,
ხელისუფლების სიყრუე, რეპრესიული ნარკოპოლიტიკა, ფაშიზმი და
ჰომოფობია, მეშახტეების სიკვდილი, გაფიცული მემანქანეები, სიღარიბე და
გაჭირვება.
სამაგიეროდ, თეატრალურ ფესტივალზე სუფევდა მშვიდობა და უდრტვინველობა,
ნაკლები მგრძნობელობა და შემხებლობა გარესამყაროსთან. შეიძლება
იმიტომ, რომ, როგორც ორგანიზატორები ირწმუნებოდნენ, ფესტივალისთვის
ბევრს ლოცულობდნენ მეუფეები და მამაოები. ფესტივალის დახურვის დღესაც
დარიგდა ბევრი ხატი და კანდელი. ამიტომ, ორგანიზატორები და
მონაწილეები მიწიერმა საკითხებმა ნაკლებად შეაწუხეს.
ფესტივალზე წარმოადგინეს კლასიკოსების, ნახევრად კლასიკოსების, არც
ისე კლასიკოსების პიესები.
აჩვენეს სპექტაკლები, რომლებიც ძირითადად განყენებულ, მარადიულ
საკითხებს შეეხო, წამოსწიეს მსუბუქი თემები - "ხალხი პრობლემებზე
საუბრით დაიღალას" მძლეთამძლე მოტივით. ფესტივალმა ნაკლებად შეიმჩნია
გარესამყარო და მისი პრობლემები. ნაკლებად გამოეხმაურა სპექტაკლებით,
დრამატურგიის შერჩევით, ან კლასიკურ დრამტურგიაში სხვაგვარი
აქცენტებით.
მართალია ფესტივალში სახალხო თეატრები მონაწილეობდნენ, მათ ალბათ
განსაკუთრებულ პრეტენზიას ვერ წაუყენებ, რადგან ეს სტატუსი შეიძლება
ათავისუფლებდეს საკითხიდან - დადგმას "როგორ" განახორციელებ, მაგრამ
არ ათავისუფლებს საკითხიდან -"რას "აჩვენებ, "რაზე" გაამახვილებ
ყურადღებას, "რის" თქმას შეეცდები.
აქტუალური, როგორც ჩანს, ცუდი სიტყვაა და მას ნაკლებად მიმართავენ
ფესტივალზე. პრობლემატურობა, მტკივნეულობა კი - დამღლელი. შეიძლება
იმიტომ რომ რეალობა სავსეა ამ ტკივილებით და თეატრმა ამაზე ცოტა უნდა
ილაპარაკოს, მაყურებელს დაავიწყოს და უკანა პლანზე გადაწიოს ყოფითი
დრამები და ტრაგედიები, ის რაც 21-ე საუკუნის ადამიანებს აწუხებთ და
მოძებნოს მხოლოდ პოზიტივი.
არც ესაა შეიძლება ცუდი განზრახვა, უბრალოდ, მხოლოდ პოზიტივის ძიება
არაა თეატრის საქმე, მითუმეტეს საქართველოში.
არადა მრავალგზის გაგვიგონია, რომ თეატრი ტრიბუნაა, სინდისია, მესამე
თვალია, უფრო ზუსტად ინსტრუმენტია, რომელმაც მაყურებლის,
ხელისუფლების, საზოგადოების, ეკლესიის და სასულიერო პირების სინდისზე
უნდა იმოქმედოს. გარდა ესთეტიკური ტკბობისა, მიძინებული გამოუღვიძოს,
მიჩქმალული გამოუჩინოს და გადამალული გამოუტანოს დღის სინათლეზე.
თუმცა აღნიშნულ ფესტივალზე, სინდისი, რომელზეც ასე აპელირებდა
საქართველოს თეატრალური კავშირის თავმჯდომარე, პრაქტიკულად უსაქმოდ
იყო, სიმართლის თქმით, ან მცდელობით, მაყურებლის პროვოცირებით,
მავანის სინდისს არც ერთი სპექტაკლი არ შეეხო და არც ერთმა დადგმამ არ
ააფორიაქა. დატოვა ნეტარ კმაყოფილებაში.
მოკლედ თეატრალურ ფესტივალზე არავის აწყენინეს, არავინ ააფორიაქეს,
პრობლემები თეატრის გარე სივრცეს მიანდეს და დღესასწაული აჩვენეს,
უმეტესად - გულუბრყვილოდ დადგმული დღესასწაული.
თუმცა მაინც არასწორად ვთქვი, ფესტივალზე იყო ერთი სპექტაკლი "სამუშაო
მოხუცი ჯამბაზისთვის"(რეჟისორი მამუკა ცერცვაძე), რომელმაც მეტაფორა
შემოგვთავაზა - იგი სწორედ ამ ფესტივალს აღწერს. სპექტაკლის გმირები
უფანჯრო შენობაში არიან გამოკეტილი, გარეთ ცხოვრება მიდის და ისინი
ვერ ხედავენ, რჩებიან ამ ჩაკეტილობაში, ბოლოს ერთი მათგანი კვდება
კიდეც.
თეატრი სარკმელია, რომელმაც „გარეთ“ უნდა გაგახედოს და რაიმე
მნიშვნელოვანი დაგანახოს და იგი შეიძლება მოკვდეს ამ როლზე უარს თუ
იტყვის.
მასალის გამოყენების პირობები