კულტურა
აირჩიე სიკეთე - ბავშვები და უფროსები რ.ჯ. პალაციოს „საოცრებაზე“
FaceBook
"ჯადოსნური ლამპარი რომ მაპოვნინა და ერთი ნატვრის უფლება მომცა, ჩვეულებრივ სახეს ვინატრებდი, არავინ რომ არ მიაქცევდა ყურადღებას ისეთს. ნეტავ, ისე მატარა ქუჩაში, ყველა შემხვედრმა თვალი არ ამარიდოსმეთქი".

ასე იწყება რ.ჯ. პალაციოს წიგნი "საოცრება".

წიგნი ერთი ბიჭის, ავგუსტ პულმანის ისტორიას ყვება, რომელსაც არატიპიური გარეგნობა აქვს.

"როგორი შესახედავი ვარ არ ვიცი, მაგრამ იმაზე ცუდადაა საქმე, ვიდრე თქვენ გგონიათ“, - ამბობს ფილმის მთავარი პერსონაჟი.

წიგნმა და შემდეგ სტივენ ჩბოსკის ფილმმა დიდი ინტერესი გააჩინა ქუთაისელ მოზარდებში და ის ბოლო პერიოდის პოპულარულ საკითხავად იქცა. ავგუსტ პულმანის ამბავმა ერთნაირად მიიზიდა სხვადასხავა ასაკის ბავშვები. როგორც თავად მოზარდები მიუთითებენ, ამ ისტორიის ასეთი პოპულარობა თემამ განაპირობა - განსხვავებულის მიმღებლობა, ან მიუღებლობა, სკოლაში თავის დამკვიდრების მტკივნეული პროცესი, საკუთარი თავის შეცნობის პრობლემა.

"მიზეზი ფილმის მიმართ დიდი ინტერესისა, ჩემი აზრით, ისაა, რომ ავგუსტში ყველამ შეიძლება ვიპოვოთ ჩვენი თავი, არა თუნდაც რაღაც "ნაკლის" გამო, არამედ მაგალითად, იმ თვისებებისა, რომელიც არ მოგვწონს ჩვენს თავში და ვერაფრით ვიშორებთ. კონკრეტულად წიგნში/ფილმში დასმული პრობლემა, ურთიერთობაა განსხვავებულის მიმართ", - ამბობს მე-10 კლასელი ნანუკა შაკინოვი.

ფილმი არის იმ შიშებზე, ტკივილებზე, ოცნებებზე, რომელიც ყველა მოზარდს შეიძლება გააჩნდეს. არაიშვიათად ამ ყველაფერს ბულინგი განაპირობებს  -სასკოლო ცხოვრების ყველაზე დიდი პრობლემა. „საოცრებაში“ ბულინგის პრობლემას წყვეტენ, ამიტომ "საოცრების" მოყვარულები მას მოიხსენიებენ როგორც „საოცარ“ წიგნს/ფილმს ბულინგზე და მის დამარცხებაზე.

"შიში გაქვს იმის, რომ ვერ გაგიგებენ, ტკივილია - გაგრიყავენ და ოცნებაა მიგიღებენ ისეთს, როგორიც ხარ. ავგუსტმა ყველა ეს ბარიერი გადალახა. ანუ მან აიხდინა და განახორციელა ყველა ბავშვის ოცნება", - ამბობს მე-12 კლასის მოსწავლე ანა ლექვინაძე.

ქუთაისის სხვადასხვა სკოლებისა და ასაკის  ბავშვები საუბრობენ ფილმზე და მას ადარებენ საკუთარ სასკოლო ცხოვრებასა და გამოცდილებას. მათი თქმით, ამხანაგებმა რომ მიგიღონ, უნდა შეიცვალო და ისეთი გახდე, როგორიც უმრავლესობაა. ავგუსტი ვერ შეიცვლებოდა, იგი ამ გარეგნობის დარჩებოდა, ამიტომ უნდა შეცვლილიყო მის გარშემო გარემო, ადამიანები, რაც თითქმის უიმედოდ ჩანდა. ბავშვები მიუთითებენ მშობლებისა და მასწავლებლების სწორ მიდგომებზე და იმასაც აღნიშნავენ, რომ ეს იშვიათად ხდება მათ სასკოლო ცხოვრებაში.

„საოცრების“ შემთხევვაში უფროსები სწორ გადაწყვეტილებებს იღებენ.  ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ავგუსტს ყველა ტკივილი დაატყდა თავს, რაც ბავშვმა მის ასაკში შეიძლება თანაკლასელებიდან მიიღოს, მან ეს გადაიტანა. "საოცრება" არის ისტორია არატიპიურ ბიჭზე, რომელიც „გადარჩა“ და სხვებიც გადაარჩინა.

