ქუთაისის ცენტრში, მონპლეზირის თაღთან კედლის მოსახატად ქუთაისის
მერია კონკურსს აცხადებს.
მონპლეზირის თაღის მიმდებარე კედლის მონაკვეთზე დედა ენის თემასთან
დაკავშირებით ახალი ნახატი უნდა განთავსდეს. მანამდე ამ კედელზე
ფრანგმა მხატვარებმა მულტიმედიური გმირი გამოსახეს მერიის მიერ
მხარდაჭერილი თანამედროვე ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში. ამავე
პროექტის ფარგლებში დაიხატა "მე შენ მიყვარხარ".
ამ თაღთან რამდენიმე სოციალური და პოლიტიკური შინაარსის სტენსილი და
ნახატიც დაიტანეს. კედელზე შესრულებული ეს ნახატები სექსუალური
შევიწროების თემას, ქუჩის ბავშვების პრობლემას და ნატოში შესვლის
საკითხებს ეხება.
ყველა ეს ნახატი და ამ ნახატებით გაჟღერებული მესიჯი მნიშვნელოვანია,
ადეკვატურია დღევანდელობასთან და პასუხობს თანამედორვეობის
გამოწვევებს. თუმცა, როგორც მხატვრების და მოქალაქეების ნაწილი
აღნიშნავს ისინი ძალიან არაადეკვატურია იმ ადგილთან სადაც
დაიხატა.
"მონ-პლეზირის თაღის ტერიტორია ისტორიული ადგილია, ეს არის ძველი
ქუთაისი თავისი აგურის კედლებით და სუროებით, ძველი აივნებით და
შუშაბანდებით. იგი მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის კინოთეატრების
ადგილიცაა. ეს ნახატები კი ამ სულისკვეთებას სრულიად აცდენილია როგორც
ფორმით ისე შინაარსით და ძალიან ცუდად მხვდება თვალში", - ამბობს
ინჟინერი ალექსანდრე ყიფიანი.
სამაგიეროდ, "თვალში ცუდად" არაფერი ხვდება სტუდენტ ნათია
გიორგაძეს.
"მონპლეზირი და ნახატები ახალი შეხვედრის ადგილია, პოპულარულია
ფოტოსესიისთვის. ახალი სახეა ქუთაისის და მე სულაც არ მაღიზიანებს,
პირიქით - ახალისებს აქაურობას", - ამბობს ნათია.
თუმცა, გახალისებასა და ფოტოსესიის ფონად ყოფნაზე უფრო მეტ მოთხოვნას
უყენებს კედლის მხატვრობას რეჟისორი ლევან ბიბილეიშვილი.
"როდესაც კედელზე იხატება ნახატი, ის, ყველაზე ცოტა კედელზე უკეთესი
მაინც უნდა იყოს. ამ შემთხევვაში მონ-პლეზირის კედლებში მეტი
სილამაზეა და იგი მეტის მთქმელია, ვიდრე ეს ნახატები. მათი ადგილი აქ
არ არის", - აღნიშნავს რეჟისორი ლევან ბიბილეიშვილი.
ისტორიულ ზონასთან სხვაგვარ დამოკიდებულებაზე საუბრობს მხატვართა
კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვალერი
მეძმარიაშვილიც.
"ეს ნახატები ამ ადგილს არ შეეფერება. ამ ადგილთან სხვაგვარი
დამოკიდებულებით უნდა ვიყოთ, რაც კეთდება სპონტანური წესით ხდება.
კომისიის წესით უნდა მოხდეს, ჩაერთონ მხატვრები, ურბანისტები და სხვა
სპეცილიასტები რომ ყველაფერი სწორად გაკეთდეს. ბევრი სხვა ადგილია და
რაღა მაინცადამაინც ცენტრში და ისტორიულ ზონაში უნდა გავაკეთოთ ასეთი
ნახატები. ტურისტი რომ ჩამოდის თვალშისაცემი არ უნდა იყოს", -
აღნიშნავს ვალერი მეძმარიაშვილი.
ამ კედელზე აპრილიდან ახალი ნახატი გაჩნდება დედა ენის თემაზე.
პროექტის ინიციატორი სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო
ადმინისტრირების სკოლაა, მხარდამჭერი ქუთაისის მერია.
"ამ კედლის შერჩევა მოხდა ნახატის შინაარსიდან გამომდინარე. ჩვენ
დავიარეთ ყველა ადგილი ქალაქის ცენტრში, სადაც ეს ნახატი შეიძლებოდა
განთავსებულიყო. აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტად სწორედ ეს ტერიტორია
შეეფერება და თანხვედრაშია დედა ენის თემატიკასთან - პირველი სკოლაა
აქვე, ასევე სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები", - ამბობს ქალაქის
ვიცე- მერი ნინო თვალთვაძე.
თუმცა, ნინო თვალთავძე იმასაც მიუთითებს, რომ აღნიშნულ ადგილას
ნახატის განთავსებაზე უარს იტყოდნენ რომ არა ძველი ნახატები.
"ეს რომ ყოფილიყო პირველი ნახატი ნამდვილად არ მივიღებდით ამ
გადაწყვეტილებას. მე პირადად ძალიან მოწინააღმდეგე ვარ ისეთ ადგილებში
ნახატის განთავსების, რაც შეიძლება კითხვის ნიშნებს ბადებდეს, მაგრამ
როგორც ხედავთ აქ უკვე საკმაოდ ბევრი ნახატი არის და მე მგონია
პირიქით მოხდება, ახალი ნახატით უკვე არსებული უფრო გალამაზდება", -
მიაჩნია ნინო თვალთვაძეს.
ქუთაისში კინოთეატრ "მონპლეზირის" ტერიტორიაზე ორი კედელი პირველად
2016 წელს მოიხატა. ფრანგი მხატვრების ვინი გრაფიტის, ალექს პერემის
და მოსკოველმა ზურა არაბიძის მიერ.
მასალის გამოყენების პირობები