კულტურა
გაიღიმეთ, ხვალ 32 მაისია
FaceBook
"გაიღიმეთ, ბატონებო, გაიღიმეთ!"- მოუწოდებს ბარონ კარლ ფრიდრიჰ იერონიმ ფონ მიუნჰაუზენი ადამიანებს.

თუმცა, გაღიმებაცაა და გაღიმებაც. მიუნჰაუზენი სამყაროს უღიმის, მისი წინააღმდეგობებით და საოცრებებით. ასეთი გაღიმება კი ყველას არ შეუძლია. ეს რომ გააკეთო უნდა გამოხვიდე მოსაწყენი, რუტინული სერიოზულობისა და "სიჭკვიანის" სივრციდან და ... სასაცილო გახდე.

ამ სამყაროს აღმოჩენას და სხვებისთვის წარდგენას შეეცადნენ მესხიშვილის თეატრში. სხვანაირად რომ ვთქვათ რეჟისორმა კოტე აბაშიძემ მაყურებლის გაღიმება სცადა. საამისოდ დადგა სპექტაკლი "მიუნჰაუზენი" (გრიგორი გორინის პიესის მიხედვით ).
მაყურებლის გაღიმების მიზანი შესანიშნავია. ისიც დასაფასებელია, რომ მიზნის მისაღწევად სპექტაკლის ავტორებმა რაიმე ცნობილ კომედიას კი არ მიმართეს,

არამედ ბარონ მიუნჰაუზენს, კაცს, რომელმაც კარგად უწყის ღიმილის ფასი.

მაყურებელიც იცნობს მიუნჰაუზენს დიდ ფანტაზიორს და ამბების შემთხზველს.

გორინი/აბაშიძის მიუნჰაუზენი უკვე სახელმოხვეჭილი პერსონაჟია, მასზე ლეგენდები დადის. ბარონს ჩატარებული აქვს ყველა მისი გმირობა და მის გარშემო არსებულ მითებთან ცხოვრება უწევს.
გრიგორი გორინი ყვება ამბავს იმაზე, თუ როგორ იქმნება მითი გმირზე, მიუნჰაუზენის პერსონაჟი ხომ ირონიაა გმირობასა და მოწიწებაზე გმირების მიმართ - მიუნჰაუზენი ძეგლს უდგამს საკუთარ თავს და მერე ამ ძეგლს თავადვე ანგრევს.

ბარონი ერთგან ამბობს, რომ მას არასდროს ეშინოდა ყოფილიყო სასაცილო, იმიტომ რომ სანამ მასზე იცინიან იგი ცოცხალია, მაგრამ როდესაც სერიოზულად მიიღეს, გააწმინდანეს, მასზე წიგნები დაწერეს - მიუნჰაუზენი მოკვდა.

ბარონი საკუთარი არჩევანით მიდის სიკვდილზე. კვდება იმისთვის, რომ ცოცხალი და მართალი დარჩეს.
სწორედ ასეთ მართალ ადამიანად გვაცნობს გორინი მის პერსონაჟს.

ავტორს სჯერა მიუნჰაუზენის, იმიტომ რომ გორინი მისი გმირივით "შეშლილია", მასაც არ ეშინია იყოს სასაცილო, დასაცინი და სწორედ ამით იგებს.
გორინი/მიუნჰაუზენიდან განსხვავებით ეს ვერ შეძლეს სპექტაკლის ავტორებმა, მათ არ ისურვეს ყოფილიყვნენ "შეშლილები" და "სასაცილონი". ბოლომდე სერიოზულები დარჩნენ. არ დაიჯერეს გიგანტური იდეების და შერეკილების, რომლებიც გაფრინდებიან მთვარეზე, იმოგზაურებენ ნახევარი ცხენით, აღმოაჩენენ და დააფუძნებენ კიდევ ერთ დღეს - 32 მაისს.

მაგრამ ამის თავად თუ არ გჯერა, ვერ დააჯერებ მაყურებელსაც, ყოველ შეთხვევაში ჩემნაირ მაყურებელს, რომელსაც მიაჩნია, რომ გიგანტური იდეები, მათ შორის დიდი სპექტაკლებიც, "შეშლილებისა" და "შერეკილების" ხელით კეთდება.

მესხიშვილის თეატრში წარმოადგინეს აკადემიური სპექტაკლი სრულიად არააკადემიურ და არასერიოზულ კაცზე. ვისთვისაც სერიოზულობა მომაკვდინებელია
"ბარონი მიუნჰაუზენი ცნობილია არა იმით, რომ მთვარეზე გაფრინდა ან არ გაფრინდა. არამედ იმით, რომ იგი არასდროს იტყუება...  მე მივხვდი რაშია თქვენი უბედურება, თქვენ მეტისმეტად სერიოზულები ხართ. ჭკვიანური სახის მიღება ეს კიდევ არ ნიშნავს ჭკუის არსებობას ბატონებო. ყველა სისულელეს დედამიწაზე სახის სწორედ ამ გამომეტყველებით აკეთებენ", - ამბობს ბარონი სპექტაკლის ბოლოს.

მიუნჰაუზენის რომ დაიჯერო უნდა გყავდეს მიუნჰაუზენი. სპექტაკლს კი არ ყავს მიუნჰაუზენი.

დავით როინიშილის მუნჰაუზენი დაღლილი გმირია, თუკი ზურა ყიფშიძის მეფე ლირის დაღლილობა კავშირში იყო პერსონაჟთან, მიუნჰაუზენის დაღლილობა შეუძლებელს ხდის ამ პერსონაჟის გაგებას და მიღებას. დაღლილი, უემოციო, უენთუზიაზმო მიუნჰაუზენი არ არსებობს. დინჯი, აკადემიური და მოდუნებული შეშლილები შთაბეჭდილებას ვერ ახდენენ.

მიუნჰაუზენის არარსებობას სცენაზე გარკვეული დოზით ავსებს აივენგო ჭელიძის სცენოგრაფია. აქ მიუნჰაუზენი ყველა ხაზში, შტრიხში და ფორმულაშია. ყველა გენიოსსა და ცნობილ ადმიანში ბარონის სახე იკვეთება. იმიტომ რომ ყველა გენიოსი და დიდი მეცნიერი კრებსითი მიუნჰაუზენია.

არადა მიუნჰაუზენი სჭირდება ქართულ,საზოგადოებას, სპექტაკლის ავტორებმა ეს სწორად დაინახეს და გაგვახსენეს მითიური გმირი, რომელიც საკუთარ გმირობას დასცინის. პერსონაჟი, რომელიც კლავს მითს საკუთარ თავზე, საიმისოდ რომ ადამიანები არ ჩაიკეტონ მითოსში, სერიოზულობაში და გაიღიმონ იმიტომ  რომ ხვალ 32 მაისია -  სამყაროს გადამრჩენი შერეკილების დღე.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
30 ნოემბერს, ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის თეატრში, ანრი ჯოხაძის
კონცერტი გაიმართება.
13:32 / 22.11.2024
30 ნოემბერს, ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის თეატრში, ანრი ჯოხაძის კონცერტი გაიმართება.
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული
იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.
11:29 / 12.11.2024
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.