ქართულ კინოში სიყვარულისთვის ყოველთვის არ სცალიათ.
მოცალეობის ჟამი პერიოდულად ჩნდება. თანაც რაოდენ გასაკვირიც უნდა
იყოს ყველაზე მძიმე პერიოდებში. როგორც წესი, ავტორიტარული რეჟიმების
დროს.
ჟამიანობის ხანაში სიყვარული ყველაზე დაუმარცხებელი, მორალური და
სუფთაა. რაც უფრო ძლიერია ავტორიტარი, მით უფრო "ამაღლებულია"
სიყვარული კინოში. როგორც ქვეყანაში ისე სიყვარულში ერთმმართველობაა,
ბრძანებლობს მონოგამია და ისჯება ყველა პოლიგამი.
არადა კინოს ისტორია უიღბლო სიყვარულით დაიწყო. პირველი ქართული
მხატვრული ფილმი "ქრისტინე"(1916 წელი) სიყვარულის დრამატულ ამბავს
ყვება. უბედური ქრისტინე მოატყუეს და მიატოვეს. უიღბლობა და
სასიყვარულო ურთიერთობის ტრაგიკული ფინალი (ძირითადად ქალისთვის
უიღბლო) ტრენდი გახდა გასული საუკუნის 10-20- იანი წლების ქართულ
კინოში.
იღბალი შეყვარებულ წყვილებთან საბჭოთა ბელადებთან ერთად მოვიდა ქართულ
საბჭოთა კინოში და ათწლეულები გაგრძელდა. კადრს მიღმა ციოდა და
ბნელოდა. სამაგიეროდ, ჭარბად და გადაჭარბებულად იყო სინათლე კინოში.
თუმცა, ეროსი აქაც შერჩევით სამართალს ამკვიდრებდა და მხოლოდ ყველაზე
მორალურად მტკიცე, გამგონე და მორჩილ საბჭოთა ადამიანებს
სწყალობდა.
რეჟიმი სიყვარულით ფარავდა დიდ ტერორს და დიდ დიქტატორებს რაც მეტად
რთული გახლდათ ისტორიული დეკადა, მით უფრო დიდი იყო სიყვარული. ამ
პერიოდების ფილმებია ქეთო და კოტე (1947). ბედნიერი შეხვედრა (1949),
ჭირვეული მეზობლები (1945 წელი ), დიადი განთიადი.
ნათელი და უღრუბლო სიყვარულის ისტორიები გაგრძელდა ხრუშოვის, იგივე
"ოტეპელის" ხანაში. ფილმები "ისინი ჩამოვიდნენ მთიდან" (1954), "დღე
უკანასკნელი დღე პირველი". "კეთილი ადამიანები" (1961) სუფთა საქმისა
და პარტნიორის ერთგულ გმირებზე გვიამბობდა. უფრო მეტიც, 9 მარტს
შეიძლებოდა ახალგაზრდები დაეხვრიტათ ქუჩაში. თუმცა, კინოში "ყვავილი
თოვლზე" (1959 წელს), "თოჯინები იცინიანს" (1959 წელი) გადაიღებდნენ.
სასტიკი რეალობა დაუჯერებელ და ფანტასტიკურ გამონაგონს უნდა
გადაეფარა. თუმცა, რეალობამ მაინც გამოჟონა და ამ ეპოქაშივე ჩნდება
სიყვარულში ეჭვები. მორალური ადამიანები უკვე არ ჯილდოვდებიან
სიყვარულით (სხვისი შვილები 1958 წელი), გიორგობისთვე (1966).
სიყვარულის სრული მანიფესტი წარმოადგინა გაბრიაძე-შენგელაიას
"შერეკილებმა". ფილმმა განსაზღვრა სიყვარულის ფორმულა, დაადგინა
თეორემა ვერტიკალურ და მბრუნავ გრძნობაზე. ეროსით გაჟღინთა ყველა
დისციპლინა, ფილმის ყველა პერსონაჟი და მთელი კინორეალობა. ამ
სივრცეში სრულიად ბუნებრივი გამოჩნდა გმირების ლევიტაციის უნარები და
ცათმფრენით მოგზაურობა ყალბი საბჭოთა რეალობის თავზე.
სიყვარული რომ ყველას უნდა, უკვე საბჭოთა საქართველოშიც, ამის შესახებ
გიორგი შენგელაიამაც აცნობა მაყურებელს. მიუხედავად იმისა, რომ
საბჭოთა მოქალაქეები პირად გრძნობებს უნდა გაუმკლავდნენ, ფილმი
დაუმორჩილებლობას უცხადებს იდეოლოგიით თუ ტრადიციით ბოძებულ
სიყვარულის ამ ჩარჩოებს და თავის წესებს ადგენს.
სიყვარულის ეს სვლა წყდება 80- 90 წლებში, სიყვარული ქრება
კინოსივრციდან, ყოველ შემთხვევაში პლატონური სიყვარული, და იგი ადგილს
უთმობს ცუდად გადაღებულ ეროვნულ ეროტიკას (სიყვარული ვენახში).
სიყვარულთან ერთად ქართული კინოც ქრება კულტურული სივრციდან, ზოგიერთ
ქალაქში -კინოთეატრიც.
ორიათასიანების დასაწყისში ქართული კინო ბრუნდება - პრობლემების,
ეჭვების, სოციალური გასაჭირის და უიღბლო სიყვარულის თემებით (გაიღიმე,
შემთხვევითი პაემნები). ჩნდება მელოდრამები (ოცნების ქალაქი).
სიყვარული კინოში გაიელვებს ან საბჭოთა "რეალობის გადაფარვის"
ტრადიციით ან 90- ნების ტენდენციის - მისი თითქმის სრული
იგნორირებით.
21-ე საუკუნეში ქართულ კინოში ჯერ არ შექმნილა "სიყვარულის
მანიფესტი", საკმარისად შერეკილი არავინ აღმოჩნდა. სიყვარული მტკიცედ
მიწიერია და ძნელად ემორჩილება ლევიტაციას. თუმცა, იგი კვლავაც
ყველას უნდა.
მასალის გამოყენების პირობები