კულტურა
გმირი პიედესტალზე და „გაუპატიურებული ისტორია“ ფილმში
FaceBook
"ექვთიმე ღვთისკაცი" ასე დაასათაურა ფილმი ნიკოლოზ ხომასურიძემ, რომელსაც ორ წელზე მეტია იღებს.

ფილმი ცნობილი ქართველი მოღვაწის ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებას ეხება. იმ მძიმე ეპოქასაც ასახავს, რა პერიოდშიც "საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესს" უწევდა ცხოვრება.

ფილმში ჩნდებიან ისტორიული პერსონაჟები: ნოე ჟორდანია, ილია ჭავჭავაძე, დავით სარაჯიშვილი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, სერგო ორჯონიკიძე და ა.შ.

ამ რიგით ადამიანებში, პატიოსნებსა თუ დიდ ცოდვილებში, ექვთიმე თაყაიშვილი, როგორც ღვთისკაცი ყველასა და ყველაფერზე მაღლა დგას. პიედესტალზე დააბიჯებს, სადაც ფილმის ავტორებმა მყარად მიუჩინეს ადგილი.

არადა პიედესტალიდან უკვე დიდი ხანია ბუმბერაზების ძეგლებიც ჩამოვიდნენ და რიგით ადამიანებს გაუთანაბრდნენ. რამაც პირობა შექმნა გმირების მიმღებლობისა, უფრო მეტიც - მათი სიყვარულის შესაძლებლობა გააჩინა. რადგან მოგეხსენებათ პიედესტალი ყველა გმირს, წამებულსა და გენიოსს - ადამიანებს აცილებს, მათთან დაახლოების შესაძლებლობას ართმევს. რაც ახლოს არ არის და ძალიან მაღლაა მოწიწებას აჩენს, მაგრამ ნაკლებად გიყვარს. იგი უცხოა და დამაფრთხობელი.

ფილმში სიყვარულს მოწიწება არჩიეს, ამიტომ წაართვეს ექვთიმეს ადამიანური ბუნება, შეცდომების, ნაკლის ქონის, იუმორის უფლება და გაიმეტეს ხელოვნური ხასიათისთვის, ხელოვნური ენისთვის, პათეტიკისთვის. მოკლედ წაართვეს ყველაფერი ადამიანური და ძეგლად დატოვეს.

ექვთიმეს ფაქტორი ფილმში დიდ როლს თამაშობს, ეს ერთადერთი დიდი როლია, რაც ამ ფილმს გააჩნია. ფილმში მოცემულ დრამატურგიაში, რეჟისურაში, მსახიობთა თამაშში და ისტორიულ "სინამდვილეში" სიყალბისა და პათეტიკის გამართლება ერთ კაცს აკიდეს მხრებზე. განძზე ზრუნვათან ერთად ექვთიმეს ესეც "დაავალეს". ამდენი კი ვეღარ ზიდა.

ის, რომ ექვთიმე დიდი კაცია და მისი თავდადება და ერთგულება საარაკო, ამიტომ, მასზე შექმნილი ტექსტი თუ ფილმი, ბუნებრივია, ავტომატურად კარგი ვერ გახდება. უფრო მეტიც, დიდი შანსია კარგი არ გამოვიდეს, ავტორმა ბეწვის ხიდზე ფრთხილად თუ არ იარა. ამ ფილმში სიფრთხილე, ზომიერება, გემოვნება, კინოს ბუნება უგელებელყოფილია და მხოლოდ ექვთიმეს გარშემო არსებული მითი მუშაობს.

ფილმს არ გააჩნია ატმოსფერო, სათქმელის ადეკვატური ფონი, სადაც და რაშიც იმოძრავებდნენ ფილმის პერსონაჟები. ატმოსფერო, რომელიც უსიტყვო და ყველაზე ზუსტ ინფორმაციას იძლევა იმ ეპოქაზე და იმ მძიმე სიტუაციაზე რაშიც უწევდათ გმირებს ცხოვრება. წარსულის რესტავრაციისას ძალიან იგრძნობა გადაცმულობა და გრიმი პერსონაჟებზე, ისტორიული გარემო მეტისმეტად ცილდება ავთენტურს. ეს ხელს უშლის მაყურებელს, ექვთიმეს ეპოქაში ვერ აბრუნებს. ვერ აგრძნობინებს იმ სიმძიმეს, იმ დილემას, ტრაგიკულ არჩევანს და იმ დანაკარგს, რაც მაშინ დაკარგა ახალგაზრდა ქართულმა სახელმწიფომ.

ფილმს ბევრი რამ აკლია, სამაგიეროდ, ბლომად არის პათეტიკა და გულში მუშტის ცემა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით
ექვთიმე თაყაიშვილის დამსახურებებში ეჭვი არავის გვეპარება. თუმცა, ძალიან გვეპარება ეჭვი ისტორიულ სინამდვილეში, რა "სინამდვილესაც" ფილმში წარმოგვიდგენენ, არადა ავტორები აღნიშნავენ, რომ ფილმი ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული.