"ფილმი არის გადარჩენის ისტორია, მაგრამ გადარჩა არა ავგუსტი, არამედ ბავშვები, უფროსები, მათ ისწავლეს ყველაზე მთავარი, ადამიანის დანახვა", - ამბობს ერთ-ერთი მშობელი ნარგიზა თავაძე.

12 წლის კესო კუხალაშვილი ფილმისა და წიგნის მთავარ სათქმელს ერთ ფრაზაში ხედავს.

"მასწავლებელი ასეთ ფრაზას ამბობს "თუკი სიმართლესა და სიკეთეს შორის არჩევანი უნდა გააკეთო, აირჩიე - სიკეთე", ეს იყო ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი სიტყვები", - ამბობს კესო.

ქუთაისში არსებული ლიტერატურული კლუბის, "წიგნების თაობის" ხელმძღვანელი და დამფუძნებელი, სოფო საკანდელიძე "საოცრების" მნიშვნელოვან პოტენციალზე მიუთითებს.

"ეს ფილმი ყველა სკოლაში უნდა აჩვენონ და თან იგი არა მხოლოდ ბავშვებმა, არამედ, სწორედ, უფროსებმა ნახონ. წიგნი/ფილმი ზუსტად პასუხობს იმ გამოწვევებს, რის წინაშეც დგანან ბავშვები დღეს. ერთგვარ გამოსავალსაც აჩვენებს და ამაში ხელი ბავშვებს უფროსებმა უნდა შევუწყოთ", - ამბობს სოფო.

„წიგნების თაობის“ ოფისში წიგნსაც გაეცვნენ და ფილმიც ნახეს, რამაც შექმნა მსჯელობის საბაბი - საუბარი ბულინგზე მხატვრული ტექსტის გამოყენებით.

"წიგნი უკეთესია ვიდრე ფილმი. თუმცა, ფილმიც კარგად აჩვენებს ამ ისტორიას. არ მომეწონა ავგუსტის რამდენიმე კლასელის საქციელი. ისინი დასცინიან ავგუსტს, მაგრამ მოგვიანებით ხვდებიან საკუთარ დანაშაულს. მთავარი ეს არის, რომ მიხვდე დანაშაულს", - ამბობს 11 წლის დათო ბერიკიშვილი.

"ავგუსტმა ასწავლა სხვებს დაინახონ ადამიანში მისი საუკეთესო მხარე", - მიაჩნია 10 წლის ნიკა ლაბუჩიძეს.

„არ უნდა გაირიყოს ბავშვი, თუკი ის სხვებს არ გავს“, - ამბობს 9 წლის მარი აბდალაძე. 

"მე მგონი თუ ჩვეულებრივი არა ვარ, მარტო იმიტომ, რომ სხვებს არ ვგონივარ ჩვეულებრივი", ამბობს ავგუსტი. ამიტომ პრობლემა გარემოშია, კულტურაში, დადგენილ წესებში, რომელიც ჩვეულებრივის და უჩვეულოს იარლიყებს აწებებს ადამიანებს. გამორჩეულობა ისჯება, ამბობენ ბავშვები „საოცრებაზე“ საუბრისას.
თუმცა ყოველთვის არა. ადამიანები ახერხებენ მიკერებული სტატუსების და ხატების მიღმა შეამჩნიონ სიკეთეები და მათ ამის შემჩნევაში სხვა ადამიანი ეხმარება.

"გამოდის ავგუსტი მაინც არ არის „ჩვეულებრივი“ ბიჭი. როცა შეგიძლია შეცვალო გარემო შენს გარშემო, „ჩვეულებრივად“ ვერ ჩაითვლები. არაჩვეულებრივია ყველა ის, ვინც დადგენილს გადაუხვევს და უკეთეს გზას მოგაძებნინებს. სწორედ ეს არის საოცრება", - ამბობს 16 წლის ერეკლე ეგუტიძე.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული
იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.
11:29 / 12.11.2024
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.
ქუთაისელი მევიოლინე გვანცა ბუცხრიკიძე მანჰეტენის ორკესტრში
სოლისტად აირჩიეს.
09:16 / 08.11.2024

ქუთაისელი მევიოლინე გვანცა ბუცხრიკიძე მანჰეტენის ორკესტრში სოლისტად აირჩიეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.