მეფე ლირი რეჟისორმა ზურაბ გეწაძემ თუმანიშვილის სახელობის
კინომსახიობთა თეატრში ორი წლის წინ დადგა.
ამით კინომსახიობთა თეატრი შექსპირის დაბადებიდან 400 წლისთავს
გამოეხმაურა.
მიმძღვნელებმა, შეიძლება ითქვას, სწორი პიესა შეარჩიეს.
შექსპირის დიდ, უფრო მეტიც - დიად პიესათა შორის "მეფე ლირი" ყველაზე
სრულყოფილ ტექსტად ითვლება.
გეწაძის "მეფე ლირის" ქუთაისური პრემიერა თეატრალური კვირეულის
ფარგლებში აჩვენეს კვირეულის ერთგვარ დამასრულებელ სპექტაკლად.
"უგვირგვინოდ" დარჩენილმა ლირმა საინტერესოდ დააგვირგვინა კვირეული -
სპექტაკლის ქუთაისურმა ჩვენებამ ანშლაგით ჩაიარა.
შეიძლება შექსპირზე მეტად აქ სხვა სახელებმა, ჩვენი დროის გმირებმა
ითამაშეს გარკვეული როლი. თუმცა ეს საკმარისი არ იქნებოდა, მთელ
შემოქმედებით ჯგუფს კარგად რომ არ შეესრულებინა სხვა, უფრო
მნიშვნელოვანი როლები.
ზურაბ გეწაძემ აღნიშნა, რომ იგი საკუთარ ინტერპრეტაციას გვთავაზობს.
ამის თქმა ალბათ საჭირო არ იყო. უცნაური ის იქნებოდა, ინტერპრეტაციის
გარეშე მოეხერხებინა ვინმეს შექსპირის დადგმა. ჩვენ ყველას ხომ ჩვენი
ინტერპრეტირებული შექსპირი გვყავს. ჩვენ შექსპირს ვკითხულობთ, ჩვენსას
ვდგამთ, მერე მაყურებელიც თავის შექსპირს უყურებს და აღმოაჩენს.
მოკლედ, ყველამ თავის შექსპირს მიხედოს.
მიხედოს თავის ლირსაც. ლირს, რომელსაც სწორედ რომ მიხედვა ჭირდებოდა
და არ მიხედეს. გაბავშვებული მოხუცი მეფე გაიმეტეს და მწვერვალიდან
ფსკერზე მოისროლეს.
"მეფე ლირი" დაცემის და დაღმასვლის ტრაგედიაა. დაღმასვლის და სიგიჟის
სიდიადე. დეკრეშენდო მქუხარე სიჩუმით.
გეწაძე- ყიფშიძის მეფე ლირი (ლირს სწორედ ზურაბ ყიფშიძე
განასახიერებს) ძალაგამოცლილი ლირია. სანამ ყველასგან მიტოვებული
გახდება ყიფშიძის ლირი ყველაფრით დაღლილია. შექსპირის მიხედვით კი
ყველაფრით დაღლილებს სანატრელად სიკვდილი რჩებათ. სპექტაკლში ლირი
კვდება... ოღონდ ამბის დასაწყისში. იგი კანონიერ, "ზეცით ბოძებულ"
მეფობაზე უარს ამბობს და სანამ ცოცხალია სიკვდილს ბედავს. ბედავს
დაღლას, განდგომას, განრიდებას, საკუთარი სიდიადის დავიწყებისთვის
მიცემას, რითაც რაღაც წონასწორობას არღვევს. ირღვევა სახელმწიფო,
იშლება ურთიერთობები და თამაშში სიკვდილის წესები შემოდის. რომელიც
არავის ინდობს: არც დებს, არც ძმებს, არც მამა-შვილს, არც ცოლ- ქმარს.
აქ ყველა ურღვევი კავშირი წყდება, ყველა რგოლი ერთმანეთს სცილდება და
ნაფლეთებადღა დასთრევთ პერსონაჟებს, ზურა ყიფშიძის გმირის ფეხზე
მიბმული ჯაჭვივით.
სპექტაკლში წარმოგვიდგენენ ტრაგედიას, რომელიც ყველაფერს ეხება და
ყველაფრის ტკივილს იწვევს. ამ ტექსტს ვერასდროს გაუშინაუდები ისე, რომ
არ გატკინოს, მთელი ემოციის გამოწურვა არ მოახერხოს. მიუხედავად ამისა
მაყურებელი ამ ტკივილზე უარს ვერ ამბობს და არ ტოვებს ტკივილის ამ
ტერიტორიას. შექსპირის მიერ მოყოლილი ამ ისტორიის ყველა შეხება
ძლიერად ზემოქმედებს, იპყრობს, იწებებს მაყურებელს და ლირსთან ერთად
მიყავს დაღმართში. მის ჯოჯოხეთში. დაცემის და განადგურების
ადგილას.
როგორც ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი ამბობს "მეფე ლირი" უშეცდომო
ტრაგედიაა. აქ არაფერია დამხმარე,ზედმეტი, მეორეხარისხოვანი.
ყველაფერი მნიშვნელოვანი და ყველა როლი მთავარია. გეწაძე
იაზრებს შექსპირის ამ ტექსტის გამოჩეულობას და იცავს ზომიერებას -
ბოლომდე არ "უშინაურდება", მაგრამ არც დიდ დისტანციაზე დგება პიესის
ავტორთან, სრულყოფილ დრამატურგიაში ზედმეტი რღვევა არ შეაქვს და
ბოლომდე "უჯერებს" შექსპირს.
და სწორედ ეს "დაჯერებაა" მისი საინტერესო დამოკიდებულება და გნებავთ
ინტერპრეტაციაც.
თუმცა დრამატურგიულად სრულყოფილი ნაწარმოები თავად ბევრ, სადღეისოდ
მიღებულ კანონს არღვევს. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე
მაყურებელს ვერ მიიბამ, ვერ გააჩერებ სხვის ისტორიაში, რადგან სამ
წამზე მეტ დროს არ გიტოვებს თანამედროვე ცხოვრების ტემპი რომ ვინმე
შენი ამბით დააინტერესო, სპექტაკლმა მაყურებელი სამ სააათს გააჩერა
დარბაზში, ლირის ისტორიაში, ამ სრული თვითგანადგურების სივრცეში. იქ
სადაც სიცივე, სიმარტოვე და სიჩუმეა.
შექსპირმა/გეწაძე/ყიფშიძემ პუბლიკა აქ შემოიტყუეს, რომ მათ, სწორედ ამ
უდაბნოში განეცადათ კათარზისი.
მასალის გამოყენების პირობები