მაგალითად, ფილმის ავტორები ექვთიმეს მეუღლის ნინო პალტარაცკაიას პერსონაჟის პირით, სოციალ- დემოკრატებთან ურთიერთობას საყვედურობენ ექვთიმეს. ილიას მკვლელობის შემდეგ მათთან როგორ თანამშრობლობო, ეუბნება ნინო ექვთიმეს. გამოდის ილია სოციალ -დემოკრატებმა, ანუ იმ პარტიის ხალხმა მოკლა, რომელიც პირველი რესპუბლიკის მთავრობას წარმოადგენდა. რაც ცრუ ბრალდებაა.
რამდენადაც ცნობილია ილია ბოლშევიკმა ჯგუფისტმა წითელრაზმელებმა მოკლეს.

როგორც საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარები მიუთითებენ ექვთიმეს მთავრობასთან უთანხმოება არ ქონია. იგი დამფუძნებელ კრებაში ვიცე სპიკერი იყო და ემიგრაციაშიც თანამშრომლობდა მთავრობასთან.

თანაც ექვთიმეს ფილმში მთავრობის წევრებთან, ჟორდანიასთან და სხვებთან მუდმივად უწევს მტკიცება, რომ ისტორიული არტეფაქტები მნიშვნელოვანია და მათი გაყიდვა არ შეიძლება. მთავრობა კი მუდმივად აძალებს ამა თუ იმ მიზეზით, ესა თუ ის არტეფაქტი გაყიდოს. მკვლევარები მიუთითებენ, რომ საქმე ასე არ იდგა. საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან განძის გაყიდვაზე არასდროს ყოფილა ლაპარაკი საფრანგეთში ჩატანის შემდეგ განძის უსაფრთხოებაზე მუდმივად ზრუნავდა მთავრობა, პერიოდულად ამოწმებდა მის მდგომარეობას. განძის საკითხი, მხოლოდ შენახვის ადგილთან დაკავშირებით ისმებოდა. ყოველთვის როდესაც სამუზეუმო განძს საფრთხე ემუქრებოდა გადაჭრაში მონაწილეობდა მთავრობა და მათთან ერთად ექვთიმეც როგორც მთავრობისგან უფლებამოსილი პირი.

თუმცა, ფილმში ბრალდება მარტო მთავრობას არ რგებია. საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული 1924 წლის აჯანყების მარცხი პრაქტიკულად ერთ ჯიუტ მოხუცს, ანუ ექვთიმეს დაბრალდა. უსახსრობის გამო დავმარცხდითო ამბობენ მთავრობის წევრები,.ფული კი იმ მიზეზით არ გვქონდა, რომ ექვთიმე განძის გაყიდვის უფლებას არ იძლევაო. ეს ბრალდებაც და მარცხის ეს მიზეზიც ძალიან ცილდება სინამდვილეს.

მხატვრულ ფილმს შეიძლება არ ევალება სიზუსტეები, თუმცა არც რომელიმე პირის და ჯგუფის რადიკალურად საპირისპირო და მათთვის პრინციპულად მიუღებელ ბანაკში წარმოჩენა უნდა იყოს სწორი.

ისტორიულ ფაქტებს შეიძლება ბევრი კლასიკოსი ავტორი ცვლიდა. ალექსანდრე დიუმას მაგალითად, "ისტორიის გაუპატიურებას" აბრალებდნენ, რაზეც ავტორი პასუხობდა: გაუპატიურება დასაშვებია, თუკი ლამაზი ბავშვები გაჩნდებიან, ანუ ლამაზი წიგნები დაიბადებიანო.

ამ ფილმის შემთხვევაში ლამაზი ბავშვი არ გაჩნდა, უფრო მეტიც ბავშვი საერთოდ არ გაჩნდა.

ამ ფილმით კვლავ ჩარჩენილი ვართ საბჭოთა წარსულში, ისტორიას, პერსონაჟებს, გმირებს და ღვთისკაცებსაც იმ წერტილიდან ვუყურებთ.

საბჭოთა სინამდვილე კი ყოველთვის გამოირჩეოდა და დღემდე გამოირჩევა წარსულისა და აწმყოს "გაუპატიურების" გამანადგურებელი უნარით.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული
იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.
11:29 / 12.11.2024
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.
ქუთაისელი მევიოლინე გვანცა ბუცხრიკიძე მანჰეტენის ორკესტრში
სოლისტად აირჩიეს.
09:16 / 08.11.2024

ქუთაისელი მევიოლინე გვანცა ბუცხრიკიძე მანჰეტენის ორკესტრში სოლისტად აირჩიეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.