ქართული კინო დედის სახეებით მდიდარი არაა. დედის კულტმა კინოში ფეხი
ვერ მოიკიდა.
მიუხედავად მტკიცე და საპატიო ადგილისა ენაში. მედგარი ტრადიციისა
სადღეგრძელოებში. მიუხედავად ქართლის დედის ქანდაკებისა, რომელიც
დარაჯობს ქართულ ცნობიერებას, კინომ ეს ტენდენცია არ აიტაცა.
თუმცა, ახალ ქართულ კინოს გზა დედამ "გაუკვალა".
მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ეტაპი ქართულ კინოში -სამოციანელების
მოსვლა და მათი ესთეტიკის დამკვიდრება - "მაგდანას ლურჯათი" დაიწყო -
დუდუხანა წეროძის დედის როლით.
მაგდანა ჩაგრული, თუმცა, სისტემის და უსამართლობის წინააღმდეგ
მებრძოლი ქალია. მებრძოლი, რომელიც მარცხდება. მაგდანასთან ერთად
მარცხდება და პრაქტიკულად კარგა ხნით ქრება დედის პერსონაჟიც.
"უდედობა" დიდი ხნით იკავებს ადგილს ქართულ კინოსივრცეში. იგივე
თენგიზ აბულაძის შემოქმედებაში. "სხვის შვილებში" დედას დედინაცვალი
ცვლის.
უდედობაა "ნატვრის ხეში". უდედო მარიტა სრულიად მარტოა პატრიარქალურ
გარემოში.
დედასთან ერთად მამაც ქრება "მონანიებაში" - სტალინური მანქანა ყველას
იწირავს.
ქრებიან დედები, სამაგიეროდ, ჩნდებიან ბებიები. მანანას ბებია
("მანანა") ჭრიჭინას ბებიები ("ჭრიჭინა"), ოლღა ბებია ("მე, ბებია,
ილიკო და ილარიონი"), მარიტას ბებია ("ნატვრის ხე").
ბებიას ამ როლებიდან სამ მათგანს სესილია თაყაიშვილი ასრულებს.
მსახიობს ბებიას სამი განსხვავებული ტიპაჟი შემოყავს,
დასამახსოვრებელი და საკულტო პერსონაჟები.
ქართულ კინოში დედას ასე არ გაუმართლა. მართალია, დასამახსოვრებელია
მიხეილ ჭიაურელის "ოთარაანთ ქვრივი", თუმცა, ვერიკო ანჯაფარიძის
ოთარაანთ ქვრივი ვერ იქცა კინოპერსონაჟად, ვერ "აჯობა" წიგნის გმირს,
მისი სახე-ხატი "ლიტერატურული" დარჩა.
გაცილებით საინტერესოა ვერიკო ანაჯაფარიძის დედის პერსონაჟი მიხეილ
ჭიაურელის ფილმში "რაც გინახავს ვეღარ ნახავ". მიუხედავად
ფრაგმენტულობისა და ფილმში რამდენჯერმე გაელვებისა არისტოკრატი
დედა-დიასახლისის კარიკატურული პერსონაჟი ერთ-ერთი საინტერესოა
ქართული კინოს ისტორიაში.
დედის პერსონაჟი კინოში უკვე "საქმიანი სახით" დაბრუნდა ლანა
ღოღობერიძის ფილმში "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე".
თუმცა, აქ მარტო "დედა" აღარ არის საინტერესო ავტორისთვის, მან
ქალის გმირი რამდენიმე ჰიპოსტაზით წარმოაჩინდა.
ქალი-დედა-პროფესიონალი ჟურნალისტი - ამ სახეების ჭიდილი და დრამატული
დაპირისპირება აისახა სოფიკო ჭიაურელის პერსონაჟში.
ფილმში თავს იჩენს უდედობაც, სოფიკოს დედის გადასახლება და მრავალი
წლის შემდეგ მისი დაბრუნება. დედა ბრუნდება, თუმცა, ის დიდხანს ვერ
რჩება ვერც ფილმსა და ვერც ზოგადად ქართულ კინოში.
გასული საუკუნის 90 -იან წლებში ყველა ფრაგმენტული დედის პერსონაჟი
თემურ ბაბლუანის "უძინართა მზეს" გმირმა მამამ გადაფარა. ომების,
საყოველთაო დაპირისპირებისა და კატაკლიზმების ეპოქაში ქართულმა კინომ
მამისა და შვილის ჰარმონიული ურთიერთობა აჩვენა. ამით გააგრძელა
"ჯარისკაცის მამის" ტრადიცია, როდესაც შვილების თაობა მამებს არ
უპირისპირდება.
თუმცა, განსხვავებით "ჯარისკაცის მამისგან" "უძინართა მზეში" მოდელი
იცვლება - მამა კვდება და შვილი რჩება, რაც პრინციპული და შეიძლება
ითქვას სასიკეთო ცვლილებაა.
ისევ დედებს რომ დავუბრუნდეთ, დედები 21-ე საუკუნის ქართულ კინოში
ქალი რეჟისორების ფილმებით ბრუნდებიან. მათ არსებულ რეალობასთან
კონფლიქტი აქვთ. მაგდანას მსგავსად თავისა და შვილების გადარჩენა
მარტოებს უწევთ ("ანას ცხოვრება", "გაიღიმე"). თუმცა მარტოობა რიგ
შემთხვევაში უკვე მათი არჩევანია.
გადარჩენის ამ გზაზე დედა შესაძლებელია საშიშიც გახდეს ("საშიში
დედა"), რადგან იგი მძიმე ყოფის გარდა, საკუთარ კულტსაც უნდა
დაუპირისპირდეს. ის ვალდებულებები, ის როლი დააყენოს ეჭვქვეშ, რასაც
ტრადიცია და ოჯახი აკისრებს. “დედას“ ეს დაპირისპირება შეიძლება არც
ისე კარგად გამოუვიდეს, როგორც ზემოთხსენებულ ფილმში არ გამოსდის,
თუმცა, ალბათ ჯობია საშიში იყოს, ვიდრე უსახური, შეუმჩნეველი.
ქართულ კინოს არ ყავს მისი მამა რომა, დედის პერსონაჟი, რომელიც
იქნებოდა საინტრესო და დასამახსოვრებელი.
შეიძლება ეს სულაც არაა აუცილებელი, თუმცა, მას შეეძლო ერთგვარი
წინააღმდეგობა გაეწია ქართლის დედის სტერეოტიპისთვის, რომელიც ამ
დრომდე ასე მძიმედ აწევს ქართულ ცნობიერებას.
მასალის გამოყენების პირობები